გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს

სამართალდამცავები სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში, რუსთავსა და თბილისში, განმეორებითს ჩხრეკას ატარებენ. ჩხრეკა თბილისსა და რუსთავში ერთდროულად მიმდინარეობს.

როგორც სამართალდამცავებმა რუსთავში, გიორგი ჭანტურიას სახლში შესვლამდე განაცხადეს, საცხოვრებელი ბინის განმეორებითი ჩხრეკა მოსამართლის დადგენილების საფუძველზე ხდება.

გიორგი ჭანტურიამ დღეს განაცხადა, რომ რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე და თბილისში, მცხეთის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ერთხელ უკვე ჩაატარეს და ვერაფერი კანონსაწინაამდეგო ვერ იპოვეს გარდა ვაზნებისა, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა. მისთვის გაუგებარია რაში დასჭირდა გამოძიებას ხელახალი ჩხრეკის წარმოების გადაწყვეტილების მიღება.

ამასთან, გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძესთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მასთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

"ინტერპრესნიუსი"