მაჩალიკაშვილის მამა: "სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს" - კვირის პალიტრა

მაჩალიკაშვილის მამა: "სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს"

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახს შეხვდა. შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლომჯარია სამართალდამცველ სტრუქტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს.

"ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გამოძიების მისამართით, რომ ჩვენ გარკვეული შუამავლის თუ ხიდის როლი შევასრულოთ, რომ მაქსიმალურად იყოს მიწოდებული ოჯახისთვის ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც შეიძლება, რადგან ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა. ვფიქრობ, გამოძიებამ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, ის კითხვები, რაც ოჯახის წევრებს უჩნდება, გვიჩნდება ჩვენც. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, თუმცა არ ვიცით, რამდენად მოგვეცემა გაცნობის საშუალება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და კიდევ ერთხელ ითხოვა, სახალხო დამცველს, კონფიდენციალურობის დაცვით, თუნდაც ადგილზე საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს.

"ოჯახმა გაიხსენა სპეცოპერაციის ღამის დეტალები. მათ აქვთ შეკითხვები თემირლანის დაჭრის საქმესთან და ასევე საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობასთან დაკავშირებით. შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას მაჩალიკაშვილები მოკლე ვადებში ითხოვენ", - განაცხადა ლომჯარიამ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა:

"მნიშვნელოვანია, მსგავსი შეხვედრები, რადგან სიმართლე უნდა გაირკვეს. ჩვენ სახალხო დამცველს დეტალურად მოვუყევით რაც მოხდა სპეცოპერაციის ღამეს. მას აინტერესებდა სპეცოპერაციის შესახებ და თემირლანის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაისაჯოს ყველა, ის ვინც დამნაშავეა. ასევე მოვითხოვთ დროულ და ობიექტურ გამოძიებას. სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს".

"ინტერპრესნიუსი"