"სტამბოლში კანონიერი ქურდების შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა" - ბელარუსში ორი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს - კვირის პალიტრა

"სტამბოლში კანონიერი ქურდების შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა" - ბელარუსში ორი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა გალსკი" და "სულიკო თბილისკი" დააკავა. ამის შესახებ ბელარუსის შსს-ს პრესსამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბელარუსის შსს-ს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მინსკის ეროვნულ აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს: 17 იანვარს - გელა ქარდავა, 18 იანვარს კი - სულიკო შარიქაძე. კრიმინალურ სამყაროში დაკავებულები "კანონიერი ქურდის" სტატუსით სარგებლობენ.

"შემოწმებისას გელა ქარდავამ მესაზღვრეებს სხვა ადამიანზე გაცემული რუსეთის მოქალაქის პასპორტი წარუდგინა. დაკითხვის დროს მან საკუთარი კრიმინალური სტატუსი დაადასტურა და განმარტა, რომ რუსეთიდან ბელარუსის გავლით სტამბოლში მიდიოდა, სადაც კანონიერი ქურდების შეკრებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

რაც შეეხება სულიკო შარიქაძეს, ის ბელარუსის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და საიმიგრაციო ბარათის გარეშე იმყოფებოდა, რითაც ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობა დაარღვია. ის ბელარუსში რუსეთიდან ავტომობილით შემოვიდა, სადაც გასული წლის 7 დეკემბრამდე იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო იხდიდა სასჯელს", - ნათქვამია ბელარუსის შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "ავთანდილ ჩიხლაძე, ცოლთან ერთად, 10 წლის ვაჟის თვალწინ მოკლეს" - "კვეჟოვიჩის" ვენდეტა

"ინტერპრესნიუსი"