რას ამბობს შს მინისტრი "ბასიანის" საქმეში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს შს მინისტრი "ბასიანის" საქმეში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებაზე?

"იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, სადაც პოლიციელი არ და ვერ არის დაცული", - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კლუბ "ბასიანზე" მომხდარ ინციდენტში ბრალდებულისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მე არ შევაფასებდი სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუტები მუშაობენ და ყველა ინსტიტუტი ასრულებს თავის ფუნქციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და მის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ყველა - შს სამინისტროს თანამშრომლები, ხელმძღვანელობა და ასევე თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს უკომპრომისო. ასე რომ, იმ საზოგადოების, სადაც პოლციელი არ და ვერ არის დაცული, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ", - განაცხადა გახარიამ.

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"