"სოსოს 6 ტყვია ესროლეს... შესაძლოა წილების გასხვისებას უკავშირდებოდეს ეს ტრაგედია" - გენერლის მკვლელობის ვერსიები - კვირის პალიტრა

"სოსოს 6 ტყვია ესროლეს... შესაძლოა წილების გასხვისებას უკავშირდებოდეს ეს ტრაგედია" - გენერლის მკვლელობის ვერსიები

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობა ბიზნესინტერესებს უკავშირდება?

15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 5-დან 6 საათამდე შუალედში, რუსთავში თავდაცვის სამინისტროს გენერალი, "სტამბოლის ბაზრის" მეწილე სამსონ (სოსო) ქუთათელაძე მოკლეს. მას თავდამსხმელმა საკუთარ კაბინეტში მაყუჩიანი იარაღიდან 6 ტყვია ესროლა, რომელთაგან ერთი საკონტროლო იყო, რაც საფუძვლიან ვარაუდს აჩენს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. ბიზნესმენის ცხედარი კაბინეტში პირველად მისი დაცვის თანამშრომელმა ნახა.

ვინ არის სოსო  ქუთათელაძე?

სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა და 1991 წლიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა: 2001 წლამდე - საჩხერის ბატალიონში, 2001 წლიდან - ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, 2004-2006 წლებში - ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.

2008-2012 წლებში, სამსონ ქუთათელაძე საქართველოს პარლამენტის წევრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. კულუარული ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძე იმ პერიოდში სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით გახდა პარლამენტის წევრი. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაიღო გარკვეული ფინანსური დახმარება ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლის დასაარსებლად. შესაბამისად, პოლიტიკურ კულუარებში ქუთათელაძეების ოჯახისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობაზე დღესაც ბევრს ლაპარაკობენ.

ქუთათელაძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრია, მან პარტიის რიგები 2012 წელს დატოვა.

გენერალი ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. იგი ერაყში, სამშვიდობო ოპერაციებშიც მონაწილეობდა. იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ს არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება. გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

ქუთათელაძეების ოჯახს საქართველოში იცნობენ, მისი ძმა - პოლკოვნიკი ბესიკ ქუთათელაძე 1991-1992 წლებში სამხედრო გადატრიალების, მოგვიანებით თბილისში გაჩაღებული ძმათამკვლელი ომის მონაწილე იყო და 1992 წლის ზაფხულში, სპეცოპერაციის დროს, ქალაქ გორში დაიღუპა. გარდაცვლილია კიდევ ერთი ძმაც – ზურა ქუთათელაძე.

გავრცელებული ვერსიით, რუსთავში მდებარე "სტამბოლის ბაზრის" მოწილე ქუთათელაძე მისი წილის გასხვისებას აპირებდა, თუმცა უკავშირდება თუ არა მკვლელობა ამ გარიგებას, ჯერჯერობით უცნობია. ვერსიებზე საუბარი ნათესავებსაც უჭირთ, ვინაიდან მისი საქმიანობის დეტალები მათთვის უცნობია. მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზრობის თანამშრომლები ჯერ კიდევ ადგილზე იყვნენ და სავაჭრო ობიექტები ღია იყო. თუმცა გასროლის ხმა არავის გაუგონია. შენობის ექსპერტ-კრიმინალისტებმა გაარკვიეს, რომ გარეპერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერები მწყობრიდანაა გამოსული და ისინი სამართალდამცველებს არაფერს ეუბნება.

ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, სოსო ქუთათელაძე უცხო პირთან, 50 წლამდე ასაკის მამაკაცთან ერთად შევიდა შენობაში. ბაზრობის თანამშრომლები მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ.

ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს - ბაზრობის წილების გამო დავა და შურისძიება. როგორც, შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.

როგორც ამბობენ, გამოძიებას ჰყავს ეჭვმიტანილი და ამ ეტაპზე აქტიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ლაშა გაბელია, სოსო ქუთათელაძის დეიდაშვილი:

- როგორც ვიცი, სოსოს მტრები არ ჰყავდა, ძალზე უკონფლიქტო და კარგი ადამიანი იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, მის ახლობლებს არანაირი ვერსია არ გვაქვს და ვერ გეტყვით, ვის, ან რის საფუძველზე შეეძლო მკვლელობის ჩადენა. გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, საქმე გაიხსნება. მეც ის ვიცი, რომ წილების გასხვისებაზე მიდიოდა საუბარი და შესაძლოა, ამას მოჰყვა ეს ტრაგედია. სოსოს 6 ტყვია ესროლეს. ვერ გეტყვით, დაკავებულია თუ არა მკვლელი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.

პ.ს. ვრცლდება უნფორმაცია, რომ შსს-მ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან. დაკავებული მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

შეკვეთილი მკვლელობების ანატომია საქართველოში - ვინ და რა ფასად ქირაობს კილერებს?

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)