"ამ მკვლელობებს ჰქონდა წინა პირობა, რაზეც არავინ ლაპარაკობს" - კვირის პალიტრა

"ამ მკვლელობებს ჰქონდა წინა პირობა, რაზეც არავინ ლაპარაკობს"

"ერთ-ერთ მოზარდს რომელიც ბრალდებულების მხარეს იყო, მძიმე დაზიანება აქვს, ესე იგი, კიდევ ერთი იარაღი ფიგურირებს"

ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელშიც მოზარდები მონაწილეობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. რა სთხოვა მას ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ და სინამდვილეში რამდენი დამნაშავე ან დაზარალებულია ამ საქმეში? - `კვირის პალიტრას" მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა:

- საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით ჩავერთე. ვგულისხმობ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს. მისი ოჯახის პოზიციამ გამაოცა, არასდროს დამავიწყდება ბრალდებულის დედის სიტყვები: `რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს, სხვაგვარად მე ვერ ვიცხოვრებ. თუმცა, რაც არ დაუშავებია, არ უნდა დაჰბრალდეს და ჩვენი დაცვის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს". საქართველოში, როგორც წესი, ყველა დედა ამბობს, ჩემი შვილი ცამდე მართალიაო და ამ ქალისადმი პატივისცემით განვეწყვე. მე მხოლოდ იმ პირობით მოვკიდე ამ საქმეს ხელი, რომ ვიქნები ობიექტური, დამოუკიდებელი ექსპერტი და ჩემი დასკვნა არავის დასაცავად არ იქნება მიმართული.

- გ.ბ. დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს?

- დუმილის უფლებას იყენებს. ალბათ, ჯობს, ამაზე მე არ ვილაპარაკო. ის კი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თვითონ ბრალდებულსაც აქვს სხეულზე დაზიანებები, ოღონდ რა ტიპის, ნება მომეცით, არ ვთქვა. ამ დაჭრებსა და მკვლელობებს ჰქონდა წინა პირობა, რაზეც არავინ ლაპარაკობს. გაუგებარია, რატომ არის ამოვარდნილი საქმის კონტექსტიდან ეს ეპიზოდი. იყო დიდი ჩხუბი, ჯგუფური, უამრავი ადამიანის მონაწილეობით, რასაც იურიდიული კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

ამ ფაქტს უამრავი მოწმე ჰყავდა, რომლებიც რეკავდნენ სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად, ახლა კი შიშით, ხათრით თუ სხვა ფაქტორის გამო ხმას აღარ იღებენ. ეს სამოქალაქო უპასუხისმგებლობაა. მოზარდებს რა უნდა ელაპარაკო, როცა გამოძიებასთან სრულწლოვნები არ თანამშრომლობენ...

საქმის მასალებს როცა გავეცანი, დავსახე გეგმა. პირველად პასუხი უნდა გასცემოდა კითხვებს: გამოყენებულია თუ არა სხვადასხვა დანა როგორც ერთი მოკლულის, ასევე მეორის სხეულზე? ან ერთი და იგივე დანებია გამოყენებული თუ არა? სად და რომელი დანით მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია სიკვდილი, რომელი ჭრილობა იყო შედარებით მსუბუქი? ეს უნდა გაირკვეს, რათა დადგინდეს, ვინ რა დაზიანება მიაყენა და აქედან გამომდინარე, რა დააშავა... მრავლისმთქმელია დაზიანებები, მაგრამ მათ ცალკე კონტექსტში მაინც ვერ განვიხილავ, ვიდრე ტანსაცმელს არ ვნახავ. ტანსაცმლის ექსპერტიზის შედეგი ჯერ არავის უნახავს, არც ჩვენ, არც დაზარალებულებს, არც ბრალდების მხარეს. ესე იგი, თვით ბრალდების მხარეც ამ ექსპერტიზის შედეგების გარეშე, ბრმად გამოდის სასამართლო პროცესზე. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერაფერს ვერავინ დაამტკიცებს, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდულია... ზემოთ დასახელებული შეკითხვებით გამოძიებას მივმართეთ და კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვეთ, რაც გულისხმობდა ერთდროულად სასამართლო, სამედიცინო და კრიმინალისტურ ექსპერტიზას. ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თუმცა პირადად მე ამ კომპლექსურ ექსპერტიზაში ჩართვაზე უარი მითხრეს. რაც ასე ახსნეს, თქვენ შეგიძლიათ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროთო. საპროცესო კოდექსში არის ასეთი განმარტება - როდესაც სახელმწიფო ატარებს ექსპერტიზას, ჯერ სახელმწიფო დაწესებულება და ბრალდების მხარე იკვლევენ ნივთმტკიცებულებებს და შემდეგ დაცვის მხარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით კი წინასწარი გამოძიების ვადები ძალიან შეზღუდულია. ამ ვადებში ჯერ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხიც არ არის. მისი დამთავრების მერე გადმოგვეცემა ტანსაცმელი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. ამასთან, სასამართლო კი არ გამოგვატანს ტანსაცმელს გამოსაკვლევად, იქვე უნდა ვნახოთ... ეს საკანონმდებლო ხარვეზიდანაც გამომდინარეობს, რაც არის მიზეზი იმისა, რომ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მიმდინარეობს გამოძიება...

დღეს ზუსტად არავინ იცის, ამ საქმეში ორი დანა ფიგურირებს, ოთხი, ოცდაოთხი თუ მეტი...

- როგორც ამბობენ, შემთხვევის ადგილიდან აიღეს ფარდული, რომელზეც სისხლის კვალი და შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულება შეიძლებოდა ყოფილიყო. ხომ არ მოასწარით იმ ფარდულის დათვალიერება?

- არა, სიმართლე გითხრათ, ეს ფარდული მეორე ბრალდებულისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გ.ბ.-ისთვის.

- არსებობს ინფორმაცია, რომ ამ საქმეში არიან სხვა დაზარალებულებიც და განსაკუთრებით ერთი... ხომ არ მოგეცათ საშუალება, გენახათ ის?

- ნახვით არა, მაგრამ საქმის მასალებს გავეცანი და გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთს, რომელიც ბრალდებულების მხარეს იყო, მძიმე დაზიანება აქვს, ესე იგი, კიდევ ერთი იარაღი ფიგურირებს. ექსპერტიზა ჩატარებულია, ეს საქმე გამოყოფილია და ცალკე მიმდინარეობს გამოძიება.

- ამ მოზარდის გარდა, კიდევ რამდენი დაზარალებულია საქმეში?

- დეტალების დაზუსტებისგან თავს შევიკავებ.

ეკა ასათიანი