"მკვლელს მოუმზადებელი არ დახვდებოდა. იარაღიც ჰქონდა, მაგრამ მოხდა რაღაც - მისთვისაც მოულოდნელი" - კვირის პალიტრა

"მკვლელს მოუმზადებელი არ დახვდებოდა. იარაღიც ჰქონდა, მაგრამ მოხდა რაღაც - მისთვისაც მოულოდნელი"

15 იანვარს რუსთავში გენერალი, შპს "ერთობის" (ე.წ. სტამბოლის ბაზრობის) მეწილე სამსონ (სოსო) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბიზნესმენის ცხედარი კაბინეტში მისი დაცვის თანამშრომელმა დაახლოებით საღამოს 5 საათზე ნახა, მკვლელობის დროდ კი 16 საათი და 40 წუთი დაფიქსირდა.

გავრცელებული ვერსიით, გენერალი ქუთათელაძე ბაზრობის წილებზე დავას შეეწირა. მკვლელობის დროს სავაჭრო ობიექტები ღია იყო, თუმცა გასროლა არავის გაუგონია. ბაზრობის თანამშრომელი გვიყვება:

"მკვლელობის დღეს, დილის საათებში, ბატონ სოსოს უცხო მელოტი მამაკაცი ესტუმრა. ამის შემდეგ ბიზნესმენი წავიდა და 3 საათზე დაბრუნდა, თანამშრომლებსაც გამოგველაპარაკა. მას მალევე მოჰყვა ორი უცხო მამაკაცი და მის კაბინეტში შევიდნენ. როდის გამოვიდნენ, არ დამინახავს. ყველაზე ბოლოს, დაახლოებით ხუთის ნახევარზე, მასთან გიორგი ჭანტურია შევიდა, ნახევარ საათში კი დაცვამ გვამი იპოვა. მკვლელმა იმით ისარგებლა, რომ ამ ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს".

ლაშა გაბელია, სოსო ქუთათელაძის დეიდაშვილი: "სოსოს მტრები არ ჰყავდა, უკონფლიქტო ადამიანი იყო. მის ახლობლებს ვერსია არ გვაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ წილების გასხვისებაზე იყო ლაპარაკი და, შესაძლოა, ტრაგედია ამას მოჰყვა".

საჯილდაო ქვა

სამსონ ქუთათელაძე შპს "ერთობის" თანამფლობელი 2016 წლიდან გახდა. კომპანიაში ის ბაზრობის 29%-ის მფლობელი იყო, 28-28%-ს ებრაელი ბიზნესმენები - უზიელ ნონი და დავით შატო (შათაშვილი) ინაწილებენ, 15%-ის მფლობელი კი რუსთავის მერიაა. "სტამბოლის ბაზრობა" ქვემო ქართლის ყველაზე დიდი ბაზრობაა, სადაც 4 000-მდე ადამიანია დასაქმებული. ბაზარი დავის საგანი 2009 წლიდან გახდა. მისი ყოფილი მფლობელები თავის დროზე წილების იძულებით წართმევაში ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორ დავით კირკიტაძეს ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ მათ, ვინც წილები ნებით არ დათმო, პროკურატურის დახმარებით საქმეები "შეუკერეს" და ციხეში გაუშვეს, მოგვიანებით კი, წილების დათმობის სანაცვლოდ, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს.

დროთა განმავლობაში, ბაზრობის მფლობელები და მეწილეები იცვლებოდნენ, ძველი მფლობელები ახლებს უპირისპირდებოდნენ და ქონების დაბრუნებას სთხოვდნენ. 2002-დან 2010 წლამდე მეწილეებს შორის იყო ზურაბ ჭანტურიაც, რომელსაც "ნაციონალებმა" დაათმობინეს ქონება. ჭანტურიას ოჯახმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წილების დაბრუნება გადაწყვიტა, საქმეც აღიძრა.

ვინ არის გიორგი ჭანტურია?

17 იანვარს სამართალდამცველებმა ზურაბ ჭანტურიას ვაჟი, გიორგი ჭანტურია დააკავეს, რომლის მიმართაც საქმე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის მუხლით აღიძრა - რუსთავში სახლის ჩხრეკისას "მაკაროვის" ტიპის იარაღის ცხრა ვაზნა ამოიღეს. გიორგი ჭანტურიას ადვოკატების თქმით, ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო და სამართალდამცველები მას გენერლის მკვლელობის აღიარებას აიძულებდნენ. თვითმხილველების თქმით, ჭანტურია მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვდა ბიზნესმენს, რასაც არც ჭანტურია უარყოფს, თუმცა მკვლელობაში მონაწილეობას გამორიცხავს.

19 იანვარს გიორგი ჭანტურია წინასწარი პატიმრობიდან ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის, ლექსო კობაიძის თქმით, ჭანტურიას ჰქონდა ალიბი, მკვლელობის დროს მამასთან ერთად ბანკში იყო.

ჭანტურიას ახლობელი: - გიორგის და ქუთათელაძეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მკვლელობის დღეს შეხვდა კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან მოკლა. თავის დროზე მამამისი ზურაბი "სტამბოლის ბაზრობის" 7,5%-ის მეწილე იყო, მაგრამ კირკიტაძემ ამოაგდო შპს "ერთობის" წილიდან. გიორგის დედა ბუღალტერი იყო და საქმე შეუთითხნეს. დედის ნაცვლად გიორგი ჩაჯდა ციხეში, ორ-სამ თვეში კი მას წილებზე უარი ათქმევინეს და საპროცესო გარიგებით გამოუშვეს. ჭანტურიები შეძლებული ოჯახია, "ქართულ ოცნებაშია" ზურაბი, ერთ-ერთი შემომწირველია. მათ სავაჭრო დახლებიც აქვთ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე...

ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაიკითხა ყველა, ვინც თავის დროზე ბაზრობის წილები დაკარგა. მათ შორის არის მეორე მოდავე დავით ბლუაშვილი, რომელიც ასევე ყოფილი მეწილის, ლიანა აბაიძის ვაჟია. ამ ქალბატონსაც იძულებით დაათმობინეს "სტამბოლის ბაზრობის" 15%-იანი წილი. მათ წინააღმდეგ სს საქმეც აღიძრა. დავითს - 10 წლით, დედამისს კი დაუსწრებლად (ის ქვეყნიდან წავიდა) 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლიანა აბაიძე ზარალის ანაზღაურებას დღემდე ითხოვს...

მკვლელობის შეფასება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილ უფროსს, კახა ჩიხლაძეს ვთხოვეთ.

- მკვლელობა კილერის ჩადენილია თუ არაპროფესიონალის, ექსპერტიზა დაადგენს. ჩემი აზრით, მკვლელმა ისარგებლა იმით, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე გათიშული იყო კამერები.

- წილებზე სამართლებრივი დავის გარდა, იყო ვერსიაც, რომ ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ, ზარალის ანაზღაურებას სთხოვდნენ...

- ვიცნობდი სოსოს, არ იყო ისეთი ადამიანი, ვინმეს ემართა, ან ფული გამოეძალა. მას საფრთხე რომ ეგრძნო, მკვლელს მოუმზადებელი არ დახვდებოდა. იარაღიც ჰქონდა და ტარების უფლებაც, მაგრამ მოხდა რაღაც, რაც მისთვისაც მოულოდნელი იყო.

- რაკი საფრთხე ვერ იგრძნო, ალბათ, არც ისეთი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მკვლელთან...

- შეიძლება ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ არ შეაფასო მისი შესაძლებლობები - ყველას ხომ არ შეუძლია კაცის მოკვლა! ჩემი აზრით, ეს იყო ემოციურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა.

- როგორც ჭანტურია ამბობს, მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ.

- რადგან გამოუშვეს, ალბათ, რაღაც არ კმარა, რომ ბრალი წაუყენონ. ამბობენ, მკვლელობის დროს ბანკში იყოო, არადა, ის მკვლელობისთვის არც დაუკავებიათ - ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ტყვიები, შემდეგ გაირკვა, რომ მამამისის იყო, თანაც - კანონიერად გაფორმებული და გაუშვეს.

- მკვლელობის გახსნა კვალის განელებისას რთულდება, მით უფრო, როცა არ არიან მოწმეები. როგორ ფიქრობთ, გაიხსნება ეს საქმე?

- მართალია, მკვლელობა ცხელ კვალზე თუ არ გაიხსნა, საქმე ჭიანურდება... მეც მქონია მკვლელობები, როცა მტკიცებულებების მოპოვებას თვეები დასჭირვებია. მკვლელი კვალს მალავს, თუმცა უჩინარი ადამიანი არ არსებობს, კვალი აუცილებლად იარსებებს და მას პოვნა უნდა. ქუთათელაძის მკვლელი ვერსად გაუჩინარდება და მას ადრე თუ გვიან იპოვიან.

სოსო ქუთათელაძე

სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა და 1991 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, სხვადასხვა თანამდებობაზე: 2001 წლამდე - საჩხერის ბატალიონში, 2001 წლიდან - ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, 2004-2006 წლებში კი ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი. საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. კულუარული ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძე იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით გახდა პარლამენტის წევრი. მან "ნაციონალური მოძრაობის" რიგები 2012 წელს დატოვა.

გენერალი ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. იგი ერაყში, სამშვიდობო ოპერაციებშიც მონაწილეობდა. იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე - საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება. გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

ნანა ფიცხელაური