"მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო" - რას ამბობს გიორგი გიორგანაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო" - რას ამბობს გიორგი გიორგანაშვილის დედა?

მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო, - ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) დედამ ნანა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც მის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ჩემმა ქვეყანამ მაპატიოს, ამდენი უსამართლობით გამოათაყვანეს საქართველო. ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებამ, რომლებიც შემდეგ ალბათ შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ, მათმა ტყუილმა გაწირა ჩემი შვილი და არა მარტო ჩემი შვილი, არამედ მთელი ოჯახი. ჩემი შვილიშვილების ამ ქვეყანაში გაჩერება აღარ მინდა. მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო", - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა.

დღეს გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.

"ინტერპრესნიუსი"