"მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს შვილს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები" - კვირის პალიტრა

"მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს შვილს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები"

"ადვოკატი არ ამიყვანია, ამის საშუალება არა მაქვს"

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოზარდების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მორიგი პროცესი 9 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება.

"მინდა მოვუწოდო ყველა თვითმხილველს, სიმართლე თქვან, იმიტომ კი არა, რომ მე მაინტერესებს... როცა იქნება, სიმართლეს მაინც დავადგენ. უბრალოდ, მინდა დაუსჯელი არ დარჩნენ დამნაშავეები, რომ სხვებიც არ წახალისდნენ დაუსჯელობით და მათაც იგივე სისასტიკე არ ჩაიდინონ. დღეს მე რომ გამწარებული მამა ვარ, არ მინდა ხვალ ასევე გამწარდეს სხვა დედა, მამა... კაიბიჭობას არ ნიშნავს, როცა დამნაშავეს ხელს აფარებ. არ გამოვრიცხავ, ყველაფერი უარყონ ბავშვებმა, მაგრამ უფრო იმის იმედი მაქვს, იტყვიან, რაც სინამდვილეში მოხდა და ამით მეც შემიმსუბუქდება მდგომარეობა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" თანატოლების მიერ ულმობლად მოკლული 17 წლის დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

- საქმე ათტომიანია და ბოლომდე ვერ გავეცანი. როგორც ვიცი, ყველა მონაწილე დაკითხულია და, ფაქტობრივად, ყველა მოზარდი ერთსა და იმავეს წერს, მაგრამ არის რაღაც ხარვეზები. თავიდან ყველა ერთნაირად იწყებს ამბის თხრობას, ხორავას ქუჩის ამბავს კი ყველა სხვადასხვანაირად ჰყვება, წერენ, რომ ან არ ახსოვთ, რა მოხდა, ან გაითიშნენ. ვფიქრობ, ბავშვებს ეშინიათ. ზოგი წერს, რომ დათო იყო სკოლის საპირფარეშოში (საიდანაც კონფლიქტი დაიწყო), ზოგიც - არ ყოფილაო.

მოხდა ისე, რომ სკოლის საპირფარეშოში დათოს ერთ-ერთმა მეგობარმა მეცხრეკლასელი ბიჭი პნევმატური იარაღით დააშინა. იმ ბიჭს უსვრია კიდეც, აბა, გეტკინება თუ არაო. ბავშვმა არ დაუთმო, მეგობრისთვის დაურეკავს, მაშინებენო და პირველსკოლელებიც მოვიდნენ. თუმცა ხორავას ქუჩაზე რა განხილვა იყო, ამას მალავენ. ისიც ვიცი, რომ ბავშვები უკვე შერიგებული იყვნენ, როცა ისევ განახლდა კონფლიქტი.

- დათოზე რას ჰყვებიან დაკითხულები?

- რატომ დაიწყო დაპირისპირება დათოსა და დანარჩენებს შორის, არ მეუბნებიან. რაც ვიცი დათოზე,

ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ ის საპირფარეშოში არ ყოფილა. ვესაუბრე ბავშვებს, მათ შორის დათოს შეყვარებულს, რომელმაც თქვა, დათო იმ დროს ჩემ გვერდით იყოო. მერე ხორავას ქუჩაზე რა მოხდა, ჩემთვის ბუნდოვანია.

- ამბობდით, დათო ერთი კი არა, რამდენიმე დანით მოკლესო.

- ექსპერტიზის პასუხებით დადასტურდა, რომ დათოს დაჭრისას ორი დანა გამოიყენეს, ორივე საქმეში დევს. გამორიცხულია, დათო ერთს დაეჭრა ერთი დანით. მაშინ ნავარჯიშები ყოფილა კაცის კვლაში. დათო ფიზიკურად ძლიერი იყო, ტანადი, და მას ერთი და ორი კაცი ვერ მოერეოდა.

სიმართლეს ყველანი მალავენ. იმასაც არ ამბობენ, რამდენი მოზარდი იყო ადგილზე. გამოძიება ამბობს, 25-მდეო, არ არის გამორიცხული, მეტიც ყოფილიყო, ან ნაკლები. 25 თუ იყო, ყველა დაკითხული ან დაკავებული უნდა იყოს.

- ბრალდებულები რას ჰყვებიან?

- ერთი მათგანი ნანობს ჩადენილ დანაშაულს, მეორე კი დუმილის უფლებას იყენებს. მკვლელებმა დასაკეცი დანებით მოკლეს ჩემი შვილი.

თუ მართლა მარტო ამ ორმა ბიჭმა მოკლა დათო, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემს შვილს მიუცია ნება, რომ მოეკლათ და არაფერი უღონია.

- რატომ გაიმეტეს ასე, როცა მას არ დაუწყია კონფლიქტი?

- დათოს თუ შეაგინეს, არ აპატიებდა. მაინც იმედი მაქვს, რომ ბავშვები, ბოლოს და ბოლოს, იტყვიან სიმართლეს...

- ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩის ეზოში აიღეს ავტოფარეხი, რომლის შორიახლო მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

- როგორც განმიმარტეს, ყველაფერი დასურათებულია და ადგილზე ყველა სამუშაოა ჩატარებული, ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენსო.

- ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე რა იცით?

- ეს ბავშვი შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში. ზუსტად რა მოხდა, ოთხმა კაცმა იცოდა - ლევანმა, დათომ და ორმა მკვლელმა.

რატომ მოკლეს ლევანი, ამაზე პასუხი არა მაქვს, ალბათ, მან დაინახა ის, რაც არ უნდა დაენახა. მკვლელობას პირველი დაკავებული აღიარებს, მეორის ადვოკატის თქმით კი მის კლიენტს სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ჭრილობა მიაყენა? მოსაკლავად რომ გაიმეტა, ხომ ფაქტია?

ცხვარივით დაკლეს ჩემი შვილი...

- დათო თუ ატარებდა დანას?

- დანის იმდენად ეშინოდა, არც ეკარებოდა, მით უმეტეს, რომ დანების კოლექცია მქონდა. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დათოს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები...

საქმის მასალებით დანაშაულის ახალი ფიგურანტები არ იკვეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, 25-ივე მონაწილე დამნაშავეა.

იმედია, არსებით განხილვაზე ბევრი რამ გამოიკვეთება. მე ადვოკატი არ ამიყვანია, ამის საშუალება არა მაქვს, ჩემი ადვოკატები ხართ თქვენ, ჟურნალისტები და ჩვენი საზოგადოება, მთელი საქართველო.

ნანა ფიცხელაური