ციხის აგენტურის ბინძური მეთოდები - კვირის პალიტრა

ციხის აგენტურის ბინძური მეთოდები

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23-24)

ოლონიის ყოფილ უფროსთან ყოველდღე იკრიბებიან მისი მეგობრები. გულიკო ნადარეიშვილის სკოლის მეგობარი ლამარა ციხისთავი ხუმრობს, გულიკო კოლონიასა და პატიმარ ქალებზე ისეთი სიყვარულით გვიყვებოდა, ჩვენც  გვიჩნდებოდა სურვილი, კოლონიაში მოვხვედრილიყავით მასთანო.

გულიკო ნადარეიშვილი: - როდესაც თანაკლასელებთან პატიმარზე ვიტყოდი, ძალიან საყვარელია-მეთქი, მეკითხებოდნენ, რაზე ზის ეგ საყვარელი ქალიო, რომ ვეტყოდი, მკვლელობაზე-მეთქი, ეცინებოდათ. ცხოვრებისაგან გარიყული ქალები ყოველთვის იმსახურებენ თანაგრძნობას, მაგრამ განსაკუთრებით მეცოდებოდნენ ე.წ. "შამპანურის საქმის" გამო დაკავებულები, რადგან კარგად ვიცოდი ამ აფერის ამბავი. დედაჩემიც (რომელიც მაღაზიის გამგე იყო) მაგ საქმეში გადიოდა.

დედასთან პროკურორ ნამიჭეიშვილის ცოლისძმა მუშაობდა, თურმე დედაჩემის ნაცვლად აწერდა ხელს დოკუმენტებზე. რაკი იმას პატრონი ჰყავდა, არაფერი მოჰკითხეს, დედას კი, სრულიად უდანაშაულოს, არაფრის გამო ციხე ემუქრებოდა. ჩვენს ოჯახს დედის  უდანაშაულობის დამტკიცება ძვირად (დედას ჯანმრთელობად) დაუჯდა.

ახლა მახსენდება ერთი აბაშელი მაღაზიის გამგე ვიოლეტა კ-ია. "შამპანურის საქმის" გამო იხდიდა სასჯელს. შვილი ენატრებოდა ძალიან. ერთხელაც ოჯახის წევრებმა მოიყვანეს მისი 6 წლის გოგონა კოლონიასთან. დავავლე ბავშვს ხელი და შევიყვანე ჩემს კაბინეტში. ციხეში ბევრი აგენტი იყო, ეს რომ გაეგოთ, მოსკოვში გაგზავნიდნენ საჩივარს და მარტო მე კი არა, სამმართველოს უფროსსაც მოხსნიდნენ, მაგრამ გავრისკე. ამოვიყვანე დედაც ჩემს კაბინეტში.

გადაეხვია დედა-შვილი ერთმანეთს, სიხარულისაგან ორივე ტიროდა. წასვლის დრო რომ მოვიდა, ბავშვმა იუარა, დედასთან მინდაო. აღარ ვიცოდი, რა მექნა. გოგონა ტიროდა, გულიკო დეიდა, თქვენს კაბინეტში ტახტზე დავწვები დედასთან და ჩავეხუტებიო. როგორ გინდა ეს აიტანო? ძლივს დავაწყნარეთ ბავშვი.

ხაშურელი ლია კ-ვა გაუთხოვარი იყო. ქუთაისში მუშაობდა, თეატრის აბონემენტებს ავრცელებდა და ფული შემოეჭამა. უფრო სწორად, და-ძმას დასჭირდა და მათ გაუგზავნა.  მშრომელი და ძალზე პატიოსანი ქალი იყო. სასჯელი რომ მოიხადა, ხაშურში და-ძმასთან ვეღარ დაბრუნდა, როგორც მითხრა, არ უნდოდა ოჯახში ზედმეტი ყოფილიყო და სამსახურშიც არსად მიიღეს.

ლიამ და-ძმას შეუთვალა, საზღვარგარეთ წავედიო. სინამდვილეში ჩემთან ცხოვრობდა და იცით, თავს რითი ირჩენდა? ჩემს მეგობრებს ოჯახებში ეხმარებოდა, ულაგებდა და ამით იმდენ ფულს იღებდა, და-ძმასაც უგზავნიდა. ზოგჯერ კარგ ჩასაცმელსაც ჩუქნიდნენ და იმასაც ოჯახში გზავნიდა. იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი და იცით, როგორ მივლიდა? ჩემმა ყოფილმა პატიმარმა მომარჩინა, ფეხზე დამაყენა.

3 წელი იყო ჩემთან, მაგრამ ლიას უბედურება მხოლოდ ციხე არ ყოფილა, უარესი თურმე წინ ელოდა, როგორც მითხრეს, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ერთ ჩვენს ყოფილ პატიმარს შეხვედრია, რომელსაც უთქვამს, თურქეთში წაგიყვან სამუშაოდო და როგორც ირკვევა, იქ გაუყიდია. ლია 6 წელია არ ჩამოსულა საქართველოში. დას ვურეკავ, მანაც არ იცის მისი ადგილსამყოფელი.

ერთი ბომჟი გვყავდა კოლონიაში. სასჯელი რომ მოიხადა, რადგან სახლი არ ჰქონდა, ჩემთან წამოვიყვანე. მიყვებოდა, შვილი მყავს, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ბავშვთა სახლშიაო. ჩამოვიყვანე მისი შვილიც. ვიფიქრე, ჩემს და ზოიას შვილებს ერთად გავზრდი-მეთქი, მაგრამ რას გაზრდი? ზოიას ბიჭი 14 წლის იყო. იმ მატარებელს არ ჩამოჰყვა, რომელსაც ველოდით. დაგვიანების მიზეზად იცით, რა გვითხრა? გორში ჩამოვედი, რადგან მატარებელში ჯინსი მოვპარე ერთ მგზავრსო. შემეცოდა და მაინც შევიკედლე.

ზაფხულში კოჯორში ავიყვანე ზოია მის შვილთან ერთად და ჩემი ორი წლის ბიჭიც დავუტოვე. ერთ  დღესაც მორიგეობა მქონდა, მაგრამ ვერ მოვისვენე, ღამის 4 საათზე სამსახური მივატოვე და კოჯორში ავედი. რას ვხედავ? ზოიასა და მის შვილს ბარგი შეუკრავთ (ჩემი და ოჯახის პატრონის ნივთებიც შეკრული იყო). როგორც ჩანს, ჩვენს გაქურდვას და  გაპარვას გეგმავდნენ, მაგრამ თავზე რომ დავადექი, მითხრეს, თბილისში ვაპირებდით დაბრუნებას და ბარგი იმიტომ შევკარითო.

ჩამოვედით თბილისში, მაგრამ ზოიამ და მისმა ბიჭმა მაინც გამქურდეს. უკანასკნელი კაპიკებიც კი მომპარეს და დილაუთენია გაიპარნენ.

ქალბატონ გულიკო ნადარეიშვილთან საუბრისას მისი ყოფილი პატიმარი დალი ხოდაშნელაშვილი შემოგვესწრო და საუბარი მასთან ერთად გავაგრძელეთ.

დალი ხოდაშნელაშვილი: - გულიკო ნადარეიშვილი ჩვენზე კრუხივით იყო გადაფოფრილი და დავუხატეთ კიდეც ტილო, -  კრუხი წიწილებით და ვაჩუქეთ. გულიკო იყო ჩვენი პატრონიც და მეგობარიც, რომელსაც გულისტკივილს ვანდობდით. ერთხელ დავინახე, გულიკოს ხელში ტორტი უჭირავს და პაემნების ოთახისკენ მიდის. თურმე  ჩვენმა პატიმარმა კოლონიაში მოაწერა ხელი ვიღაცასთან და გულიკომ ტორტი მიუტანა.

გულიკო ნადარეიშვილი: - 80-იან წლებში ერთი ჟურნალისტი ზ.ბ. იხდიდა სასჯელს თაღლითობაზე, რა თაღლითი ის იყო? სინამდვილეში შეყვარებულმა გააბრიყვა. დაპატიმრებამდე ზ. ბ. რეგიონულ გაზეთში მუშაობდა. მახინჯაურში დასასვენებელ სახლში ერთი სიმპათიური კაცი გაიცნო, გარეწარი, "ვსესაიუზნი" აფერისტი. იმ კაცმა რომ გაიგო, ზ-ზე ჟურნალისტიაო, იფიქრა, ამას კავშირებიც ექნებაო და ქალის გამოყენება გადაწყვიტა. ჟურნალისტს თავი გენერლად მოაჩვენა.

გარეგნულად გადასარევი კაცი იყო. სიგიჟემდე შეუყვარდა ეს კაცი. გააცნო ერთ-ერთი რაიკომის მდივანი. ჟურნალისტის აფერისტი თაყვანისმცემელი რაიკომის მდივანს იმდენად დაუახლოვდა, რომ ჩაის ფაბრიკაში დაარეკვინა რაღაც საქმეზე და ისეთი მაქინაცია დაატრიალა, მილიონები უნდა ჩაეჯიბა, მაგრამ გაუგეს. რაიკომის მდივანი უდანაშაულო იყო და ვერც დასდეს ბრალი.

ჟურნალისტმაც არაფერი იცოდა, მაგრამ აფერის გამო კაცთან ერთად დააპატიმრეს. ქალს 10 წელი მიუსაჯეს. გგონიათ, ძალიან ნაღვლობდა? ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ოღონდაც შეყვარებული ჰყოლოდა კარგად. თითქოს უცნაურია, რატომ უნდა ჰყვარებოდა კაცი, რომლის გამოც ციხეში მოხვდა, მაგრამ... ორმოც წლამდე იყო, როდესაც შეუყვარდა. ამბობდა, მანამდე არავინ მყვარებიაო. კაცი ციხეში გარდაიცვალა და კინაღამ ქალიც მოკვდა.

რომ ვუთხარი, გათხოვდი-მეთქი, მიპასუხა, სხვაზე რა გამათხოვებსო. როგორც წესი, აფერისტები ძალიან ნიჭიერები არიან. ვერც ერთ საკითხში ვერ ჩაჭრი, მაგრამ  ყველა აფერისტი ნიჭიერებასთან ერთად გარეწარიცაა. მკვლელთან უფრო გამონახავ საერთო ენას, ვიდრე აფერისტთან.

ყველა აფერისტმა, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, დედა მიტირა.

დალი  ხოდაშნელაშვილი: - კოლონიაში ერთი აფერისტი გვყავდა, ნათია. ხუთჯერ იჯდა და ხუთჯერვე აფერაზე. 4 კლასის განათლება ჰქონდა და დისერტაციებს უწერდა ხალხს. ჩვენც სულ გვატყუებდა. თბილისიდან კუიბიშევის კოლონიაში გადაიყვანეს. სასჯელი რომ მოიხადა, მომწერა, მათავისუფლებენო. კუიბიშევში მე და ჩემი და გადავფრინდით.

იანვარი იყო. ტანსაცმელი წავუღე, ნათიას დასაბრუნებელი ბილეთიც აღებული მქონდა. კოლონიასთან 60-გრადუსიან ყინვაში ვიდექით, მაგრამ ნათია არ გამოვიდა. თურმე წინადღეს გაუთავისუფლებიათ. გვითხრეს, რამდენიმე წუთით გაგასწროთო. ეტყობა, იფიქრა, არ ჩამომაკითხავსო. ჩვენ კი მთელ ქალაქში ვეძებდით. რკინიგზის სადგურში, აეროპორტში, ავტოსადგურებში მიკროფონებით ვაცხადებდით, რომ ვეძებდით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.

თურმე კოლონიაში გაუცნია ვიღაც ქალი და მასთან მისულა სახლში. ორი კვირის შემდეგ ჩამოვიდა ნაწვალები და გაუბედურებული. ამის მერე ჩემთან ცხოვრობდა. ლუკმა არ დამიყვედრებია, მაგრამ  ერთხელაც გამომიცხადა,  ბინა უნდა ვიქირავოო.

ახალ ბინაში მივაკითხე, მივუტანე ლოგინი და საჭმელი. ვიღაც ქალები ჰყავდა სახლში და რომ ვკითხე, ვინ არიან-მეთქი, ამათ დისერტაციას ვუწერო. თურმე ნათიას უთქვამს, უნივერსიტეტში ვმუშაობო. გარდა ამისა,  თურმე ამბობდა, უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტი გაიხსნაო და იქ ჩასარიცხად ხალხს ფულს ართმევდა.

59 აბიტურიენტი მოუძებნია და  ფულის ნაწილიც გამოურთმევია. უნივერსიტეტში "ჩარიცხულები" სტუდბილეთების მისაღებად რომ დაიბარა, წინადღეს მომადგა, ბინის ქირას ვერ ვიხდი და შენთან გადმოვალ, ამაღამ კი წიგნების გადმოტანაში მომეხმარეო. გადმოვიტანეთ ნათიას ბარგი. მეორე დღეს კიბეზე რომ ჩავდიოდი, ათი კაცი შემომხვდა. დალი თქვენ ხართო? მომკიდეს ხელი და პატიმარივით ჩამსვეს მანქანაში.

გზაში გავარკვიე, რომ მოტყუებული აბიტურიენტების მშობლები იყვნენ და ნათიას ეძებდნენ. გულს შემომეყარა. ნათიას დავურეკე, რომ მოვალ, მანდ აღარ დამხვდე-მეთქი. არც ვიცი, ვისთან წავიდა.

გულიკო ნადარეიშვილი: - ერთ ჩვენს თანამშრომელთან წასულა და მისმა რძალმა დამირეკა, ნათია ჩვენთან არისო. ამის მერე ჩემთან გადმოვიყვანე ნათია. გულის დეკომპენსაცია ჰქონდა და დიდხანს აღარ უცოცხლია.  ადამიანი თუ აფერისტად დაიბადა, ის სხვანაირად ვერ იცხოვრებს.

დალი ხოდაშნელაშვილი: - კოლონიის უფროსი გვყავდა გვარად ხატაშვილი. ისეთი მკაცრი იყო, ყველაფერს აზანზარებდა. ერთხელაც პაემანზე მქონდა განცხადება დაწერილი და მისი ხელმოწერა მჭირდებოდა. შევედი მორიდებით და განცხადება შევუტანე. გამომელაპარაკა, კარგი ქალები ხართ და კოლონიაში როგორ ძლებთო.

თურმე სხვა რამ იგულისხმა, მე კი ვუთხარი, გაზიანი სასმლის გარეშე მართლაც მიჭირს, ძალიან მენატრება-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა. მეორე დღეს მოულოდნელად გამომიძახეს ხატაშვილთან. შევედი და მოსასვენებელი ოთახისკენ მანიშნა, ჩქარა შედიო. ოთახში არავინ იყო, მაგიდაზე კი ორი ბოთლი ლიმონათი, ჭიქა და თეფშით გარგარი იდო.

უცებ ვიფიქრე, კოლონიის უფროსმა ისეთი რამ მითხრა გუშინ, ალბათ, რაღაც ავი განზრახვა აქვს-მეთქი. ლიმონათიც ისე მინდოდა, რომ... ყელში ბურთი გამეჩხირა. ჩამოვჯექი სკამზე და ავტირდი. შემოიხედა ხატაშვილმა და არ დალიე ლიმონათიო?! დამისხა და მომაწოდა, - ჩქარა დალიეო. გარგარი კაბის უბეში ჩამიყარა და გამომიშვა. თუ ვინმე შეგეკითხოს, უთხარი, რომ გეჩხუბე. ნამტირალევი კი ხარ და დაგიჯერებენო.  კაცს, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა, აი, ასეთი თბილი გული ჰქონია.

- კოლონიაში, ალბათ, ბევრი საშიში დამნაშავეც იყო.

დალი ხოდაშნელაშვილი: - ნელი ხ-ძე ფარმაცევტი იყო. ძალიან ლამაზი ქალი, საყვარლის გამო იხდიდა სასჯელს. ქმარს ძმაკაცი მოჰყავდა სახლში და სვამდნენ. ქმარი რომ დათვრებოდა, ეძინებოდა. მეგობარი კი მის ცოლს ეარშიყებოდა. ქალი ეხვეწებოდა  ქმარს, ნუ  მოგყავს, სხვანაირად მიყურებსო, მაგრამ ქმარი თურმე ხელს აუქნევდა, გეჩვენებაო.

ერთხელაც კიდევ დალია და მიიძინა, მეგობარმა კი მისი ცოლი დაიმორჩილა. ქალმა ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახა. კაცები ისევ მეგობრობდნენ. ერთხელაც თურმე მეგობრები რემონტს აკეთებდნენ და წაიჩხუბნენ. საყვარელმა რაღაც ჩაარტყა თავში ნელის ქმარს. კKაცი უგონოდ დავარდა, მაგრამ ცოცხალი იყო. საყვარელმა ქალი საპირფარეშოში ჩაკეტა. ჯერ კიდევ ცოცხალი მეგობარი დახერხა, გვამი  ჩემოდანში ჩააწყო და წყალში გადააგდო. მერე ქალს იქაურობა გაასუფთავებინა და რამდენიმე დღის შემდეგ გამოაცხადეს, რომ კაცი დაიკარგა.

ქმრის გვამი მეთევზეებმა  იპოვეს. ამოცნობაზე რომ მიუყვანიათ, ქალს უკივლია, სიკვდილიც აღარ გაკმარა, ასე რომ დაგასახიჩრაო? მაშინვე აიყვანეს ქალი. 12 წელი მიუსაჯეს მკვლელობის თანამზრახველობის გამო.

გულიკო ნადარეიშვილი: - 1971-72 წლები იქნებოდა, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე და ვასო გოძიაშვილი მოვიდნენ კოლონიაში. შესანიშნავი კონცერტი გავუმართეთ, მაშინ ინგა ფერაძე იხდიდა ჩვენთან სასჯელს და იმღერა. გადაირივნენ, ისე მოეწონათ. კონცერტის მერე მედეა ჯაფარიძემ მიმართა პატიმარ ქალებს, თქვენი მდგომარეობა კარგად ვიციო და ატირდა.

გამოვიდა ვასო გოძიაშვილი და დაიძახა, ქალებო, გენაცვალეთ, თქვენი ადგილი აქ არ არის, თქვენი ადგილი ოჯახებშიაო. ვერიკო პირდაპირი ქალი იყო და... ამხელა რეგალიები მაქვს და როდის ვჭამ, არ ვიცი, თქვენ კი დღის რეჟიმით ჭამთო. მისი სიტყვები ძალიან არ მოეწონათ ზოგიერთებს. მერე გავიგე, რატომაც თქვა ეს ვერიკომ. ახალი გაქურდული იყო და კოლონიაში ის ქალი დაუნახავს, ვინც მის ბინაზე მისცა "ნაკოლი".

P.S. დალი ხოდაშნელაშვილმა მარტო არ გამომიშვა და სანამ რუსთაველის პროსპექტამდე მივიდოდით, დამპირდა, რომ მომავალ ნომერში კოლონიაში გატარებულ წლებზე უფრო დაწვრილებით გვიამბობს.

www.kvirispalitra.ge

კუკუტინა

გინდათ თხოვნა უწოდეთ, გინდათ იდეა. არ შეიძლება, რომელიმე ჟურნალისტი მიეხმაროს ამ ქალბატონს (დარწმუნებული ვარ, მას ბევრი ექნება გასახსენებელი და მოსათხრობი). ეს საინტერესო ისტორიები აიკინძოს და ერთ წიგნად გამოიცეს?

რეზო

კარგი აზრია. ასეთი ისტორიები ზოგს სიფრთხილეს შემატებს, ზოგს კი თანაგრძნობის უნარს. მადლობა ქ-ნ გულიკო ნადარეიშვილს, რომ ასეთი დიდი გული აქვს და ადამიანში ხედავს ჯერ ადამიანს და მერე დამნაშავეს... ახალაიები მტარვალებივით ექცეოდნენ პატიმრებს. ახლა ჯარისკაცები გააბედნიერეს თავიანთი მტარვალური უნარ-ჩვევებით...

კოკა

შოკისმომგვრელია ეს ყველაფერი დოკუმენტურობის, ფსიქოლოგიური სიმძაფრის და კიდევ ბევრი რაღაცის გამო.

ძალიან მაგარი ისტორიებია.