"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..."
10-02-2018
"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..."
ახალგაზრდებს უმსჯელიათ, ვინ უნდა ყოფილიყო პირველი სკოლის ბანკეტზე და სიაც შეუდგენიათ. ამ სიაში ჩაწერეს ძველი თანაკლასელები და ეს გააპროტესტა ბრალდებულმა. უთქვამს, მათი ბანკეტზე მოსვლა არ მინდაო... ამას მოჰყვა შელაპარაკება. ბრალდებული ამბობდა, რომ არ ჰქონდა ბანკეტზე მათი ყოფნის სურვილი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებულმა უთხრა, ვერ მოვლენო და ამას მოჰყვა დაჭრაც...

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ალბათ, ბევრს ეგონა, რომ არასრულწლოვნები
დაფიქრდებოდნენ მომხდარზე და ქუჩური გარჩევები აღარ იქნებოდა, მაგრამ გასულ კვირას თბილისში ასეთი ფაქტი ისევ მოხდა. საბედნიეროდ, ამჯერად ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დანით მიყენებული ჭრილობებით სამი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. ერთს მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა, ორი მოზარდი კი გულმკერდის არეშია დაჭრილი. შემთხვევა 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, ე.წ.
წითელ ბაღში მოხდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდების შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 17 წლის ახალგაზრდამ თანატოლები სასიკვდილოდ გაიმეტა. საქმეში ისევ დანა ფიგურირებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ვერ მოგვარდა პრობლემა, რომ ქუჩაში მოზარდებმა დანა არ ატარონ.

სამართალდამცავებმა დანაშაული მალე გახსნეს - ბრალდებული ახალგაზრდა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. ის პოლიციაში თვითონ გამოცხადდა.
თავდაპირველად პროკურატურამ საქმე 117-ე მუხლით აღძრა, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ. წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა თეონა გვაზავამ. მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ.

ბრალდებული ფაქტს ადასტურებს,­ თუმცა წაყენებულ კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ცნობილია ისიც, რომ საქმეში­ დევს დანაშაულის იარაღი, დანა, რომელი პარკის შესასვლელთან, ნაგვის ურნიდან ამოიღეს.
როგორც ადვოკატი­ ირმა ჭკადუა ამბობს, ბრალდებულს სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა და ექსპერტიზა მასაც ჩაუტარდა.
- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაზარალებული ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. დამნაშავე თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ითანამშრომლა, დანაშაულის იარაღი მიუთითა... აქედან გამომდინარე, ყველა წინა პირობა არსებობდა, რომ ის არ დაეპატიმრებინათ, მაგრამ მოსამართლემ მაინც დააპატიმრა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, კვალიფიკაციას კატეგორიულად არ ვეთანხმებით...
როგორც ირკვევა, კონფლიქტის მიზეზი სკოლის ბანკეტის გამო შელაპარაკება იყო.

რამაზ ჩინჩალაძე, ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვნის ადვოკატი: -
სამივე დაზარალებული ადრე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა. მერე ისინი 35-ე საჯარო სკოლაში გადავიდნენ. ბიჭების დაჭრაში ბრალდებული ექსპერიმენტულ სკოლაში მათი წამოსვლის შემდეგ მივიდა. ახალგაზრდებს უმსჯელიათ, ვინ უნდა ყოფილიყო სკოლის ბანკეტზე და სიაც შეუდგენიათ. ამ სიაში ჩაწერეს ძველი თანაკლასელები და ეს გააპროტესტა თურმე ბრალდებულმა. უთქვამს, მათი ბანკეტზე მოსვლა არ მინდაო. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად შეხვდნენ ერთმანეთს და ამას მოჰყვა შელაპარაკება. კონფლიქტის დროს ბაღში ექვსი-შვიდი ადამიანი იყო. თურმე, ბრალდებული ამბობდა, რომ არ ჰქონდა ბანკეტზე მათი ყოფნის სურვილი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებულმა უთხრა, ვერ მოვლენო და ამას მოჰყვა დაჭრაც.

დანა მხოლოდ ბრალდებულს ჰქონდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი მოძალადეს დანას ართმევდა და ამ დროს მსუბუქად დაიზიანა ხელის მტევანი, სხვები კი დაშავდნენ. ერთი მეგობარი სწორედ მან წაიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ამ ფაქტს შსს გამოეხმაურა. როგორც მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, ორი უწყება ამ მიმართულებით მუშაობს და სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ მოაგვარონ არასრულწლოვნების პრობლემები."

"დღეს შსს-ს საპატრულო პოლიცია უფრო აქტიურად აკონტროლებს სკოლების­ ირგვლივ ტერიტორიას და მინდა დაგარწმუნოთ, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომლებიც მაინც ხდება, ამას შედეგი მოჰყვა".

"ფაქტია, მათ დაუსჯელობის განცდა აქვთ"

ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ არასრულწლოვნებში დანაშაულის მატება ლიბერალურმა პოლიტიკამ განაპირობა - პროკურატურა ხშირად იყენებს განრიდებას და იშვიათად უშვებს მოზარდს ციხეში. ამ მოსაზრებას არ იზიარებს პროკურორი ლონდა თოლორაია, რომელიც წლებია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესებში აქტიურად არის ჩართული.
- მსმენია მოსაზრება, რომ ბავშვებში ძალადობა წახალისდა, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ამას განრიდებასთან კავშირი არა აქვს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ განრიდება, ძირითადად, გამოიყენება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე - ეს არის ქურდობა. 2016 წელს 462 ბავშვი (აქედან 70%-ს ჩადენილი ჰქონდა ქურდობა), 2017 წელს კი 475 ბავშვი (76%-ს ქურდობა ედებოდა ბრალად) განვარიდეთ ციხეს. ვგულისხმობ 14-დან 18 წლამდე პირებს. განრიდებული ბავშვების მხოლოდ 9%-ს აქვს ჩადენილი ხელახალი დანაშაული. ეს რეციდივის ძალიან მცირე პროცენტია.

- 14 წლამდე ბავშვებშიც გახშირდა დანაშაული, არადა, ამ ასაკის მოზარდი არ ისჯება. რა კეთდება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

- ფაქტია, მათ დაუსჯელობის განცდა აქვთ. მხოლოდ განათლების სამინისტროს შეუძლია ასეთი პრობლემური ბავშვები გადაამისამართოს სამტრედიის სკოლაში, სადაც ანტისოციალური ბავშვები ირიცხებიან. გვქონია შემთხვევა, როცა დამნაშავე ბავშვის მშობელს გაუმართლებია შვილის ქმედება. როცა მათ ვურეკავთ და პროკურატურაში ვიბარებთ, მოუცლელობას იმიზეზებენ და თავიდან გვიშორებენ, არადა, მათაც უნდა გააძლიერონ შვილების კონტროლი.

- გასულ წელს რამდენი არასრულწლოვანი მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში?

- 2016 წელს 203 ბავშვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, 2017 წელს კი 271 არასრულწლოვნის. დევნა იმ შემთხვევაში ხდება, როცა პირი ადრე განრიდებული ან ნასამართლევი იყო, ან ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა. არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა პროკურორმა განარიდა ისეთი ბავშვი, როცა დანაშაულში დანა ან იარაღი ფიგურირებდა. როცა თანატოლს მძიმე დაზიანებას აყენებს, პოლიტიკა მკაცრია! თუმცა 271 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოზარდი ციხეში მოხვდება - არსებობს სასჯელის სხვადასხვა ფორმა. თავისუფლების აღკვეთა უკიდურესი ფორმაა და 2017 წელს მხოლოდ 19 არასრულწლოვანი მოხვდა ციხეში. ყველა ამ შემთხვევაში ჩადენილი იყო ძალადობრივი თუ სქესობრივი ხასიათის დანაშაული, ან არასრულწლოვანი უკვე ორჯერ ნასამართლევი იყო და პატიმრობის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა პროკურორსა და მოსამართლეს. პრობლემაა ისიც, რომ არასრულწლოვნები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა სიმართლის თქმა იქნება ღირსება და არა სირცხვილი.

თეა ხურცილავა
ლალუკა
10 თებერვალი 2018 13:05
წარმოიდგინეთ ამათი ტვინი, მეტს რომ ვერ ქაჩავს, რაზე ფიქრობენ და რაზე აზროვნებენ, არა მგონია მათ რამე ღირებული შექმნან ცხოვრებაში.

რედაქტორის რჩევით