"დათო შემთხვევითი მსხვერპლია!" - რატომ მოკლეს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი - კვირის პალიტრა

"დათო შემთხვევითი მსხვერპლია!" - რატომ მოკლეს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"დათოს მეუღლე მოდელია. იანვარში ბავშვებთან ერთად საქართველოში იყო, ქმარს შეატყობინა, რომელი რეისით მიფრინავდა და დათო აეროპორტში უნდა დახვედროდა... რომ აღარ გამოჩნდა, ნატაშამ პოლიციაში განაცხადა..."

18 იანვარს აშშ-ში, კენტუკის შტატ ქალაქ ლუისვილში, აბიგეილ-დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ამერიკის მოქალაქეები, ექიმები - 30 წლის ჯოშუა რაისი და 31 წლის დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის აარონ ერნანდესს პოლიციამ სხვა შტატში მიაკვლია. სამართალდამცავების განცხადებაში ნათქვამია, რომ ერნანდესსა და ჯოშუა რაისს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც კანდელაკის მეგობრები ამბობენ, დათო შემთხვევით შეესწრო ისეთ რაღაცას, რასაც არ უნდა შესწრებოდა და მკვლელმა მოწმე მოიშორა.

ხათუნა ლომიძე, დათოს მეგობარი: - დათო შემთხვევითი მსხვერპლია! იქ სხვა ადამიანის მკვლელობა იყო დაგეგმილი და დათო არასასურველ დროს არასასურველ ადგილზე მოხვდა. ადრე ილინოისის შტატში ცხოვრობდა, კენტუკის შტატში ახლახან გადავიდა. ჯოშუა რაისიც ექიმი იყო და მასთან მეგობრობდა. მე და დათო არა მარტო მეგობრები, ნათესავებიც ვიყავით. 20-21 წლისანი წავედით სასწავლებლად ჩიკაგოში, იქ ჩვენით გავიკვლიეთ გზა... ბოლოს ოქტომბერში ვნახე, ჩამოსული იყო საქართველოში. ძალიან კარგი მეუღლე და 2 წლის ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს.

პოლიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე დათოს სახელი და გვარი არ არის ნახსენები, მხოლოდ ჯოშუა რაისის თანმხლებ პირად არის მოხსენიებული. ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, შემთხვევითი მსხვერპლია, რომ მკვლელი ჯოშუას გამუდმებით დასდევდა, უთვალთვალებდა, ემუქრებოდა და განზრახული ჰქონია მისი მოკვლა. 1-ლ იანვარს მთვრალი მივარდნია სახლში და იმ დღის შემდეგ ჯოშუას ბინის გასაღები დაუკარგავს, რაც პოლიციაში განუცხადებია. ერნანდესი რომელიღაც გაცნობის გვერდზე ყოფილა დარეგისტრირებული და ჯოშუა რაისს სხვა სახელით და გვარით სწერდა, ბოლოს უღიარებია ვინაობა და ამის მერე დაუწყია ეჭვიანობა და მისი შევიწროება. იარაღიც უყიდია მის მოსაკლავად.

იმ საბედისწერო დღეს დათო რაისთან იყო სტუმრად, იმ უბანში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. სავარაუდოდ, მათ ჩხუბს შეესწრო, შესაძლოა აშველებდა და ამ მომენტში ერნანდესმა ისიც მოკლა.

დათოს საქართველოში გადმოსასვენებლად თანხა გროვდება, ჯერ 20%-იც არ არის შეგროვებული. დათოს მამა და ძმა საფრანგეთში ცხოვრობენ, დედამისიც აპირებდა გამგზავრებას. ცხედარი რაც შეიძლება მალე უნდა გადმოასვენონ, რადგან დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული და ყოველდღიური გადასახადი ძალიან დიდია.

თეიმურაზ ლანჩავა, დათოს ბაბუა, იმერეთის მწერალთა რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

- დათოს მეუღლე ნატაშა მოდელია, შესანიშნავი გოგონაა. იანვარში ბავშვებთან ერთად საქართველოში იყო, ქმარს შეატყობინა, რომელი რეისით მიფრინავდა და დათო აეროპორტში უნდა დახვედროდა... რომ აღარ გამოჩნდა, ნატაშამ პოლიციაში განაცხადა. პოლიციას იმ ექიმის სახლის კარი შეუმტვრევია, სადაც ორივე ჩაცხრილული ნახეს, ორი-სამი დღის დახოცილი ყოფილან. ახლა დათოს ჩამოსასვენებლად საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცნობას ველოდებით. მკვლელის დაკავებით რა შეიცვლება, დათოს აღარაფერი ეშველება...

ნანა ფიცხელაური