გიორგი ოსორაული: "დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სოსო ცოცხალია..." - კვირის პალიტრა

გიორგი ოსორაული: "დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სოსო ცოცხალია..."

ისე, როგორც ქართულ ზღაპრებშია, კაცი დაკარგული ძმის საძებნელად მიდის და თავს საფრთხეში იგდებს, გიორგი ოსორაულმაც ერთწლიანი ამაო ლოდინის შემდეგ რკინის ქალამნები ჩაიცვა და უფროსი ძმის საძებნელად გაეშურა.

ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული 2017 წლის 27 იანვარს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მეამბოხეებმა ტყვედ ჩაიგდეს. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 მაისს კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა და სოსო ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა. თუმცა მალევე გავრცელდა სოსო ოსორაულის ვიდეოჩანაწერი, ის ოჯახის წევრებს მიმართავდა, რაზეც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინანდელი იყო და სოსოსთან კავშირი 13 მაისიდან გაწყდა (მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ბექა დვალი იქ არც კი ჩასულა და მხოლოდ გაეროს წარმომადგენლების ინფორმაციას დაეყრდნო).

ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 13 ან 14 მაისს ნამდვილად მოხდა შეტაკება და სოსო ოსორაული დაიღუპა, მფრინავის ოჯახი კი მისი პოვნის იმედს არ კარგავდა და სახელმწიფო უწყებებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდა. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობდა, დრო გაეყვანა - საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილს არ დაუბრუნდა, სასამართლოს შეუძლია ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.

გასული წლის ოქტომბერში დაკარგულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა, საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს უნდობლობა გამოუცხადა: "ჩემმა სარდალმა მომატყუა, შემპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა და აფრიკაში წასვლაში დამეხმარებოდა... მთხოვა, შემეწყვიტა საპროტესტო აქციებიც, რადგან ამით გარკვეული ოპოზიციური ძალები ისარგებლებდნენ. შემდეგ ამიხსნეს, რომ ჩემი იქ ჩასვლა აუცილებელი არ იყო, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა სიმართლის დასადგენად, თუმცა ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, მათი არ მჯეროდეს"... მაშინ გიორგიმ პროტესტის ნიშნად შეიარაღებული ძალებიც დატოვა...

ქართველი მფრინავის ოჯახის ინფორმაციით, შეტაკების შემდეგ სოსოს ადგილსამყოფელი რამდენჯერმე შეუცვალეს და ბოლო ინფორმაციით, ის კდრ-ის მეზობელ რუანდაში გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოსო ცოცხალია, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებენ სიმართლის დასადგენად.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს: "პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამასთან, თავდაცვა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მექანიზმებს ეყრდნობა, რადგან თავად წვდომა არა აქვს".

საკითხავია, თავად საგარეო უწყება ვის ეყრდნობა... საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საქმე აღძრულია პროკურატურაში და დეტალური ინფორმაციის გახმაურების უფლება არა აქვთ. ვერც ოსორაულის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებენ, რომლის თანახმადაც, ქართველი მფრინავი ცოცხალია, რადგან მათ სამინისტროს ეს საკითხი უკვე არ ეკუთვნის...

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ სოსო ოსორაულის მძევლად აყვანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რაც ითვალისწინებს მძევლად ხელში ჩაგდებას შვიდ დღეზე მეტი ხნით. ცოცხალია თუ არა ქართველი მფრინავი, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

ერთი სიტყვით, სახელმწიფოს მიმართ ნდობის საბოლოოდ დაკარგვის შემდეგ, გიორგი ოსორაული თვითონ გაემგზავრა ძმის საპოვნელად. "კვირის პალიტრა" მას გერმანიაში დაუკავშირდა:

- მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. თითქმის ერთი თვეა, საქართველოდან წამოვედი, რომ როგორმე სოსოს საქმე მოვაგვარო. მასთან ბოლო დროს არ მილაპარაკია - რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სიმართლე არ არის, თუმცა გეტყვით, არავითარი საფუძველი არა მაქვს, ვეძებო სოსო, როგორც დაღუპული. ის ცოცხალია!

- ეს ინფორმაცია კონკრეტულმა პირებმა დაადასტურეს?

- დიახ, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სოსო ცოცხალია. ახლა მთავარია, ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც დაგეგმილი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემსავით მოიქცეოდა, თუნდაც ასეთი საოცარი ადამიანი არ ყოფილიყო მისი ძმა, ჩემი ძმა კი მართლაც განსაკუთრებული პიროვნებაა და არ იმსახურებს განსაცდელში მიტოვებას.

- აფრიკაში წასვლას აპირებთ?

- დიახ, თუმცა არ იქნება იოლი. არ მინდა ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა, რაღაცებს ვაგვარებ და მალე წავალ. სახელმწიფო არ მეხმარება, მაგრამ არა უშავს, ალბათ, ასე იყო საჭირო. იმედი მაქვს, ყველაფერს მოვაგვარებ... ჩემი წყაროებით გავიგე, სად უნდა ვეძებო, მისი ადგილსამყოფლის შესახებ თითქმის დადასტურებული ინფორმაცია მაქვს... სხვა თუ არაფერი, ის მაინც მეცოდინება, რა მოხდა და ეჭვით არ მოგვიწევს ცხოვრება მე და ჩემს ოჯახს. მიცვალებულსაც თავისი ფასი აქვს, თუმცა მე ჩემს ძმას დაღუპულს კი არა, ცოცხალს ვეძებ...

ლალი პაპასკირი