რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით - 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი.

117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 118-ე მუხლის მესამე ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

რესტორან „აღაში“ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით სამი დღის წინ დასრულდა.

იხილეთ ასევე: "ეს დაზიანება მომადგა იმ ჩხუბის დროს" - რას ამბობს რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული?

"ინტერპრესნიუსი"