"ქუთათელაძე შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით" - რას ამბობს "სტამბოლის ბაზრობის" ერთ-ერთი მეწილის შვილი? - კვირის პალიტრა

"ქუთათელაძე შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით" - რას ამბობს "სტამბოლის ბაზრობის" ერთ-ერთი მეწილის შვილი?

"სტამბოლის ბაზრის" ერთ-ერთი მეწილის შვილის, დავით ბლუაშვილის განცხადებით, ბოლოს როდესაც ის სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, მან უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს დავით ბლუაშვილმა განუცხადა, ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის კონფლიქტი ბაზრის ფართის თაობაზე იყო, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს ბაზარში, ბლუაშვილის თქმით, ქუთათელაძეს ეს არ უხსენებია.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქუთათელაძეს პირადად მასთან არაერთხელ უსაუბრია, რომ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა ჭანტურიასთან. ბულუაშვილის თქმით, ქუთათელაძემ მას უთხრა, რომ გიორგი ჭანტურია საკუთარი კაბინეტიდან "გააგდო კიდეც". რაც შეეხება იმას, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა პირადად მას სამსონ ქუთათელაძესთან, დავით ბლუაშვილი განმარტავს, რომ მასთან "კარგი და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა".

კითხვაზე, იყო თუ არა იმ დონის კონფლიქტი ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის, რომ შესაძლოა მკვლელობით დასრულებულიყო, გულუაშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

"ამას მე ვერ გეტყვით. მე როგორ ვთქვა ადამიანზე, რომ ეს გააკეთა. ყოველ შემთხვევაში სოსო შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით და ეს ვიცი. დავა ვიცი, რომ რაღაც მიწის ფართზე იყო, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ. რამდენადაც მე გამოვიტანე დასკვნა ასეა. ქუთათელაძეს დაახლოებით 1 კვირის წინ შევხვდი, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. საუბარი ეხებოდა ჩვენს საქმიანობას. მაშინაც ახსენა, რომ ჭანტურიასთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. შეხვედრა შედგა, იქ იჯდა რამდენიმე ადამიანი და ასევე კიდევ ერთი მეწილე. კონფლიქტის თაობაზე მას მანამდეც უხსენებია და დაადასტურა მაშინაც, რომ კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა. თქვა, რომ კაბინეტიდან გავაგდეო. ხელის შეხებამდე საქმე მგონი არ მისულა. კონფლიქტი იყო ბაზრის ფართთან დაკავშირებით, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს, ეს არ უხსენებია", - განაცხადა ბლუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ის გამოძიებამ დაკითხა კიდეც. ბლუაშვილის განცხადებით, გამოძიებას მასთან სტანდარტული კითხვები ჰქონდა.

"გამოძიებას აინტერესებდა თუ სად ვიმყოფებოდი მკვლელობის დღეს, სად გადავადგილდებოდი, ვისთან მქონდა კონტაქტი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოძიებას დავუსაბუთე, ტელეფონიც მივეცით, რომ გადაემოწმებინათ. დაადასტურდა, რომ რეალურად არ ვიმყოფებოდი ქალაქში", - განაცხადა ბლუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

"ინტერპრესნიუსი"