"აზრი არ აქვს კანონის გამკაცრებას, თუ მისი აღსრულება გვიჭირს!"
05-02-2018
"აზრი არ აქვს კანონის გამკაცრებას, თუ მისი აღსრულება გვიჭირს!"
"პატრულის თანამშრომლებს მკაცრად უნდა მოსთხოვონ - დაინახავთ დარღვევას? აგებინეთ პასუხი, თუ არადა, დაგითხოვთ სამსახურიდან!"

2 დღეში 8 დაღუპული

26.01 - გორში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი.
27.01 - რიკოთის გვირაბთან დასავლეთიდან მომავალ მსუბუქ ავტომანქანას საპირისპირო ზოლიდან გადმოსული ტრაილერი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანი შეეწირა, მათ შორის - ორი ბავშვი.
27.01 - ყვარელში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო
შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
27.01 - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში "გოლფის" მარკის ავტომანქანა ბოგირს შეეჯახა. ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები პოლიცის თანამშრომლები არიან.
27.01 - ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "სუბარუსა" და "ჟიგულის"
მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
27.01 - ბათუმში "ოპელის" მარკის ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
30.01 - ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბ­ერეჟოულთან, "მაზდას" მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაიღუპა მძღოლი.
30.01- ახალქალაქის შესასვლელთან დიდი სიჩქარით მიმავალი სატვირთო ავტომობილი გაყინულ გზაზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. გადარჩა, თუმცა მძიმედ დაშავდა.

საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ავარიების შედეგად 384 ადამიანი დაიღუპა. 2016 წელს ავარიებმა 581 ადამიანი შეიწირა, 2015 წელს - 602, 2014 წელს კი - 511. ავტოსაგზაო შემთხვევებს 2012 წელს - 605, 2013 წელს კი - 514 სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიები ჩვენში იშვიათი არ არის, მაგრამ გასული კვირა განსაკუთრებული იყო - მხოლოდ 27 იანვარს ხუთი ავარია მოხდა, დაიღუპა შვიდი კაცი, მათ შორის - ორი ბავშვი. "კვირის პალიტრა" საავტომობილო­ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ­ მელაძეს ესაუბრა:

- როდესაც ასქულიანი სისტემის შემოღებაზე დაიწყო ლაპარაკი, ერთ-ერთმა­ პირველმა ვთქვი, რომ ამგვარი ლოიალური რეგულაცია შედეგს არ მოიტანდა. მისი ამოქმედების შემდეგ მხოლოდ 12 ადამიანს ჩამოერთვა მართვის მოწმობა. მაჩვენებელი სასაცილოა იმ დარღვევებთან შედარებით, რაც ჩვენთან ხდება. სხვა ქვეყნებში დარღვევის შედეგად მიღებული ჯარიმები რომ გაგინულდეს, წლებია საჭირო. მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში 12-ქულიანი­ სისტემა მოქმედებს და წლის ბოლოს ეს ქულები ავტომატურად კი არ აღდგება, არამედ წელიწადში მხოლოდ 2 ქულა შეიძლება აღდგეს, ამიტომ შეცდომის გამოსასწორებლად წლების განმავლობაში უნდა აგო პასუხი და დიდი სიფრთხილე გამოიჩინო, რომ მართვის მოწმობა არ ჩამოგართვან, ჩვენთან კი წლის ბოლოს ყველა დარღვევა ნულდება.

ამასთან, სავალ ზოლებზე ავტომანქანები ისე გადადიან და გადმოდიან, ვითომც არაფერი. ეს ზოლები წლების წინ არ იყო და ზოგი მძღოლისთვის დღემდე არ არსებობს.­ ვიღაც ჩქარ ზოლში მიდის ნელა და ეს დარ­ღვევად არ ითვლება, არადა, ყველა ქვეყანაში, როცა ჩქარ ზოლში ნელა მიდიხარ, გაჯარიმებენ, რადგან აფერხებ მოძრაობას და შესაძლოა, საგზაო შემთხვევაც გამოიწვიო, მაგრამ ეს ხომ უნდა იცოდე?! ცოდნა ბადებს პასუხისმგებლობას და საპატრულო პოლიციელების მომზადებაა საჭირო!

- ზოგს მიაჩნია, რომ კანონის გამკაცრებით სიტუაცია დარეგულირდება...

- აზრი არ აქვს კანონის გამკაცრებას, თუ მისი აღსრულება გვიჭირს. საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ არაერთი დარღვევა გვინახავს, რომელზეც ისინი არ რეაგირებენ.

- როგორც მძღოლს, კარგად მახსოვს, რომ ასქულიანი სისტემის ამოქმედების პირველ ხანებში უფრო მკაცრი იყო პოლიცია. ახლა კი რამდენჯერ დამინახავს,­ ღვედის გარეშე ან მობილურზე მუსაიფით რომ ჩაუვლიათ მძღოლებს და... რატომ არის პატრული სირაქლემის პოზაში...

- სიტუაციის შეცვლას ნება და მკაცრი ხელი სჭირდება­. პატრულის თანამშრომლებს უნდა მოსთხოვონ - დაინახავთ დარღვევას? აგებინეთ პასუხი, თუ არადა, დაგითხოვთ სამსახურიდან!

- ტრაილერებზეც მინდა გკითხოთ. დაწესდა რეგულაციები: რამდენ ხანს იმოძრაონ­ და რა სიჩქარით, რამდენ ხანს დაისვენონ. ამის გაკონტროლება როგორ ხდება?

- ძალიან მარტივად... სატვირთოებს აქვთ ე.წ. ტახოგრაფი, რომელიც ყველაფერს იწერს. პოლიციელს, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, შეუძლია ტახოგრაფის მონაცემების ამოკითხვა: რომელ მონაკვეთში გადააჭარბა სიჩქარეს, სად - მეტისმეტად შეანელა და ა.შ., მაგრამ ტრანზიტულმა მძღოლებმა იციან, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამას არავინ შეამოწმებს, სატვირთოებს ყურადღება თითქმის არ ექცევა, არადა, ისინიც ხომ საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან. ჩვენი­ სატვირთოები ტექნიკურადაც გაუმართავია. შორ მანძი­ლზე მოძრავი ზოგი ავტომობილი ქართულ კომპანიას ეკუთვნის, მიდის უცხოეთში და გაუმართავია, თითქოს გადიან ტექდათვალიერებას, მაგრამ ზერელედ...

- ბევრ ქვეყანაში ტექნიკურად გაუმა­რთავი ავტომანქანით საზღვარს არ გადაგაკვეთინებენ და ჩვენი ტრაილერები როგორ კვეთენ ამ საზღვრებს?

- საზღვარზე ზეპირ დათვალიერებას სჯერდებიან, ამიტომაც იყიდიან მეორეულ სატვირთოს, ჩამოიტანენ, ცოტას შეარემონტებენ და ხაზზე უშვებენ.
ტრაილერი დიდი და მძიმეა, მნიშვნელოვანია, რომ გამართული იყოს, რათა მანევრირება შეძლოს. პირველი და ყველაზე­ მნიშვნელოვანი გზაზე ჩაჭიდებაა, რასაც საბურავი განაპირობებს. ჩვენთან კი არაერთ სატვირთოზე ნახავთ სხვადასხვა ბრენდის საბურავებს. ეგ კიდევ არაფერი, სხვადასხვა ზომის საბურავებითაც მოძრაობენ. ზოგჯერ საბურავები გაცვეთილი ან დაშვებულია...

- პრობლემაა სატვირთო ავტომობილების კოლონებად სიარულიც. შუაში არავის აყენებენ და მათი გასწრების სურვილი ხშირად ავტოავარიით მთავრდება...

- ამის მიზეზიც უცოდინარობა ან უპასუხისმგებლობაა. თუ ორი ან მეტი სატვირთო ერთად მოძრაობს, შუაში აუცილებლად უნდა დატოვონ მანძილი - თუ მათ უკან მოძრავ მსუბუქ მანქანას მოუნდება გასწრება, ტრაილერებს შორის ჩადგომა უნდა მოახერხოს, მაგრამ ამას არ აკეთებენ... მათ საპატრულო პოლიციამ უნდა მოსთხოვოს პასუხი, ან გააფრთხილონ მაინც... ტრაილერი ისეთი გრძელია, ერთის გასწრებაც ჭირს, ორის და სამის გასწრება კი თითქმის შეუძლებელია. ვისაც მოთმინება არ ჰყოფნის, ასწრებს და ავტოსაგზაო შემთხვაც ხდება.

- რა არის ავტოსაგზაო შემთხვევის ფატალურად დასრულების ყველაზე ხშირი მიზეზი?

- სიჩქარის გადაჭარბება. მომხრე ვარ, სიჩქარის მომატებისთვის მძღოლს მართვის მოწმობა მაშინვე ჩამოერთვას.

- რა ღონისძიებებია გასატარებელი სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ყველაზე კარგი გამოსავალი კანონის აღსრულებაა. ყველაზე უარესი ინფრასტრუქტურაც რომ გვქონდეს (არადა, არ გვაქვს), თუ ყველა დარღვევაზე რეაგირებას მოვახდენთ, მძღოლები ეცდებიან, წესები დაიცვან, ეს კი საგზაო შემთხვევებს შეამცირებს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით