ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენპროკურატურამ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა - კვირის პალიტრა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენპროკურატურამ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. ის სოფელ არცევის მკვიდრი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია. ამის შესახებ ე.წ. უწყების პრესსამსახური იუწყება.

"მარეკ დუდაევის მკვლელობის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლებით აღძრა. მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დანაშაულის ყველა გარემოებისა და კაზიევის ადგილსამყოფელის დასადგენად და შემდგომ მის დასაკავებლად", - განაცხადეს ე.წ. გენერალურ პროკურატურაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. "რესის" ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დე ფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"ინტერპრესნიუსი"