საქართველო VS რუსეთი - საქმე #3 - კვირის პალიტრა

საქართველო VS რუსეთი - საქმე #3

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა რუსეთს სტრასბურგში უჩივლა

კანჯი-ოღლი ოთხ შეიარაღებულ აფხაზთან ერთად ოთხოზორიას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაედევნა - ჯერ ფეხსა და მუცლის არეში ესროლა, წაქცეული კი საკონტროლო გასროლით მოკლა. ოთხოზორიას ექვსი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი... ეს მკვლელობა სათვალთვალო კამერებზეა აღბეჭდილი

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი რუსეთს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩივის... საჩივრის ავტორები "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი" არიან.

31 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩასთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს - ის გარდაცვლილი ნათესავის ქელეხის სუფრისთვის პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა. სოფელ ნაბაკევის მხარეს გადასულ ოთხოზორიას სეპარატისტთა ე.წ. საბაჟოზე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ბარათი მოსთხოვეს, რასაც ოთხოზორიასა და აფხაზ მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლის შორის დაპირისპირება მოჰყვა. თანმხლებმა პირებმა ოთხოზორია კონფლიქტს გამოარიდეს, თუმცა კანჯი-ოღლი ოთხ შეიარაღებულ აფხაზთან ერთად ოთხოზორიას უკვე ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაედევნა - ჯერ ფეხსა და მუცლის არეში ესროლა, წაქცეული კი საკონტროლო გასროლით მოკლა.

ოთხოზორიას ექვსი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ეს მკვლელობა სათვალთვალო კამერებზეა აღბეჭდილი.

აფხაზური რეაქცია

ამ ფაქტს აფხაზების გამოხმაურებაც მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევდა, რომ გალიდან დევნილმა ოთხოზორიამ "საზღვარი" დაარღვია და ბრძანებას არ დაემორჩილა, კანჯი-ოღლიმ კი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა, ზოგმა კი ის უღირს ადამიანად მიიჩნია, რადგან უიარაღო ადამიანს ესროლა. "ჩვენებიც გადადიან იქით შემოვლითი გზებით - ზოგი სავაჭროდ, ზოგი სამკურნალოდ ან სტუმრად და უნდა დახოცონ?!" - ჩივიან ისინი და რაშიდ კანჯი-ოღლის დაუსჯელობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

აფხაზი მესაზღვრის მომხრეთა ინფორმაციით, რაშიდ კანჯი-ოღლის ქმედება პიროვნული მოტივით იყო განპირობებული - რაშიდი "აფხაზთა ეროვნული გმირის", 90-იანი წლების ომის მონაწილე რაულ კანჯი-ოღლის შვილია: "ძნელია, რაშიდს ასეთ ვითარებაში ცივი გონებით მიდგომა მოსთხოვო... მამამისი ომის დასრულებიდან მალევე ქართველებმა გაიტაცეს და წამებით მოკლეს. შემდეგ მათ სახლ-კარი გადაუწვეს. მაშინ რაშიდი მცირეწლოვანი იყო, მაგრამ ყველაფერი ახსოვს"...

დახურული საქმე და სოხუმის "არგუმენტები"

მკვლელობის შემდეგ აფხაზურმა მხარემ გამოძიება დაიწყო და ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდა, თუმცა პროკურორ ადგუნ აგრბას განცხადებით: "საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, ქართულმა მხარემაც საჭირო მტკიცებულებები ვერ მიაწოდა"(?!), ამიტომ საქმე დაიხურა... 2017 წლის 7 მარტს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის ინტერპოლით იძებნება...

გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ სტრასბურგი მათი ერთადერთი იმედია მკვლელის დასასჯელად...

- იმედია, სტრასბურგის სასამართლო შეძლებს, რუსეთი აიძულოს, რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალეულობა გამოკვეთოს... აფხაზურმა მხარემ არც საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა - ოფიციალური თბილისი კანჯი-ოღლის გადმოცემას ითხოვდა.

თამარ აბაზაძე, საია-ს იურისტი:

- 11 იანვარს გავგზავნეთ სარჩელი სტრასბურგში. პასუხს ერთი თვის განმავლობაში ველოდებით... აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურასაც მივმართეთ - გვაინტერესებდა, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მათ და რის საფუძველზე შეწყვიტეს გამოძიება, თუმცა ჩვენი ყველა კითხვა უპასუხოდ დარჩა.

- თქვენ სტრასბურგში მუშაობის გამოცდილება გაქვთ - მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომზე 53 სარჩელი წარადგინეთ...

- ეს 53 საჩივარი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს აერთიანებს; სულ 400-მდე დაზარალებულის საქმეა შეკრებილი. ეს არის სახელმწიფოთა შორის საჩივარი, ანუ "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საქმე #2" (საქმე #1 2006 წელს რუსეთიდან ქართველების დეპორტაციას ეხება). რაც შეეხება ინდივიდუალურ საჩივრებს, სტრასბურგიდან მივიღეთ პასუხი, რომ ვიდრე სახელმწიფოთა შორის საჩივარზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ინდივიდუალური საჩივრები არ განიხილება...

სტრასბურგში გავგზავნეთ ორი დეპორტაციისა და ერთი მავთულხლართების გადმოწევით დაზარალებული 13 მოქალაქის საქმეებიც. უფრო ადრე უკანონო დეპორტაციის გამო ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ფულადი კომპენსაციაც დააკისრა, თუმცა გადაუხადა თუ არა მომჩივანთ, ამის თქმის უფლება არ მაქვს...

- არსებული ინფორმაციით, კანჯი-ოღლი იმ რეგიონს აფარებს თავს, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს... ასეთ შემთხვევაში რუსეთის პასუხისმგებლობა მეტია?

- დიახ... კანჯი-ოღლი რომ ინტერპოლით იძებნება და მის გადმოცემაზე საქართველოს უარს ეუბნებიან, ეს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა. ამასთან, რეგიონს რუსეთი აკონტროლებს, ეს კი ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა ქმედებასა თუ ნებისმიერი ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხს სწორედ რუსეთი აგებს. ამიტომ იკვეთება ამ საქმეში რუსეთის როლი. აფხაზეთში რუსეთის ეფექტიანი კონტროლი ჩვენი მტკიცებულებებით არის გამყარებული.

ლალი პაპასკირი