რა ვიცით ახალგორის განძეულზე, რომლის ერთი არტეფაქტის გამოც შესაძლოა ცოლ-ქმარი მოკლეს? - კვირის პალიტრა

რა ვიცით ახალგორის განძეულზე, რომლის ერთი არტეფაქტის გამოც შესაძლოა ცოლ-ქმარი მოკლეს?

"ცოლ-ქმარს ჰქონდა უძველესი ნივთი, რომელიც ახალგორის განძეულიდანაა და შეუფასებელია"

15 იანვრის ღამით, თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ცეცხლსასროლი იარაღით ცოლ-ქმარი - 66 წლის ერვანდ ტატიშვილი და 51 წლის ინგა ხუბაევა - მოკლეს. შემთხვევა ცოლ-ქმრის მინიმარკეტში მოხდა. საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა და 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით მკვლელობაში ეჭვმიტანილები არ დაუკავებიათ.

იქაურები ჰყვებიან, რომ დილის 08:30 წუთზე დისტრიბუტორმა მარკეტში პური მიიტანა. მას მაღაზიის კარი ღია დახვდა, შიგნით შესულმა კი გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ნახა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები ახალგორიდან იყვნენ და წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ. ზაჰესში საცხოვრებელი არ ჰქონდათ და მაღაზიაში ათენ-აღამებდნენ. როგორც გაირკვა, მარკეტიდან თანხა წაღებული არ არის...

"კვირის პალიტრა" შეეცადა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში გაერკვია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი.

ერთ-ერთი ვერსიით, ცოლ-ქმრის დაყაჩაღების მოტივი უძვირფასესი ნივთი იყო, რომელიც მათ ოჯახში ინახებოდა. წეროვანის დასახლების მცხოვრებლებმა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გვიამბეს:

- ერვანდისთვის ინგა მეორე ცოლია. პირველი მეუღლე ჟურნალისტი იყო და ახალგორის გაზეთში მუშაობდა. გაყრის შემდეგ ტატიშვილის პირველი ცოლ-შვილი უცხოეთში წავიდა. ერვანდი და ინგა ზაჰესში მინიმარკეტს ამუშავებდნენ და ცხოვრება არ უჭირდათ. ყაჩაღებს ფულისთვის ხელი არც უხლიათ. როგორც ამბობენ, ისინი იქ სხვა მიზნით მივიდნენ, კერძოდ, ოჯახს ჰქონია უძველესი ნივთი - ოქროს კრუხ-წიწილა, რომელიც ახალგორის განძეულიდანაა და შეუფასებელია. მოკლული ერვანდ ტატიშვილის ბაბუას უპოვია და ის ოჯახის რელიკვია იყო... წინააღმდეგობის გაწევის დროს თავდამსხმელებს ჯერ ქალი შემოაკვდათ, შემდეგ კი კაცი მოკლეს. სხვა რა შეიძლება იფიქრო, როცა მაღაზიიდან არც ფულია წაღებული, ცოლ-ქმარს არც მტრები ჰყავდა და არც არავის ვალი ჰქონიათ?

ახალგორის განძი

ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩნდა 1908 წელს ქსნის ხეობაში, სოფელ საძეგურთან (ახალგორის მუნიციპალიტეტი). ნივთები შეაგროვა და ყოფილი კავკასიის მუზეუმისათვის შეიძინა ექვთიმე თაყაიშვილმა, ახლა კი ინახება აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. ახალგორის განძში არის წარჩინებული ქალის მდიდრული სამარხეული მასალა (ცხენის აღკაზმულობა, სამკაული, ჭურჭელი, სარიტუალო ნივთები და სხვა). ნივთების დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია და მოწმობს მხატვრული ხელოსნობის განვითარების მაღალ დონეს ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში. ოქროს სამკაული ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშია. ვერცხლის ნივთებიდან აღსანიშნავია იმდროინდელ კულტურის სამყაროში გავრცელებული ომფალოსიანი ფიალები. ცხენის აღკაზმულობიდან - რახტის შესამკობი ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვანაირი ფირფიტები, ბრინჯაოს რგოლები და ლაგმები.

ნანა ფიცხელაური