"არ შეიძლება ინვესტორებს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ვუგოროთ კოჭი" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ინვესტორებს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ვუგოროთ კოჭი"

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის აფეთქებისას, დაშავებული ერთ-ერთი მუშის - 61 წლის დავით მელქაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. ის ხაშურის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს. ექიმ, მიხეილ ლოლაძის ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ასევე ნეკნებისა და კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, მშენებლობაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მუშების გაფიცვა მიმდინარეობდა აფეთქება 22 იანვარს მოხდა, რის შედეგად მელქაძესთან ერთად კიდევ ორი მუშა - 58 წლის ფირუზ გოგნაძე და 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილი დაშავდა. მათ ხერხემლისა და ზურგის ტრამვები მიიღეს.

ინციდენტის შემსწრეთა განცხადებით, უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული და მუშები აფეთქების შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებული, ამასვე ამბობენ პროფკავშირის წარმომადგენლებიც.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციითაც, გვირაბის აფეთქების შესახებ მუშებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ადგილობრივი დასაქმებულის ცნობით: გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება, როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც, ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ", - ნათქვამია პროფავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თქმით, ობიექტი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული 15 იანვარს გაიფიცა, ხოლო 18 იანვარს მუშებმა სამუშაობი განაახლეს. გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან (ჩინური) სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

მომხდარის გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საინტერესოა, რომ ამ ცოტა ხნის გამოქვეყნებულ "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის საქართველოს ნაწილში მოხვდა შრომის უსაფრთხოების საკითხიც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. უბედური შემთხვევა მშენებლობაზე ამ ორიოდე დღის წინაც მოხდა, რასაც მუშა ემსხვერპლა.

სანდრო თვალჭრელიძე:

- ჩვენთან ვერა და ვერ შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი სამსახური: დასაქმების სააგენტო და შრომის ქმედითი ინსპექცია. ეს ორგანიზაცია აუცილებლად დამოუკიდებელი უნდა იყოს და არაფრით არ უნდა შედიოდეს ჯანდაცვის სტრუქტურაში. ხელისუფლებას რატომღაც ეშინია ინვესტორებთან, განსაკუთრებით კი შინაურ ინვესტორებთან ლაპარაკი. არადა, სახელმწიფო ძალიან ხისტად უნდა მოეკიდოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

- "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა: "ჩვენ იმ სტანდარტებს ვერ დავაწესებთ, რაც ევროპის ქვეყნებშია, რადგან, თუ ეს ბიზნესისთვის ზედმეტად ხარჯტევადი იქნება, უბრალოდ, არ გვექნება სამუშაო ადგილები".

- დიდ პატივს ვცემ აკაკი ზოიძეს, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები. ჩვენ ისეთივე შრომის უსაფრთხოების კრიტერიუმები უნდა გვქონდეს, როგორიც მსოფლიოშია. არსებობს სპეციალური ნორმები, რაც საქართველოშიც უნდა დაინერგოს. არაფრით არ შეიძლება ინვესტორებს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ვუგოროთ კოჭი. ადამიანის სიცოცხლე და მისი უსაფრთხოება უზენაესი უნდა იყოს ქვეყანაში. ბოლო ხანს რომ ვაკვირდები, განსაკუთრებულად ითვალისწინებენ ჩინელი ინვესტორების ინტერესებს, არ არის საჭირო მათთან კოჭის გორება, თუ არ მოუნდებთა ჩვენს მერ შეთავზებული პირობებით მუშაობა, შეუძლიათ მიბრძანდნენ, მათ ადგილას აუცილებლად გამოჩნდებიან სხვები. (იხილეთ სრულად)

ნათია დოლიძე