"მითხრა, დოდოს სახლიდან ქალის ხმა ისმის, ყვირის, "მიშველეთო!" - რას ყვებიან სასტიკ მკვლელობაზე მეზობლები? - კვირის პალიტრა

"მითხრა, დოდოს სახლიდან ქალის ხმა ისმის, ყვირის, "მიშველეთო!" - რას ყვებიან სასტიკ მკვლელობაზე მეზობლები?

თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გუგეშაშვილის ვაჟი, თავად ქალბატონი კი დაჭრილია. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი იყო.

მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთი მეზობელი გვიყვება:

"დოდო, შვილთან ერთად, ერთი წელია, რაც ამ მისამართზე გადმოვიდა, დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. ბოლო პერიოდში დოდო ძალიან აქტიური იყო, მეც ვეტერანი ვარ და მეუბნებოდა: რატომ არ მოდიხარ ვეტერანთა კავშირშიო. გუშინ რომ ვნახე, არც აღელვება ეტყობოდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. მათი ბინა მე-13 სართულზეა, სროლის ხმა მე არ გამიგია, თუმცა სხვები ამბობენ, სახლიდან ხმაური ისმოდა. დოდოს შვილი ძალიან პატიოსანი ბიჭია, წესიერი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ის ჯერ ვეტერანთა კავშირში მუშაობდა ფოტოგრაფად, ბოლო პერიოდში კი ერთ-ერთ საბავშვო-გასართობ ცენტრში. დედა-შვილი დიღმის მასივში ქირით ცხოვრობდნენ. წარმოუდგენელია, მათთან ვინმე საყაჩაღოდ შესულიყო, რადგან მათ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ. არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელს იცნობდნენ და კარიც თვითონ გაუღეს".

კიდევ ერთი მეზობლის თქმით კი, სავარაუდოდ, დოდო გუგეშაშვილი დახმარებას ითხოვდა:

"მე დოდოს სართულის მეზობელი ვარ, დილით ათის ნახევარზე სამსახურში რომ წავედი, დოდოს სახლიდან არანაირი ხმაური არ ისმოდა, თუმცა მალევე შემდეგ ტელეფონზე დამიკავშირდა მეზობლის არასრულწლოვანი ქალიშვილი და მითხრა, დოდოს სახლიდან ქალის ხმა ისმის, ყვირის, "მიშველეთო!" სავარაუდოდ, ვიღაცამ პოლიცია სწორედ ამ დროს გამოიძახა. დოდო, სავარაუდოდ, შველას ითხოვდა".

ერთ-ერთი მეზობელი კი, რომელიც მე-10 სართულზე ცხოვრობს, ამბობს, რომ მე-11 სართულზე სისხლინი ხელთათმანი და პლედი ნახა, თუმცა მისთვის უცნობია, ისინი მკვლელმა დატოვა თუ კრიმინალისტებმა გამოიტანეს დოდო გუგეშაშვილის სახლიდან.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)