ახალი დეტალები სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულზე - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან. დაკავებული ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა.

დაკავებული პირის, გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია ქუთათელაძის მკვლელობასთან მისი ძმის კავშირს გამორიცხავს.

როგორც მარიამ ჭანტურიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვაზნები, რომელიც მათი სახლიდან ამოიღეს, არა გიორგი ჭანტურიას, არამედ მამას ეკუთვნის, რისი ფლობის უფლებაც ჰქონდა.

"ამოღებული ვაზნები გიორგის არ ეკუთვნოდა, ის ეკუთვნოდა მამაჩემს, რომელსაც კანონიერ მფლობელობაში გააჩნდა იარაღი. გიორგი რატომ არის დაკავებული, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. ადვოკატებმაც ვერ გაიგეს, საქმის მასალებიც კი არ არის გადმოცემული. საქმის მასალებს როცა გადმოგვცემენ, მერე შევიტყობთ, ალბათ. ვაზნები მამაჩემის სახლიდან ამოიღეს", - განაცხადა ჭანტურიას დამ.

რაც შეეხება ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილს, როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, მათი ოჯახი ბაზრობის წილებს უკვე წლებია აღარ ფლობს და შესაბამისად, გიორგი ჭანტურიას აღნიშნულ ბიზნესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

"ბაზრობის წილი არ დაგვიბრუნებია. შესაბამისად, ახლა წილს არ ვფლობთ. ჩემს ძმას მეწილეებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დასრულდა. მე გამოვრიცხავ ყველანაირ კავშირს ამ მკვლელობასთან. დარწმუნებული ვარ 100%-ით ამაში", - განაცხადა ჭანტურიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა, მარიამ ჭანტურიას თქმით, ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია და ამის შესახებ არაფერი იცის.

"ინტერპრესნიუსი"