"ბიჭი შოკშია, ამბობს, როგორც კი შემოვარდნენ, პირდაპირ დათოს ესროლეს, ჩემკენ არც გამოუხედავთო" - კვირის პალიტრა

"ბიჭი შოკშია, ამბობს, როგორც კი შემოვარდნენ, პირდაპირ დათოს ესროლეს, ჩემკენ არც გამოუხედავთო"

სროლის ხმა გაისმა 4 თებერვლის საღამოს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცავები კარგა ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. იმედია მალე გაირკვევა თუ რა გახდა 40 წლის დავით ქმოსტელის მკვლელობის მიზეზი, ვინ და რატომ გაიმეტა ახალგაზრდა კაცი სასიკვდილოდ.

ლომთათიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაა, ეზოიანი სახლებით. იმ საბედისწერო დღესაც, ჩვეულებისამებრ, დავით ქმოსტელი ბავშვობის მეგობართან მივიდა სტუმრად, მანქანა ქუჩაში გააჩერა და მეგობრები ეზოში ლაპარაკს ისე შეყვნენ ჭიშკარიც არ დაუკეტიათ. როგორც ჩანს, დამნაშავეები ქუჩაზე იყვნენ ჩასაფრებულები და მის გამოჩენას ელოდნენ.

ბიჭების დიალოგისას ეზოში ორი ნიღბიანი შევარდა და მეგობრის თვალწინ დავითს რამდენიმე ტყვია ესროლა, რის შემდეგ ქუჩაში გავიდნენ და ზედა ქუჩით გაუჩინარდნენ. როგორც ამბობენ, ორივე ნიღბიანი შეიარაღებული იყო და ყველაფერი წამებში მოხდა. დაჭრილი იქვე, ონკანთან ჩაიკეცა... თვითმხილველთა თქმით, ამ შემზარავი ფაქტის შემსწრე მეგობარი არაადამიანურად ყვიროდა, სროლის ხმაზე ქუჩაში მეზობლები და მეგობრის მამაც გამოვიდნენ და სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ ბიჭს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.

როგორც ამბობენ, მოკლულს 5 ჭრილობა აქვს. რატომ გაიმეტეს ასე სადისტურად ქმოსტელი, ამაზე იქ არავინ ლაპარაკობს. ერთ-ერთ ვერსიად პირადი ანგარისწორება განიხილება, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა ინტერესი ჰქონდათ მკვლელებს.

სამართალდამცავებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს და მოწმეებიც დაკითხეს. ჩვენება უკვე მისცა ფაქტის თვითმხილველმა დათოს მეგობარმა, რომელიც მომხდარით შოკირებულია, მასთან გასუბრება ვერ შევძელით, თუმცა მისი მეზობლებისგან გავიგეთ, რომ დავით ქმოსტელი, მეტსახელად, "ძივითა" ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა ამ უბანში იყო გაზრდილი.

ლეილა, ლომთათიძის ქუჩის მცხოვრები:

- დათო ეს ბოლო წლები რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო ხანს ხშირად იყო საქართველოში. ჩვენს ქუჩაზეც ლამის ყოველ დღე ვხედავდი. ამ ქუჩაზე აქვს ბავშვობა გატარებული და მისი მეგობრებიც აქ ცხოვრობენ. ბიჭებთან ერთად ქუჩაში იდგა და საუბრობდა ან იმ მეგობართან ერთად იყო, რომლის ეზოშიც მოკლეს. მისგან არასოდეს არც ჩხუბი და არც უცენზურო სიტყვა არ გამიგია. ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი იყო.

ამ უბანში ცხოვრობდა დათოს ბებია - დედის დედა ტატიანა, რომელმაც გაზარდა დათო. ბიჭს მშობლები ადრე გარდაეცვალა, ბებია ცდილობდა მისთვის არაფერი დაეკლო. ეს ქალბატონი 90-იან წლების ბოლოს გადაიცვალა, ამის მერე მისი სახლი, ფაქტობრივად, დაინგრა, იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, თუმცა, ამბობდნენ, დათო აპირებს სახლის აშენებასო... როგორც ვიცი, დეიდა ცხოვრობს დიღომში და რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დეიდასთან იყო ხოლმე.

ამბობენ, დეიდასაც შვილი გარდაცვლილი ჰყავს და დათო სანათესაოში ერთადერთი ვაჟი იყო. მასზე ცუდი არასოდეს მომისმენია, რა წარსული ჰქონდა რუსეთში, არ ვიცი.

იმ საღამოს თმას ვიღებავდი, რამდენიმე გასროლის ხმა რომ გავიგე, ჩემმა მეუღლემ თქვა სროლებიაო და გარეთ გავიდა, მალევე შემობრუნდა, რაღაც მოხდაო, მერე მივიდა შემთხვევის ადგილას. მე რომ იქ მივედი, უკვე მოსული იყო სასწრაფო, მათგან გავიგეთ, რომ უკვე გარდაცვლილი იყო.

ის მეგობარიც, რომლის ეზოშიც ეს ამბავი დატრიალდა, არ არის ცუდი ადამიანი. ისიც ობლობაში გაიზარდა, დედა არ ჰყავს და მამამ გაზარდა. ბიჭი შოკში იყო, დაფორთხავდა მიწაზე გამწარებული. ამბობს, როგორც კი შემოვარდნენ, პირდაპირ დათოს ესროლეს, ჩემსკენ არც გამოუხედავთო... ეტყობა შურისძიება იყო, მაგრამ რატომ გაიმეტეს, არ ვიცით. უბნის ბიჭებიც გაოგნებულები არიან და მიზეზი არ იციან.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა იმ ჩანაწერებში იყოს აღბეჭდილი დამნაშავეების მოქმედება, რადგან კამერა შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებითაა. თან ამბობენ, რომ დამნაშავეები სხვა მიმართულებით წავიდნენ. მკვლელობის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო სამუშაოები უკვე დაასრულეს. ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

"ინტენსიურად ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. როგორც კი დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა. ვნახოთ რას დაადგენს გამოძიება.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)