"დათო ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა..." - რას ამბობენ აშშ-ში მოკლული 31 წლის ქართველი ექიმის ახლობლები? - კვირის პალიტრა

"დათო ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა..." - რას ამბობენ აშშ-ში მოკლული 31 წლის ქართველი ექიმის ახლობლები?

18 იანვარს, აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ამერიკის მოქალაქე, 30 წლის ჯოშუა რაისი და 31 წლის ქართველი დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს.

კანდელაკსაც ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და პროფესიით ექიმი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრაზე არ მივიდა, რის მერეც მისი ძებნა დაიწყეს.

ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული აარონ ერნანდესი

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 23 წლის აარონ ერნანდესია. პოლიციის განცხადებით, მას ბრალი ედება მკვლელობასა და ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში.

(იხილეთ: რას ამბობს პოლიცია?)

დავით კანდელაკის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა კაცი გაუგებრობის მსხვერპლია და ის ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა, ასევე იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ბოლომდე გაირკვევა და დამნაშავე საკადრის სასჯელს მიიღებს.

რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა kvirispalitra.ge-სთან საუბრისას, ამერიკაში დავით კანდელაკთან ერთად გატარებულ წლები გაიხსენა.

- დაახლოებით ათი წლის წინ ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოში ჩამოვიდა ქართველთა ჯგუფი, რომელთა შორის იყო დათო კანდელაკიც. იგი ჩემზე ათი წლით უმცროსი იყო, მაშინ მთლად ბავშვი, მაგრამ ისეთი ანთებული თვალებით იყურებოდა, აშკარად ემჩნეოდა, რომ მთელი სულით და გულით სურდა დიდი წარმატებისთვის მიეღწია...

დამეთანხმება ყველა ქართველი, ვინც კი ამერიკაში ამ ბავშვებს დავხვდით, რომ სუკეთესო ჯგუფი ჩამოვიდა და მათ შორის ყველაზე ნათელი წერტილი დათო იყო. ის იმ ახალგაზრდებს მიეკუთვნებოდა რომელსაც შეუძლებელია კრიმინალთან რაიმე კავშირი ჰქონოდა, განათლება და განვითარება სურდა.

დავით კანდელაკი, აშშ-ში, 2008 წლის საქართველო - რუსეთის ომისას, საპროტესტო აქციაზე

2008 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომი იყო, ორლანდოში ორგანიზება საპროტესტო აქციას გავუწიე ჩემს ამერიკელ მეგობრებთან ერთად. დისნეის პარკთან გზა გადავკეტეთ, ტრანსპარანტები დავბეჭდეთ... განმაცვიფრა იმის ნახვამ, თუ როგორ აქტიურობას იჩენდა დათო. ტრანსპარანტების დასაბეჭდად დარბოდა, შემდეგ იდგა ტრანსპარანტი ხელში ეჭირა და ძალიან ბედნიერი იყო ჩვენს საპროტესტო აქციას გამოხმაურება რომ მოჰყვა.

მე არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ დათო, რომ ცუდში არაფერში გაერეოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. მისთვის მთავარი წარმატებული მომავალი იყო და მიაღწია კიდეც საწადელს. ამერიკაში გახდა ექიმი და ვინც კი ამ ქვეყანას იცნობს, ისიც ეცოდინება, ეს რამდენად რთულია! ამერიკას მსოფლიოს არცერთი დიპლომი არ აინტერესებს, ჩადიხარ იქ და ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო! მან ყველაფერს თავისი ტიტანური შრომით და წინდახედულობით მიაღწია!

ახლობლებმა მითხრეს, რომ მკვლელი დაიჭირეს ტექსასის შტატში და ეს სასიხარულო ინფორმაციაა. დათოს აღარაფერი ეშველება, მაგრამ, იმედია, მართლმსაჯულება თავისას იტყვის. დარწმუნებული ვარ, რომ დათო ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა... და ასე ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი.

ახლობლები მადლიერებას გამოვთქვამთ საქართველოს საკონსულოს მიმართ ამერიკაში. მუხლჩაუხრელად იმუშავეს გადმოსვენება რომ უზრუნველეყოთ. თავად ვესაუბრე გენერალურ კონსულს და ყველაფრის საქმის კურსში ვარ.

დავითს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. როგორც თვითონ იყო კარგი, ასეთივე ლამაზი და კარგი ოჯახი შექმნა... აქვე ერთიც უნდა ვთქვა, დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას ყველამ თავი დაანებოს, ჩადგნენ იმ სიტუაციაში როგორშიც ახლა არის დავით კანდელაკის ოჯახი და ყველა ქართველმა იამაყოს ასეთი კარგი და წარმატებული ახლგაზრდა რომ გვყავდა.

სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა

ამერიკელი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს აარონ ერნანდესი და მოკლული ჯოშუა რაისი რომანტიკულ ურთირთობაში იყვნენ, რასაც ათასგვარი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

გვესაუბრება დავით კანდელაკის კიდევ ერთი მეგობარი ივანე გოგიჩაშვილი:

- 2006 წელს ჩვენ ერთად წავედით ამერიკაში, შემდეგ დათო დარჩა, მე დავბრუნდი, მაგრამ კონტაქტი არ გაგვიწყვეტია... დათოსნაირ უწყინარ პიროვნებას მეორეს არ ვიცნობ! თავმდაბალი, თავდადებული, ეტალონი იყო ადამიანობის!  ამერიკაში ქართული მენტალიტეტი ჩამყვა, ბევრ რამეს ვერ ვეგუებოდი, ხშირად ავწიწმატდებოდი ხოლმე ბევრ რამეზე და სულ დათო მამშვიდებდა... დათო ჩემი კედელი იყო ამერიკაში!

რაც ამერიკულმა პოლიციამ გაავრცელა, ეგ ოფიციალური ინფორმაცია კი არა, დანაშაულია! ამით შეურაცხყვეს მიცვალებული, თან დათოსთან დაკავშირება ამ ამბის სრული ტყუილია, ცილისწამება და წარმოუდგენლად დიდი დანაშაული! სოციალურ ქსელს რომ გადავხედე ისეთებს წერენ, გავგიჟდი. ქართველ ხალხს მოვუწოდებ, ღმერთი არ გაუწყრეთ და ეგეთი რამ არ დაიჯეროს არავინ! საზოგადოებას კი არა, სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს!

ამერიკაში არ ვიცით, ვის და როგორ ვუჩივლოთ აქედან, ყველას ვთხოვ აქ, ჩვენს სამშობლოში მაინც გამოვიჩინოთ კეთილგონიერება!

- როდის ჩამოასვენებენ დავით კანდელაკს საქართველოში?

- ჯერ ზუსტად არ ვიცით, მეგობარს დავურეკე ამერიკაში და ვერაფერი ვკითხე, იმდენად იკლავდა თავს ტირილით. ყველა ასეთ დღეში ვართ...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)