რატომ ჩატარდა განმეორებითი ჩხრეკა გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში? - კვირის პალიტრა

რატომ ჩატარდა განმეორებითი ჩხრეკა გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლებში?

გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში რუსთავსა და თბილისში განმეორებითი ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა. რუსთავიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა ჭანტურიების სახლი დატოვეს და სახლიდან გამოიტანეს შეფუთული ნივთები.

რაც შეეხება თბილისში ბინის ჩხრეკას, როგორც დეტექტივ-გამომძიებელმა ნუკრი მატუამ აღნიშნა, გიორგი ჭანტურიას ბინიდან კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ იტყვის, რა ნივთებზეა საუბარი.

"გიორგი ჭანტურიას ბინაში სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ რა იქნა ამოღებული", - განაცხადა დეტექტივ-გამომძიებელმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ იქნა ეს ნივთები ამოღებული პირველი ჩხრეკისას, დეტექტივმა განაცხადა, რომ პირველი ჩხრეკის დროს ამ ნივთების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით დღეს კვლავ დაიბარეს. ისინი საგამოძიებო უწყებაში საღამოს 18:00 საათამდე უნდა მივიდნენ.

გიორგი ჭანტურიას და იმედოვნებს, რომ მის ძმას ისევ არ დააკავებენ.

გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ჭანტურიას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

"ინტერპრესნიუსი"