"მამა ამბობს, სისხლს დავღვრი, ბავშვებსაც დავხოცავ და ჩემს შვილებს ვერავინ წაიყვ­ანსო" - კვირის პალიტრა

"მამა ამბობს, სისხლს დავღვრი, ბავშვებსაც დავხოცავ და ჩემს შვილებს ვერავინ წაიყვ­ანსო"

ამ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომმ სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. ბავშვებს სკოლაში და საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"ამირან დევნოზაშვილი დმანისელია, მისი მეუღლე, ნატო ტვილდიანი, ლენტეხის რაიონის სოფელ რცხმელურში დაიბადა და გაიზარდა. ის მეუღლესა და შვილებთან ერთად მამაპაპისეულ სახლში 2008 წელს დაბრუნდა. მათთან ცხოვრობს ამირანის დედაც, ის პედაგოგია, ფილოლოგი. ამირან დევნოზაშვილს მიაჩნია, რომ გარეთ ბევრი სიბინძურეა, სურს ამას აარიდოს შვილები.

თამარ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოცსააგენტოს უფროსი სოცმუშაკი: " 2011 წელს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ამის შემდეგ ბავშვები უნდა გამოგვეყვანა სახლიდან, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა, რადგან ძალით გამოყვანა მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედებდა. მით უფრო, რომ 2 ბავშვი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული. იჩივლეს მშობლებმა და სააპელაციო სასამართლომ მათ მშობლის უფლებები აღუდგინა".

ბადრი ქარდავა, ლენტეხის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი: "ყველა ღონისძიება გავატარეთ, როგორმე შემოგვებრუნებინა ოჯახი, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ოჯახის დიასახლისი ჩემი ახლო ნათესავია, ისიც მოექცა მეუღლის ზეგავლენის ქვეშ. სკოლის დირექტორიც მათი ახლობელია, ერთი ღობე ყოფს მათ ეზოს, ბევრჯერ ესაუბრა, მაგრამ უშედეგოდ. როცა ძალით მშობლის დაშორებაზე წავიდა საუბარი, მაშინ თქვა, სისხლს დავღვრი, ბავშვებსაც დავხოცავ და ჩემს შვილებს ვერავინ წაიყვანსო. ძალიან უჭირთ, სოციალურ დახმარებას იღებენ და ნათესავებიც ეხმარებიან პროდუქტებით. მამა ამბობს, სრულწლოვნები რომ გახდებიან, მერე თავისით გაიკვალავენ გზასო. როგორმე უნდა მოსცილდნენ ბავშვები მამას, რომ მათთან ფსიქოლოგებმა იმუშაონ".

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

თეა ხურცილავა