ვინ არის ბანკ Credit Suisse-ის ექსმენეჯერი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს 150 მილიონი დოლარი მოჰპარა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ბანკ Credit Suisse-ის ექსმენეჯერი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს 150 მილიონი დოლარი მოჰპარა?

შვეიცარულ გამოცემაში «Le Temps» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ომი ტოტალური იქნება", რომელიც გვაუწყებს, რომ ჟენევაში ბანკ Credit Suisse-ის ექს-მენეჯერის სასამართლო პროცესი იწყება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან 150 მილიონი დოლარი მიითვისა და გაფლანგა.

ჟენევის მართლმსაჯულების სასახლეში "საბრძოლო წრთვნები" მიმდინარეობს - ისტორიული დარბაზი დროებით სხვაგვარად მოაწყეს, რომ იქ, 15 იანვრიდან დაწყებული, "საომრად გამზადებული" ადვოკატთა არმია დაეტიოს", - წერს შვეიცარიის გაზეთის Le Temps-ის კორესპონდენტი ფატი მანსური.

"ამ მსხვილი პროცესის მოქმედი პირები არცთუ ისე ჩვეულებრივი პირები არიან, - აღნიშნავს ავტორიო, - მაგალითად, ბრალდებული პატრის ლ. დაპატიმრებამდე ბანკ Credit Suisse-ის ერთ-ერთი მაღალი დონის ხელმძღვანელი იყო. ცნობადობის თვალსაზრისით ბრალმდებულებს არც მომჩივნები არ ჩამორჩებიან: მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ქონება საბჭოთა რეჟიმის ნანგრევებზე დააგროვეს - რუსეთის ფედერაციის საბჭოს ექსსენატორი ვიტალი მალკინი და საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ეს უკანაკსკნელი, ცხადია, თავს იმდენად არ დაიმდაბლებდა, რომ თბილისიდან ჟენევაში ჩამოსულიყო". როგორც კორესპონდენტი აღნიშნავს, პატრის ლ.-ის მიერ მითვისებული თუ განკარგული თანხები კოლოსალურია, ხოლო იმ ქონების ბედი, რომელსაც სეკვესტრი აქვს დადებული, ჟენევის სისიხლის სამართლის სასამართლოსათვის დიდი თავსატეხი იქნება.

"არაფერი მიანიშნებდა იმას, რომ პატრის ლ. ფინანსური აქტივების მართვაში მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. იგი 54 წლის წინათ ქალაქ გერანდშია დაბადებული, 10 წელი მოსკოვში იმუშავა, ცოლად რუსი ქალი შეირთო და რუსული ენაც კარგად შეისწავლა. ამ გარემოებებმა და იმანაც, რომ მას საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი ჰქონდა, მას საშუალება მისცა 2004 წელს Credit Suisse-ის თანამშრომელი გამხდარიყო და რუსი კლიენტების თანხები მის ხელში ჩავარდნილიყო", - ნათქვამია სტატიაში.

სასამართლო პროცესის ზოგიერთი მხარის მიერ პატრის ლ., ალბათ, ხლართების დიდ გენიად იქნება წარმოდგენილი, რომელსაც დიდი დანაშაულებრივი ენერგია ამოძრავებდა. ზოგიერთისთვის იგი მენეჯერია, რომელსაც დამსაქმებელი არასაკმარისად აკონტროლებდა. ასეა თუ ისე, პატრის ლ. აღიარებს იმ ფაქტების არსს, რომელიც საბრალმდებლო დასკვნაშია მოცემული: თავისი მდიდარი კლიენტისაგან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან მან 150 მილიონამდე დოლარი მოხსნა ფულის გადარიცხვების, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა-გადაცემით, რათა ის დიდი ზარალი დაეფარა, რომელიც სხვა კლიენტთა ანგარიშებს მიადგა. ბრალდების ამ პირველი ნაწილის მიხედვით პატრის ლ. აღიარებს, რომ მან, ცოლის სასარგებლოდ, 3 მილიონი დოლარი უკანონოდ მიითვისა.

შვეიცარიული ბანკის ექსმენეჯერს იმაშიც სდებენ ბრალს, რომ მან გააყალბა კლიენტთა ფასიანი ქაღალდები, საკრედიტო შეთანხმებები, ინსტრუქციები და თვით ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა, მასთან ერთად კი რუსი ოლიგარქის, ბურიატეთის რესპუბლიკის ექს-სენატორისა და მეცენატის ვიტალი მალკინის საბანკო დოკუმენტებიც. იგი სასამართლო პროცესს დაესწრება და მის ჩვენება 17 იანვარს იქნება მოსმენილი.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესის სხვა მხარეები ვერაგი მენეჯერის მიერ ჩადენილ ქმედებას ფარდას ხდიან (პატრის ლ.-ს 20-მილიონიან ქონებას ყადაღა აქვს დადებული), მისი საქმე განხილვის დროს შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს. მოსარჩელეებისათვის მთავარი იმ 80 მილიონი დოლარის ბედის გაგებაა, რომელიც მდიდარი ქართველის ანგარიშიდან იქნა მოხსნილი ისე, რომ მან არაფერი იცოდა", - წერს ჟურნალისტი - "კონფისკებული იქნება ეს ფული ექსმენეჯერისგან და თუ ამ თანხას ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse დაუბრუნებს? ამგვარი სცენარის წინააღმდეგ ვიტალი მალკინი და კიდევ ხუთი რუსი მოსარჩელე გამოდის, რომელთა ანგარიშებიც დაზარალდება".

"ომი ტოტალური იქნება, შესაბამისად - ფრონტებიც ბევრი", - წერს ფატი მანსური სასამართლო პროცესის დაწყების წინ. (წყარო)

სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისთვის)