"ბახალას" საქმე
29-01-2018
"ბახალას" საქმე
ათას რამეს ლაპარაკობენ, იმასაც, თითქოს გიორგის ნარკოტიკის გასაღება უნდოდა, მაგრამ ვინც მას იცნობს, იცის, რომ გიორგი ამას არ იკადრებდა. მე გიორგანაშვილის პროცესზე მივედი როგორც მოქალაქე და დამრჩა განცდა, რომ ბრალდების მხარე არ არის არგუმენტირებული. საქმეში მტკიცებულებები ხომ უნდა იყოს?

გასული წლის 25 იანვარს, ბათუმიდან­ ტაქსით მომავალი მსახიობი გიორგი­ გიო­რგანაშვილი ("ბახალა") სამართალდამ­ცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფ­უძველზე თბილისის შემოსასვლელში გააჩერეს, გაჩხრიკეს და როგორც ბრალდების­ მხარე აცხადებს, მას ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის 45
აბი და 4 აბის ნატეხი ამოუღეს. თავად­ მსახიობი ამბობდა და დღესაც იმავეს აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციელებმა ჩაუდეს... ამა წლის 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-ფლობისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსახიობი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. პროკურატურამ შსს-ს
თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი­ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მსახიობის საჯარო განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

შს სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, პროკურატურის განცხადებით კი, გიორგი გიორგანაშვილმა 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი სუბოტექსი თურქეთიდან რეანომობილით შემოატანინა. უწყების განმარტებით, ბახალას დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 2017 წლის 24 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე გააჩერეს რეანომობილი, რომლის ჩხრეკისას სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი სუბოტექსი ამოიღეს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რეანომობილის მძღოლმა დაკითხვისას თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალება თურქეთში გიორგი გიორგანაშვილმა­ გადასცა, რათა საქართველოში კონკრეტული პირისთვის შემოეტანა. მიუხედავად ამისა, გიორგანაშვილს ბრალი შენახვა-ფლობისთვის წაუყენეს (ცნობისათვის:­ 45 აბი სუბოტექსი 360 კაცის დოზაა -1 აბი 8 მომხმარებელზე იყოფა) და სამართალდამცავ უწყებას ოფიციალურად არ მოუთხოვია მისი პასუხისგებაში მიცემა რეანომობილში აღმოჩენილი სუბოტექსისთვის.

843 აბი სუბოტექსის საქმე ცალკეა გამოყოფილი და გამოძიება ადგენს, ჰქონდა თუ არა ამ დანაშაულთან კავშირი გიორგანაშვილს. იმ შემთხვევაში, თუ "ბახალას" დანაშაული ამ საქმეშიც გამოიკვეთა, შესაძლოა მას ბრალი­ დაუმძიმდეს. 25 იანვარს გიორგანაშვილის მხარდამჭერები პარლამენტთან შეიკრიბნენ. როგორც ითქვა, "ბახალას" საქმე არ არის ერთადერთი, რის გამოც აქტივისტები გაერთიანდნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დაჩქარება იყო.

"კვირის პალიტრა" "ბახალას"­ მეგობარს, მსახიობ კახა კინწურაშვილს ესაუბრა:
- ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს­, სადაც ორი მოწმე პოლიციელი ამბობდა, ნარკოტიკი ამოვიღეთო­ და გამოძიება მათ ჩვენებებს ეყრ­დნობოდა. ტაქსის მძღოლიც დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ არ დაუნახავს, როგორ ამოუღეს გიორგის სუბოტექსი, მაგრამ სამართალდამცველების ხელში ნახა დიდი ოდენობით აბები. გიორგის წინააღმდეგ სხვა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ამიტომ რჩება კითხვის ნიშნები. თვითონ გიორგი ამბობს, რომ მას ჩაუდეს სუბოტექსი. დამაჯერებლობისთვის უფრო მეტი მტკიცებულება რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ხმას ვინ ამოიღებდა?

- რა ინტერესი უნდა ჰქონოდა პოლიციას, გიორგისთვის ნარკოტიკი ჩაედო?

- წარმოდგენა არ მაქვს. არ მინდა იმაზე ლაპარაკი, როგორი კარგი­ ბიჭია გიორგი, ამით ვის რას დავუმტკიცებ? ვლაპარაკობ იმაზე, რა ხდებოდა სასამართლოში, რამდენად საფუძვლიანად წარუდგინა პროკურორმა მას ბრალი. ის, რაც წარადგინა, პირადად ჩემთვის არ იყო დამაჯერებელი.

- ამბობენ, რომ გარკ­ვეული ძალები სარგებლობენ მომენტით და თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ ამ ფაქტს და აქციებს...

- არ ვიცი, ვის რა ჩანაფიქრი­ აქვს. აქ არის ის მომენტი, რომ ადამიანები იღუპებიან. ათასი რამ გამიგია, რომ შპრიცში ჩატოვებულ ერთ წვეთზე დაუჭერ­იათ და 8-10 წელი მიუსჯიათ, ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი რამ არ შეიძლება? განსაკუთრებით დიდ ოდენობაში გადის 45 აბიც და 1 აბიც. ათას რამეს ლაპარაკობენ, იმასაც, თითქოს გიორგის ნარკოტიკის გასაღება უნდოდა, მაგრამ ვინც მას იცნობს, იცის, რომ გიორგი ამას არ იკადრებდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მას კარგად ვიცნობ და არ შეიძლება ის გამსაღებელი იყოს. მეგობრობა იქით იყოს, მე გიორგანაშვილის პროცესზე მივედი როგორც მოქალაქე და დამრჩა განცდა, რომ ბრალდების მხარე არ არის არგუმენტირებული. საქმეში მტკიცებულებები ხომ უნდა იყოს?

- დღეს თითქოს ისეთი აგიტაცია და ხმაური მიდის, რომ "ნარკომანი კაი ტიპია", ის მარტო თავის ჯანმრთელობას ვნებს, სხვას არას უშავებს... თქვენც ასე ფიქრობთ?

- ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ნარკოტიკი ცუდია. ნარკომანი, პირველ რიგში, თავს ვნებს, ეს ფაქტია, მაგრამ ხალხი ლაპარაკობს დეკრიმინალიზაციაზე და ამას ისე თარგმნიან, თითქოს ლეგალიზაციას ითხოვდეს ვინმე. ნარკოპოლიტიკა რომ ლიბერალური უნდა იყოს, ამის მომხრე ნამდვილად ვარ. დამნაშავე თუა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს ბრალდება უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული.
დავით ვადაჭკორია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,­ ნარკოლოგი, კლინიკა "ნეოგენის"­ დირექტორი: - სუბოტექსის ერთი აბი 8 მილიგრამია. ზოგი დღეში ერთ აბს, ზოგი - მერვედს მოიხმარს, გააჩნია ტოლერანტობას. თეორიულად, ერთი აბი შეიძლება 8 ადამიანმაც მოიხმაროს. სუბოტექსი ჩვენთანაც გამოიყენება, როგორც ჩანაცვლებითი­ პრეპარატი... მისი ხშირი მოხმარება დამოკიდებულებას იწვევს, ისევე როგორც სხვა ყველა ნარკოტიკი, გარკვეულწილად უფრო სუსტს, ვიდრე მაგ. ჰეროინი, მაგრამ მაინც. ამასობაში, ძალაუნებურად, ნარკომომხმარებლების ოჯახის წევრებიც თანადამოკიდებული ხდებიან და იმის თქმა, რომ ნარკომანი მარტო თავის თავს უშავებს,­ სისულელეა. სუბოტექსი განსაკუთრებით საშიშია, როცა მას სხვა ქიმიურ ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად იღებენ - იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, გართულებებს, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას.

სუბოტექსის მოხმარება იწვევს ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას, რაც თანდათანობით ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციის მოშლას იწვევს.
რაც შეეხება ნარკოლიბერალიზაციას, ქვეყანას სხვა გამოსავალი არა აქვს, რეპრესიული კანონმდებლობით ამ პრობლემასთან ბრძოლა აბსურდულია, ვერ დაამარცხებ. კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს, მომხმარებლებიდან აქცენტი უნდა გადავიდეს გამსაღებლებზე და სამართალდამცველებმა მათ უნდა გამოუცხადონ სასტიკი ბრძოლა.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით