სტამბოლში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, კიდევ ორს ეძებენ - კვირის პალიტრა

სტამბოლში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, კიდევ ორს ეძებენ

სტამბოლში, ესენლარის რაიონში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, კიდევ ორს კი ეძებენ.

ამის შესახებ "მილიეტი" იუწყება.

საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.

"ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 40 წლის იუველირი ეიუფ სედათ ქოჩერი და ერთ-ერთი თავდამსხმელი რაიბული აბრალავა, ხოლო კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ლევან ბელთახოძე დაიჭრა. მოგვიანებით ბელთახოძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიების პროცესში პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა ნახვის შემდეგ გაირკვა, რომ ორ შეიარაღებულ პირს კიდევ ორი ბოროტმოქმედი მოსდევდა, მაგრამ მათ მაღაზიაში შესვლა ვერ მოასწრეს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ეჭვმიტანილებმა თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწიეს, მაღაზიის მახლობლად სახლი იქირავეს და რამდენიმეჯერ მაღაზიას ინფორმაციის შეგროვების მიზნით ეწვივნენ. პოლიცია საქართველოს ორი მოქალაქის ძებნას აგრძელებს", - წერს "მილიეტი".

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"