რატომ აღარ აპირებენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას? - კვირის პალიტრა

რატომ აღარ აპირებენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას?

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევის ცხედარი პანკისის ხეობისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეობაში განუცხადეს, ისინი აღარ აპირებენ მოითხოვონ ცხედრის გადაცემა, თუმცა თუკი "ცხედარს მაინც გადასცემენ, მუსლიმური წესის შესაბამისად, მის დაკრძალვაზე უარს არ იტყვიან".

ადგილობრივების პოზიციას იზიარებს უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეც. მისი თქმით, ხეობა ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე არ აპირებს.

"პანკისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩატაევის სახელს უკავშირდება და მე, როგორც თავმჯდომარეს, სურვილი არ მაქვს მოვითხოვო ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების აქ, ხეობაში დაკრძალვა. ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ჩემი და უმრავლესობის პოზიცია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაურ გუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"უხუცესთა საბჭოს სხვა წევრებსაც დაუკაშირდა. მათი ინფორმაციით, ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან აღნიშნულ თემაზე არავინ დაკავშირებიათ და არც თვითონ აპირებენ ცხედრის გადაცემის მოთხოვნას. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ "ლიკვიდირებულების ცხედრები უსახელოთა სასაფლაოზე იყოს დაკრძალული, რადგან სპეცოპერაციიდან თითქმის ორი თვეა გასული".

როგორც ცნობილია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გასული წლის ნოემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციას შემდეგ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა, ხეობის სახელით თავდაპირველად ცხედრების გადაცემა მოითხოვა.

"ინტერპრესნიუსი"