"უმუშევარი ვარ, მეგობრებმა რაღაცა შეაგროვეს, ასე შევიტანეთ გირაო" - რას ამბობს "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულის მამა? - კვირის პალიტრა

"უმუშევარი ვარ, მეგობრებმა რაღაცა შეაგროვეს, ასე შევიტანეთ გირაო" - რას ამბობს "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულის მამა?

13 იანვარს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე კლუბ "ბასიანში" 27 წლის თამაზ ქვლივიძემ დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევი დაჭრა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. დაჭრილების სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება.

"13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი "ფეისკონტროლის" სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო", - დაწერა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თამაზ ქვლივიძე "ზარალას", იმავე გიორგი რამიშვილის მეგობრის, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია, მისი ბაბუა კი მიხეილ სააკაშვილის ნათლიაა. გამოითქმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდას სამართალდამცავ სტრუქტურებში მფარველობენ, სწორედ მამის გავლენის გამო, რაც პაატა ქვლივიძემ "პალიტრანიუსთან" საუბრისას კატეგორიულად უარყო:

პაატა ქვლივიძე: "არსად ვმუშაობ, უმუშევარი ვარ, ვმუშაობდი და გაუქმდა ჩვენი სამსახური, უკვე წელიწადნახევარია, მეგობრებმა რაღაცა შეაგროვეს, შევიტანეთ გირაო. არც ველოდით მაგ გირაოს, მაგრამ მოსამართლემაც რომ დაინახა წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და ნამდვილად აფექტში მოხდა იქ რაღაცა, ასე გადაწყვიტა. დაცვის წევრებიც, ხომ იცით, რომ წესიერად არ იქცევიან ხოლმე და ასეთი მდგომარეობის შემდეგ მოხდა ესეთი რაღაცა, იქნევდა ალბათ თავდაცვის მიზნით და მოხდა ეგ ამბავი...

გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებენ მაგ ამბავს, მე არც გამოძიებას გავექცევი და არც ჩემი შვილი გარბის არსად, ჩვეულებრივად ჩაბარდება კიდეც... არავისთვის არ მითხოვნია, არც მყავს პატრონი რომ ვიღაცები ჩამერია, ფაქტიურად მეც უმუშევარი ვარ, წერენ, რომ წილი მაქვს, რა წილი, არც ოლიგარქი ვარ, არც ოცნების წევრი ვარ. ჩემს შვილებს ვფიცავარ, განა არ მესმის, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, ყველას მოსდის რაღაც შეცდომა, ახალგაზრდებიც, იცით, როგორები არიან, ამათგან არ არის დაწყებული, არის იქიდან... ვაპატიოთ, ბიჭმა თქვა სასამართლოზე, რომ დამნაშვე ვარო, არ უნდა მომექნიაო, მთელმა თბილისმა იცის, რომ არ არის ჩემი შვილი მკვლელი, არ არის ნაძირალა და უზრდელი, უწესიერესი ბავშვია, რომელიც მუშაობდა... კლუბებშიც არ დადის, სულ არის მანდ ორჯერ ნამყოფი.

სულ კონტაქტზე ვიყავი მასთან, მაგრამ არ ვიცი დეტალურად რა მოხდა, არც ისეთი გათიშული იყო, ნასვამი იყო, ყველაფერი მოხდა წამებში, პოლიციელზეც რომ იძახიან, იქ მორიგეობს ხოლმე პოლიცია და ორ თითზე აქვს გაჭრილი მოუხვდა მოქნევის დროს, თორემ პოლიციას კი არ მოუქნია, ჯერ ერთი, ფორმას რომ დაინახავდა, გაჩერდებოდა, ფორმიანი არავინ ყოფილა იმ მომენტში იქ...." (იხილეთ ვიდეო)

პაატა ქვლივიძეს როგორც შპს "თბილგვირამშენის" ხელმძღვანელს, ქონებრივი დეკლარაცია 2016 წელს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ის დაიბადა 1969 წელს, ჰყავს მეუღლე თინათინ კვეზერელი და ორი შვილი თამაზ და თეიმურაზ ქვლივიძეები. დეკლარაციის მიხედვით, ის სხვადასხვა კომპანიის პარტნიორი გახლდათ, გთავაზობთ ამ კომპანიების ჩამონათვალს:

შპს ქვლივო, საქართველო, თბილისი, რაზმაძის 27 - პარტნიორი

შპს ვიტა სერვის თბილისი, საქართველო, თბილისი, ნ.ჟვანიას 6 ბ.13 - პარტნიორი

შპს ქართუ უნივერსალი, საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 2ჩიხი 11 - პარტნიორი

შპს ყაზბეგი +, საქართველო, თბილისი, უზნაძის ქ.N68 - პარტნიორი