პროკურატურამ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა - კვირის პალიტრა

პროკურატურამ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა

მთავარი პროკურატურა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულ საბა სამუშიას ბრალი უკვე წარედგინა.

უფრო კონკრეტულად, დაკავებულს ბრალი სამი მუხლით - 117 მუხლის პირველი ნაწილით, 118 მუხლის მესამე ნაწილით და 239 მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი.

117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 118-ე მუხლის მესამე ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პირის დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება მხოლოდ ერთი მუხლით, "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ამასთან, უწყების განმარტებით, ბრალდებული არასრულწლოვანი არაა.

გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

იხილეთ ასევე: ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მომღერალი?! - სისხლიანი დაბადების დღის დეტალები