ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება - რას ამბობს პროკურორი და ადვოკატი? - კვირის პალიტრა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება - რას ამბობს პროკურორი და ადვოკატი?

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან. შესავალი სიტყვების შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდება სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, სასამართლოს წარედგინება ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა.

"ბრალდების მხარე ისაუბრებს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედების თაობაზე, თუ რა გარემოებებში, რა ვითარებაში მოხდა მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთანავე, ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ. ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებებია იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა წინასასამართლო სხდომაზე. ეს მტკიცებულებები, მტკიცებულებათა ერთობლიობით იძლევა ალბათობის მაღალ შესაძლებლობას, რათა სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მხოლოდ მათ მიერაა ჩადენილი", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის ჩხუბის დროს 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა მხოლოდ იმ ორი ბრალდებულის მიერაა ჩადენილი, რომლებსაც ბრალი აქვს წაყენებული.

"ბრალდებულებს გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ 3 და 4 დეკემბერს წარედგინათ ბრალი. თუმცა მოგვიანებით სრულყოფილი გამოძიების შემდეგ, მათ 27 დეკემბერს ბრალი დაუზუსტდათ. შესაბამისად, ბრალდების მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს, ერთი გარდაცვლილის მიმართ წარდგენილი აქვთ ბრალი, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, კერძოდ განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ერთი გარდაცვლილის მიმართ, ერთ ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალი, არასრულწლოვნის მვკლელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ. საქმეში ფიგურირებს ორი დანა, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. მათზე ჩატარდა სათანადო კვლევები და წარმოდგენილია სასამართლოში. ბრალდების მხარე სასამართლო განხილვებისას დაადასტურებს, რომ მკვლელობები ამ ორი დანითაა ჩადენილი. ასევე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 25-მდე პირი, თუმცა მკვლელობა ჩაიდინეს ხსენებულმა პირებმა", - განაცხადა პროკურორმა.

მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატის, ეკატერინე მაჭარაშვილის განცხადებით, დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა და მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

"შესავალ სიტყვაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს კონსტიტუციის მეორმოცე მუხლზე, რომ მტკიცებულებები უნდა იყოს ურთიერთშეთავსებადი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ამტკიცებდეს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული. ამ ეტაპზე ეს სტანდარტი დაკმაყოფილებული არ არის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული.

"დაცვის მხარეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს გამოძიებასთან, ამიტომ დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზები, რომ ყველა ამ კითხვას, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი კითხვა გვაქვს დანებთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"