"ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მამა ყველაზე მართალი კაცია"
"ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მამა ყველაზე მართალი კაცია"
დევნოზაშვილების ოჯახი 2008 წლამდე რუსთავში ცხოვრობდა. ამირან დევნოზაშვილი დმანისელია, მისი მეუღლე, ნატო ტვილდიანი, სოფელ რცხმელურში დაიბადა და გაიზარდა. ის მეუღლესა და შვილებთან ერთად მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა. მათთან ცხოვრობს ამირანის დედაც, ის პედაგოგია, ფილოლოგი. ამირან დევნოზაშვილს მიაჩნია, რომ გარეთ ბევრი სიბინძურეა, სურს ამას აარიდოს შვილები, ამიტომ გამოკეტა შინ 3 ბიჭი და 5 გოგონა. ყველაზე უფროსი 21 წლისაა, ყველაზე პატარა კი 7 წლის.

თამარ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოცსააგენტოს უფროსი სოცმუშაკი:
"ოჯახი ლენტეხში რომ გადმოვიდა, მერვე შვილი ახალდაბადებული იყო. ბავშვებს პირადობის მოწმობებიც კი არ ჰქონდათ. მოვუწესრიგეთ და სოციალური დახმარება დავუნიშნეთ. სოციალური მუშაკი ცდილობდა, დაერწმუნებინა ოჯახი, რომ ბავშვები სკოლაში გაეშვათ, მაგრამ მამას ამის გაგონება არ უნდა. მას ეთანხმება ბავშვების დედაც. დედამ და ბებიამ ასწავლეს ბავშვებს წერა-კითხვა, ასწავლიან
სხვადასხვა საგანსაც. როცა მოლაპარაკების გზა ამოვწურეთ, სასამართლოს მივმართეთ, რომ შეზღუდოდათ მშობლის უფლება. 2011 წელს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ამის შემდეგ ბავშვები უნდა გამოგვეყვანა სახლიდან, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა, რადგან ძალით გამოყვანა მათ ფსიქოემოციურ მდგო­მარეობაზე იმოქმედებდა. მით უფრო, რომ 2 ბავშვი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული. იჩივლეს მშობლებმა და სააპელაციო სასამართლომ მათ მშობლის უფლებები აღუდგინა. ითქვა, რომ ტელევიზორი არა აქვთ, ასე არ არის, უყურებენ გარკვეულ გადაცემებს, მულტფილმებსაც, გოგონებმა იციან საოჯახო საქმე. შვილ­ები არ თვლიან, რომ მამა მათზე ძალადობს. ახლა პოლიციამ საქმე აღძრა და იმედია, შედეგს მივაღწევთ".

ბადრი ქარდავა, ლენტეხის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
"ყველა ღონისძიება გავატარეთ, როგორმე შემოგვებრუნებინა ოჯახი, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ოჯახის დიასახლისი ჩემი ახლო ნათესავია, ისიც მოექცა მეუღლის ზეგავლენის ქვეშ. სკოლის დირექტორიც მათი ახლობელია, ერთი ღობე ყოფს მათ ეზოს, ბევრჯერ ესაუბ­რა, მაგრამ უშედეგოდ. როცა ძალით მშობლის დაშორებაზე წავიდა საუბარი, მაშინ თქვა, სისხლს დავღვრი, ბავშვებსაც დავხოცავ და ჩემს შვილებს ვერავინ წაიყვ­ანსო. ძალიან უჭირთ, სოციალურ დახმარებას იღებენ და ნათესავებიც ეხმარებიან პროდუქტებით. მამა ამბობს, სრულწლოვნები რომ გახდებიან, მერე თავისით გაიკვალავენ გზასო. როგორმე უნდა მოსცილდნენ ბავშვები მამას, რომ მათთან ფსიქოლოგებმა იმუშაონ".

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, დევნოზაშვილებს რამდენჯერმე შეხვდა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა წევრი ამირანის ნებას ემორჩილება. "ბავშვები მამას ემორჩილებიან, თუმცა რის ხარჯზე და როგორ, არ ვიცი. არ მომწონს მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ღმერთმა გაუხსნას აზრი და გააგებინოს, სწორი გზა როგორია. ბავშვებს ყურადღება სჭირდება. კარგი იქნება, საუბრის შესაძლებლობა თუ ექნება ფსიქოლოგს, მეც სიამოვნებით ვიმუშავებ მათთან".

"ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მამა ყველაზე მართალი კაცია"


ოზურგეთის დაბა ნასაკირალში 2015 წლიდან ამირან შავაძე 4 შვილს სკოლაში არ უშვებს. "ბავშვებს ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა მიაყენეს. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ დირექტორობიდან გაათავისუფლა სპარტაკ გოგიტიძე, დაიწყო კამპანია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ჩემს შვილებს"ჩამშვებებს უწოდებდნენ, რამდენჯერმე სცემეს და ამიტომ სკოლიდან გამოვიყვანე. ვითხოვ სპარტაკ გოგიტიძის, რომელიც პედაგოგად მაინც დატოვეს, და პედაგოგ თამარ პატეიშვილის გათავისუფლებას! მხოლოდ ამის მერე წავლენ ჩემი შვილები სკოლაში. ვითხოვ, სკოლა აღიჭურვოს ვიდეოთვალით და ყველაფერი ფიქსირდებოდეს".

ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
"დარღვევების გამო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს, ამის მერე შავაძემ ერთხანს ატარა სკოლაში ბავშვები, მაგრამ შემდეგ სხვა მასწავლებელთან გაუჩნდა პრეტენზია, არასწორად შეაფასა ჩემი შვილის ცოდნაო. საქმეში ჩაერთო გენინსპექცია, მაგრამ არ დადასტურდა განცხადებაში მითითებული ფაქტები და შავაძემაც ბავშვები სკოლაში აღარ გამოუშვა. მას აქვს ულტიმატუმი - დაითხოვეთ ეს მასწავლებლები და მოვიყვან სკოლაში ბავშვებსო".

მაია ჯაში, ოზურგეთის სოციალური სამსახურის თანამშრომელი:
"2015 წლის 8 აპრილს ამირან შავაძემ გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მოგვმართა - განგვიცხადა, რომ შვილებს არ გაუშვებდა სკოლაში დირექტორთან კონფლიქტის გამო. რეალურად კი სკოლის დირექტორმა დაითხოვა ამირანი სამსახურიდან, რადგან პირველი ჯგუფის ინვალიდია და მძღოლად ვერ იმუშავებდა. ჰქონდა ასევე პრეტენზია, რომ მისი შვილების ცოდნას ობიექტურად არ აფასებდნენ მასწავლებლები, პედაგოგები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ოჯახში მისულმა ფსიქოლოგმა დააფიქსირა, რომ მამა ბავშვებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. 2015 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც დირექტორი გაათავისუფლეს, ბავშვები დაბრუნდნენ სკოლაში, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მამამ ბავშვები სკოლაში ისევ არ გამოუშვა. არც იმაზე დაგვთანხმდა, რომ სხვა სკოლაში გადაგვეყვანა. სასამართლოს მივმართეთ, რომ მისთვის მშობლის უფლება შეეზღუდა, პირველმა ინსტანციამ მშობლის უფლება შეზღუდა, მაგრამ სააპელაციომ გადაწყვეტილება გააუქმა. ბავშვებსაც მიაჩნიათ, რომ მამა ყველაზე მართალი კაცია. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბავშვები ძალიან განერვიულებულნი იყვნენ და არ გასცა დამცავი ორდერი, თუმცა მიუთითა ამირან შავაძეს, რომ ეთანამშრომლა სოციალურ სააგენტოსთან, რასაც არ ასრულებს. არც მინდობითი აღზრდის პროგრამაში ხერხდება მათი ჩართვა, რადგან როცა ბავშვებს ვეკითხებით აზრს, ამბობენ, რომ უნდათ მამასთან".

ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით: "სახელმწიფო სტრუქტურები იმ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასაც კი ვერ ახერხებენ, რომლითაც ბავშვები ოჯახიდან უნდა გამოეყვანათ", - ამბობს უფლებადამცველი.

თეა ხურცილავა
სპარტაკი
10 თებერვალი 2018 11:10
სხვადასხვა უწყებები ყველაფერს ცდილობენ ,რომ ყველაფერი სკოლას და პედაგოგებს დაბრალდეს.არცეთს არ სურთ იმის აღიარება თუ რეალურად ვინაა დამნაშავე!რატომ უნდა ქონოდა პრეტენზია მშობელს ახლად არჩეულ დირექტორთან ორი კვირის შემდეგ?არ გებადებათ რაიმე აზრი?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები