"ქუთათელაძის საქმეზე ბრალის წაყენების გარეშე გათავისუფლებულ ჭანტურიას სამართალდამცველები უთვალთვალებენ" - კვირის პალიტრა

"ქუთათელაძის საქმეზე ბრალის წაყენების გარეშე გათავისუფლებულ ჭანტურიას სამართალდამცველები უთვალთვალებენ"

სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და ბრალის წაყენების გარეშე გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის განცხადებით, მის ძმას და ოჯახის თითოეულ წევრს სამართალდამცველები უთვალთვალებენ, რასთან დაკავშირებითაც ოჯახი აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს და გენერალურ ინსპექციას.

"24 საათის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობს. მარტო გიორგის კი არა, ოჯახის თითოეულ წევრზე. სამართალდამცავების მხრიდან ჩვენი ყველა ნაბიჯი კონტროლდება. როცა ვკითხე, რატომ მითვალთვალებთ და რისთვის დგახართ აქ-თქო, მაშინვე წავიდა. თვალთვალთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავთ გენინსპექციას და სახალხო დამცველს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარიამ ჭანტურიამ.

მანვე უარყო შპს "ერთობის" დირექტორის, მამუკა ცხოვრებაძის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება, თითქოს გიორგი ჭანტურიას კონფლიქტი და დაპირისპირება ჰქონდა სამსონ ქუთათელაძესთან.

"მამუკა ცხოვრებაძის განცხადებები არის სიცრუე. რეალურად გიორგის კი არა, ცხოვრებაძეს ჰქონდა დაპირისპირება ქუთათელაძესთან. მანამდე, სანამ გამოძიება არ დაადგენს შესაძლო დამნაშავეს, ჩვენ ამ თემაზე საერთოდ არ ვაპირებთ საუბარს, თუმცა რეალურად არსებობდა დაპირისპირება ცხოვრებაძესა და აწ გარდაცვლილს შორის", -განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

"ინტერპრესნიუსი"