"რას ვხედავ, ჩემი ყოფილი ქმარი "კაიფშია", მესმოდა, როგორ ცდილობდა ბავშვი მის გამოფხიზლებას" - კვირის პალიტრა

"რას ვხედავ, ჩემი ყოფილი ქმარი "კაიფშია", მესმოდა, როგორ ცდილობდა ბავშვი მის გამოფხიზლებას"

ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ცოლები

ახალგაზრდა ქალს მამაკაცი ქუჩაში სადისტურად სცემდა, მუშტებს ურტყამდა, მიწაზე ათრევდა. ქალი მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ვერა და ვერ დაუსხლტდა ხელიდან. განწირული ხმით გამვლელებისგან შველას ითხოვდა. სამწუხაროდ, ბევრმა ისე გულგრილად ჩაუარა, რომ მსხვერპლის დაცვა მოძალადისგან არც კი უცდია. ქალმა ბრძოლის ძალაც დაკარგა და სხვების დახმარების იმედიც...

გთავაზობთ ამონარიდებს იმ ქალბატონების ინტერვიუდან, რომლებმაც სასტიკ ქმრებს თავი დააღწიეს. მათ საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად ჟურნალ "გზის" ჟურნალისტთან ისაუბრეს:

"5 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი. სიყვარულით დავქორწინდით და მეგონა, ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ 4 თვის შემდეგ, ჩვენ შორის კონფლიქტები დაიწყო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ჩემი მეუღლე ნარკომანი იყო. სულ ამ თემაზე ვჩხუბობდით. იმდენად გაუსაძლისი ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა, რომ სახლიდან მივდიოდი და ჩემს მშობლებთან ვრჩებოდი, მაგრამ როცა გამოფხიზლდებოდა, იწყებდა ხვეწნა-მუდარას, - გამოვსწორდებიო...

თავიდან ხელს ვაფარებდი, არ მინდოდა მეჩივლა, რადგან ჩემი შვილის მამა იყო. როცა სახლში შუაღამისას მომივარდებოდა და პატარის წაყვანას მოითხოვდა, პატრულს ვიძახებდი და პოლიციის ძალით ტოვებდა სახლს. დამცავი ორდერი არ გამოუწერიათ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ... იმ დღეს წაიყვანა ისევ ბავშვი. საღამოა, ჩემს შვილს სკაიპით ველაპარაკები და რას ვხედავ, ჩემი ყოფილი ქმარი "კაიფშია". მესმოდა, როგორ ცდილობდა ბავშვი მის გამოფხიზლებას. თანაც სახლში მარტო იყვნენ. ზაფხული იყო, ფანჯრები ღია ჰქონდათ...

ძალიან აგრესიული იყო, როცა კაიფში იყო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და მივედი. ბავშვი წამოვიყვანე, დამეწია და ჩხუბი დამიწყო. მერე ცემაზე გადავიდა. გამეტებით მირტყამდა მუშტებს. ეს ყველაფერი ჩემი შვილის თვალწინ ხდებოდა. მინდოდა, ბავშვი დამემშვიდებინა, მაგრამ მასთან მიახლოებაც ვერ შევძელი, რადგან დაჭერილი ვყავდი და უმოწყალოდ მირტყამდა, განსაკუთრებით - თავში. ეტყობა, სურდა, გონება დამეკარგა. ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ყველა გამვლელს დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ ჩემი დაცვა არავის უცდია. საბედნიეროდ, გოგონები გამოჩნდნენ, რომლებსაც ერთი მამაკაცი ახლდა და ისინი მაშინვე ჩემს დასახმარებლად მოვიდნენ... იმ ქალებს მინდა მივმართო, ვინც ჩემსავით ძალადობის მსხვერპლია. ნუ გაჩუმდებიან, ჩემსავით არ დაუშვან შეცდომა".

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 იანვრის ნომერში.

თეა ხურცილავა