ზვიად მესხი: "მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა, სხვა ვერ გადაურჩეს" - კვირის პალიტრა

ზვიად მესხი: "მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა, სხვა ვერ გადაურჩეს"

პაატა ქვლივიძე: "წელიწად-ნახევარია უმუშევარი ვარ. მეგობრებმა შევაგროვეთ და გირაო შევიტანეთ. მოსამართლე მიხვდა, რომ ჩემი შვილი წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და ეს გაითვალისწინა. არც მე და არც ჩემი შვილი არ გავიქცევით. არა მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია"

13 იანვარს თბილისში, წერეთლის პროსპექტზე მდებარე კლუბ "ბასიანში","27 წლის თამაზ ქვლივიძემ დაცვის ორი თანამშრომელი - "ბასიანის" დაცვის უფროსი ზვიად მესხი, დაცვის თანამშრომელი ილია კიკილაშვილი (მას ხელზე აქვს ორი ჭრილობა) და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევი დაჭრა. გამოძიების ინფორმაციით, ქვლივიძე ნასვამი იყო. მან და მისმა მეგობარმა მიხეილ სვანიძემ ფეისკონტროლი ვერ გაიარეს და დაცვამ კლუბში შესვლაზე უარი უთხრა. ქვლივიძემ "ბასიანის" დაცვის უფროსი, 5 შვილის მამა ზვიად მესხი დანით თავის არეში დაჭრა და რომ არა პოლიციელის სიმარჯვე (დანა გამოსტაცა, რა დროსაც ხელში დაიჭრა), შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა. მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა, თუმცა საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 30.000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა, სააპელაციო სასამართლომ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და თამაზ ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ ქვლივიძე "ზარალას" (გიორგი რამიშვილი) მეგობრის, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. პაატა ქვლივიძე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილგვირაბმშენის" ყოფილი დირექტორია.

მძიმე დანაშაულში ბრალდებულისთვის ნაკლებად მძიმე მუხლების წაყენებამ, შემდგომ კი მოსამართლე შონიას გადაწყვეტილებამ საზოგადოება აღაშფოთა. ითქვა, რომ პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობაში ქვლივიძის ოჯახი ჩაერია და მოსამართლემ ამიტომაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

ემზარ საბანაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის პენიტენციარული სისტემის რეფორმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ადვოკატი: - პროკურატურამ ქვლივიძეს ერთ-ერთ მუხლად 117-ე მუხლის პირველი ნაწილი წაუყენა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რაც არასწორია, ვინაიდან დაიჭრა არა ერთი, არამედ სამი კაცი, რასაც 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტი მიესადაგება (2 ან მეტი პირის სხეულის განზრახ დაზიანება). თუმცა ექსპერტიზის დასკვნამდე საქმე პირველი ნაწილით აღძრეს და ეს გასაკვირი არ არის, შესაძლებელია გამოძიების მსვლელობისას მუხლების გადაკვალიფიცირება, მაგრამ როცა გამოძიებას მძიმე მუხლით იწყებ და მერე შეამსუბუქებ, ეს უწყების მინუსია.

ქვლივიძის გარეთ დატოვება ცუდად იმოქმედებდა ძალოვანების რეპუტაციაზე. პოლიციელზე თავდასხმა თუ 30.000 ლარი ღირს, ამით მთელი სისტემის დემორალიზაცია ხდება და ის აღარ მივა მსგავს გამოძახებებზე. აშკარაა, ყველაფერი შსს-ს დისკრედიტაციისკენ მიდის.

ლაპარაკია კორუფციულ გარიგებაზეც, რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ. კარგად ვიცნობ ბადრი შონიას, ასეთ სიბინძურეში არ გაერეოდა. პროკურორმა უნდა დაასაბუთოს, რატომ ითხოვს პირის პატიმრობას. დასაბუთება მყარი თუ არ არის, მოსამართლემ შეიძლება აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოიყენოს.

ქვლივიძე გარეთ რომ დარჩენილიყო, 90-იანი წლები დაგვიდგებოდა, როდესაც კრიმინალური სამყაროს წევრები პოლიციის თანამშრომლებს ქუჩაში დასდევდნენ. ჩვენ არ გვინდა დაუცველი და შეშინებული პოლიციელი!

პაატა ქვლივიძე, ბრალდებულის მამა: "წელიწად-ნახევარია უმუშევარი ვარ. მეგობრებმა შევაგროვეთ და გირაო შევიტანეთ. მოსამართლე მიხვდა, რომ ჩემი შვილი წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და ეს გაითვალისწინა. არც მე და არც ჩემი შვილი არ გავიქცევით. არა მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია.

"თოლიაში" რაღაც წილი კი მაქვს, თუმცა ვალებისკენ მიდის ყველაფერი. მე არც ოლიგარქი ვარ, არც "ოცნების" წევრი. არ უნდა მომხდარიყო ეს, თუმცა ყველას მოსდის შეცდომა. გვაპატიონ, ვეუბნებით და შევუთვალე კიდეც. ჩემმა ბიჭმაც თქვა, დანა არ უნდა მომექნიაო, მაგრამ... არ არის ჩემი შვილი მკვლელი და ნაძირალა."

ინტერვიუზე შევთანხმდით დაზარალებულ ზვიად მესხთანაც, თუმცა მას შემდეგ, რაც კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, შეხვედრაზე უარი განაცხადა. მანამდე კი აცხადებდა: "მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა სხვა ვერ გადაურჩეს. თამაზ ქვლივიძე და მიხეილ სვანიძე ნასვამები მოვიდნენ. კლუბში შემოსვლა უნდოდათ, მაგრამ"ფეისკონტროლმა"უარი უთხრა, აშკარა იყო, რომ იქ გასართობად არ მოსულან - ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. ლანძღვა-გინება დაიწყეს, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო და სამი კაცი დაჭრეს. პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას, პატრულის ეკიპაჟი კი ცენტრალურ გზაზე მორიგეობს. პოლიციაც ჩაერია, ჩემთვის მოქნეული დანა თამაზ საველიევმა ხელით დაიჭირა და დაიჭრა".

P.S. პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები, შს მინისტრი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს...

მოსამართლე ბადრი შონიას "საქმენი საგმირონია"

მოსამართლე, რომელმაც სამი მუხლით ბრალდებული თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, ბადრი შონია გახლავთ, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ბადრი შონია მონაწილეობდა ე.წ. ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეებში. იგი ასევე გახლდათ 7 ნოემბრის საქმეზე უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის საქმეების მოსამართლე... მოსამართლე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა, თუმცა საზოგადოებას ყველაზე მძაფრად ალბათ, "ბირჟა მაფიის" საქმე გაახსენდება - მოსამართლემ ორივე ბრალდებულის მიმართ, რომელთაც პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა. თუმცა ქვლივიძის საქმის მსგავსად, შონიას გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრები გაათავისუფლა.

დაახლოებით ერთი თვის წინ კი სს საქმე, რომელზეც მოსამართლე ბადრი შონიამ ორი ადამიანი - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია რამდენიმე დღით საპატიმროში გამოკეტა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა.

ნანა ფიცხელაური