"არ არის გამორიცხული ფინანსური დაინტერესებაც ყოფილიყო" - ვინ არის ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი? - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული ფინანსური დაინტერესებაც ყოფილიყო" - ვინ არის ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი?

22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად,ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის თქმით, ბერძენიშვილი ეთნიკური ქართველი მართლმადიდებელია.

"რამდენდაც მე ვიცი, ის არასდროს ყოფილა შემჩნეული ხალიფატის იდეების მხარდაჭერაში... ანატოლი ბერძენიშვილის მოტივაცია რა იყო, თუ ის მართლაც არის მონაწილე ე.წ ჩატაევის საქმის, ჩემთვის გაუგებარია. შეიძლება ის მეგობრობდა უკვე დაკავებულ ადამიანებთან, არ არის გამორიცხული ფინანსური დაინტერესებაც ყოფილიყო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია", - ამბობს ნინო ბურჭულაძე.

იხილეთ ასევე: ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს - ვინ არის ზურაბ იდოიძე, მეტსახელად, "თუში"?