ქვლივიძის ადვოკატი:"საერთოდ არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში, რომ პოლიციელი დაჭრილია" - კვირის პალიტრა

ქვლივიძის ადვოკატი:"საერთოდ არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში, რომ პოლიციელი დაჭრილია"

ღამის კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე, პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

ამ კონტექსტში კორკოტაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის და შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებებს.

"მოსამართლეს მივმართეთ განცხადებით, რომ მოსამართლე იმყოფებოდა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ. კონკრეტულად და პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან გაკეთებული უაპელაციო განცხადებებს ვგულისხმობს. მან თქვა, ის რომ ყოფილიყო მოსამართლე, მოცემულ საქმეზე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილება დისკრედიტაციას უწევდა სასამართლოს. ეს იმ დროს ხდება, როცა დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ჩუგოშვილს წარმოდგენა არ აქვს რა წერია საქმის მასალებში. ეს არის უაპელაციო ჩარევა და პირდაპირი შანტაჟი სასამართლოსი. მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა ასეთ უაპელაციო განცხადებებს", - განაცხადა კორკოტაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში".

მისივე თქმით, საქმის მასალებში ჩვენებების გარდა, არავითარი მტკიცებულებები არ დევს, მათ შორის, არც კამერების ჩანაწერები. გარდა ამისა, ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელი, რომელიც თითქოსდა დაჭრილია, დაზარალებულად ცნობილი არ არის.

"საერთოდ არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში, რომ პოლიციელი დაჭრილია - არც სამედიცინო ცნობა, არც ექსპერტიზის დასკვნა", - აღნიშნა კორკოტაშვილმა და დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თამაზ ქვლივიძის პატიმრობა არის უკანონო.