აბრაკადაბრა - გაუპატიურება ციხიდან 150 კილომეტრის დაშორებით! - კვირის პალიტრა

აბრაკადაბრა - გაუპატიურება ციხიდან 150 კილომეტრის დაშორებით!

კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხეში გამოტანილი განაჩენი

გარიგება პროკურორსა და სკოლის დირექტორს შორის მოსწავლის საწინააღმდეგოდ?!

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არაერთი საქმე შევისწავლე და გამოვაქვეყნე სრულიად დაუჯერებელი, ალოგიკური მოტივებითა და შედეგებით. მასალების შესწავლისას ყოველთვის მებადებოდა კითხვა: ვის რაში სჭირდება ასეთი გაუგონარი პროვოკაციები და ციხეში უდანაშაულო ადამიანების ჩასმა? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ვერც ერთხელ ვერ ვიპოვე პასუხი.

ის არც ახლა მაქვს. ეს არის ორი მცირეწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 14 წლის(!) ბიჭის ამბავი. მას არც ერთი ბრალდება არ დაუდასტურდა, მაგრამ ექვსწლიან სასჯელს მაინც იხდის.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2004 წლის 16 ოქტომბერს გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გიორგი ი-ს მიმართ მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურების ფაქტზე. დასკვნის მიხედვით გიორგი ი-მ 2004 წლის 30 სექტემბერს, სამი გაკვეთილის შემდეგ, დიდ დასვენებაზე, გაუქმებულ ოთახში მეოთხეკლასელ(?!) მეგობარს შეათრევინა პირველკლასელი გოგონა, რომელთანაც ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი.

2004 წლის 13 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართა სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა მოქალაქემ და განაცხადა, რომ ორი კვირის წინ სკოლიდან დაბრუნებულ მის გოგონას ფეხზე ნაკაწრი ჰქონდა, რისთვისაც მაშინ ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ მალე გაარკვია, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. მართლაც, რაიონის ექსპერტმა დაასკვნა, რომ ბავშვი გაუპატიურებული იყო, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დროს ვერ ადგენდა. სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების მუხლით აღიძრა. 2004 წლის 16 ოქტომბერს გურჯაანის სამმართველოს უკვე მოპოვებული ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გოგონა იმავე სოფლის მკვიდრმა, მეცხრეკლასელმა გიორგი ი-მ გააუპატიურა და ის იმავე დღეს დააპატიმრეს.

ზურაბ თოდუა, გიორგი ი-ს ადვოკატი: - როგორც კი საქმეში ჩავერთე, დამატებითი კომისიური ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვე, მაგრამ გურჯაანის რაიონის პროკურატურაში მთელი 6 თვის, ანუ წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, მპასუხობდნენ, რომ ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ექსპერტიზა კვალიფიციურმა ექსპერტმა ჩაატარა და მისი დასკვნის ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია.

- რატომ დაგაეჭვათ დასკვნამ?

- გიორგის უტყუარი ალიბი აქვს.

პროკურატურა გიორგის ედავებოდა, რომ მან დანაშაული 30 სექტემბერს,  მესამე გაკვეთილის შემდეგ, დიდ დასვენებაზე ჩაიდინა. არადა გიორგი ამ დროს სკოლაში არ ყოფილა.

იმ დღეს გიორგის დეიდამ ფეხი მოიტეხა და გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში იყვნენ წასასვლელი. გიორგის დედის ჩვენებით, ბავშვი თავად დედამ გამოიყვანა მეორე გაკვეთილიდან, ეს დაადასტურეს ვაზისუბნის სოფლის მცხოვრებლებმაც, გიორგის კლასელებმა. კუმისის  მთელმა მოსახლეობამ მისცა ჩვენება, როგორ ჩამოვიდა ბიჭი სამარშრუტო ტაქსიდან და მეზობლიდან მეზობელთან დადიოდა ყავარჯნებისთვის. მოწმეთა ჩვენებები დასტურდებოდა საკლასო ჟურნალიდანაც, სადაც 30 სექტემბერს მისი გვარ-სახელის გასწვრივ მესამე გაკვეთილიდან "არ"-ებია ჩამწკრივებული.

ბრალდებამ, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინა არც ალიბი, არც ჩემი შუამდგომლობა და გიორგის ჯერ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მერე კი რამდენჯერმე გაუგრძელეს პატიმრობის ვადა. საბოლოოდ გიორგი ბრალდებულად ცნეს მცირეწლოვნის გაუპატიურებაში და საქმე სასამართლოს გადაუგზავნეს. 2005 წლის ივნისში საქმის განხილვა საოლქო სასამართლომ დაიწყო.

მაშინ კიდევ ერთხელ მოვითხოვე დამატებითი კომისიური ექსპერტიზა და ჩემი ეჭვი გამართლდა - დადგინდა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. პროკურატურასა და დაზარალებულს ამის დაჯერება არ უნდოდათ, ცალ-ცალკე ჩაატარეს ექსპერტიზები და იგივე დადასტურდა. გამოძიება ჩიხში შევიდა, სასამართლომ კი გიორგი 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა.

სასამართლო გამოძიება ფაქტობრივად დამთავრებული იყო და განაჩენიც უნდა გამოტანილიყო, როცა პროკურატურამ მოსალოდნელი საფრთხე (კერძოდ, გიორგის გამართლების შემთხვევაში ის უკანონო პატიმრად უნდა ეღიარებინათ) თავიდან აიცილა და  საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნება მოითხოვა უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მოტივით: გიორგის 2005 წლის ზაფხულში კიდევ გაუუპატიურებია თანასოფლელი  და ეს უნდა გამოვიძიოთო. დაზარალებული აღმოჩნდა ფსიქიკურად დაავადებული ოჯახის შვილი, რომელიც პოლიომიელიტით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში სწავლობდა.

პროკურატურამ სწორედ ამ ბავშვის ფსიქიკურად დაავადებულ დედას დააწერინა (სავარაუდოდ თავად დაწერა, რადგან ამ ქალმა წერა-კითხვაც არ იცის, ზაფხულის თვეების ჩამოთვლა რომ ვთხოვე, ნოემბერი, დეკემბერი და თებერვალი დაასახელა), რომ თურმე მისი შვილი გიორგის 2005 წლის ზაფხულში გაუუპატიურებია. გაუგონარი რამ იყო ასეთი ბრალდების წაყენება გიორგისათვის, რადგან 2005 წლის ზაფხულში ის პატიმარი იყო და ორთაჭალის საპყრობილეში იჯდა.

ბუნებრივია, ეს იაღლიში პროკურატურის წისქვილზე არ ასხამდა წყალს. მაშინ მოვიწვიე პრესკონფერენცია და დავსვი კითხვა, როგორ შეძლო 15 წლის მოზარდმა ციხიდან 150 კილომეტრის დაშორებით ვინმეს გაუპატიურება(?!) პროკურატურამ ისევ მოძებნა გამოსავალი და გაუპატიურების თარიღად 2003 წლის ზაფხული დაასახელა, მაგრამ აქაც შეცდნენ, რადგან 2003 წლის ზაფხულში გიორგი მცირეწლოვანი იყო და ბრალს ვერ უყენებდნენ, ამიტომ არჩევანი 2004 წლის ზაფხულზე შეაჩერეს.

არადა დაზარალებული ამბობდა, როცა ეგ ამბავი მოხდა, მაშინ ბებიაჩემი გარდაიცვალა, დედას შავები ეცვა და 40 დღე ახალი გასული იყოო! გავარკვიე, რომ ამ ბავშვის ბებია 2005 წლის მაისში გარდაცვლილა, 40 დღეც რომ მიუმატო, ივნისის ბოლო გამოდის და გიორგი იმ დროსაც ციხეში იჯდა! მიუხედავად ამისა, განაჩენში ჩაწერეს, მეორე გაუპატიურების დრო დაუდგენელიაო.

- ბავშვი მართლა იყო გაუპატიურებული?

- გოგონას ექსპერტიზა არ ჩატარებია. რამდენჯერმე დავაყენე შუამდგომლობა, მაგრამ უარი მითხრეს, ბავშვი  წინააღმდეგიაო. მოვითხოვე ფსიქიატრიული ექსპერტიზაც და არც ეს დამიკმაყოფილეს, ადამიანის უფლებებს არღვევსო! უამისოდ გაუპატიურების ფაქტი როგორ უნდა დადგენილიყო?

- რაში სჭირდებოდა პროკურატურას ეს?

- ბიჭი უკანონო პატიმრად რომ არ ჩასთვლოდათ, როგორმე უნდა გაემართლებინათ პირველი პატიმრობა და შემდეგი ბრალდებით თუნდაც ერთწლიანი სასჯელი დაეკისრებინათ.

პირველ შემთხვევაში, როცა გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია, თვითონვე შეუცვალეს  მუხლი, მაგრამ გიორგი ამჯერად გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს, მეორე გაუპატიურება კი, რომლის მტკიცებულება არ არსებობდა, "გარყვნილი ქმედების ჩადენად" გადაუკვალიფიცირეს და ამ მუხლებით მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ამის მთავარი საფუძველი კი გახდა სკოლის ყოფილი დირექტორის ჩვენება, რომელმაც მოულოდნელად 4 წლის შემდეგ გაიხსენა, რომ გიორგი 30 სექტემბერს მესამე გაკვეთილის შემდეგ გაუქმებულ საკლასო ოთახში ნახა, მაშინ როცა ის შარვალს იკრავდა! არადა სკოლის დირექტორი თინათინ ლაზარიაშვილი სხვადასხვა დროს გამოძიებასა და სასამართლოში ექვსჯერ დაიკითხა და მსგავსი არაფერი უთქვამს.

ამ ჩვენებამდე სულ მიკვირდა, რაში დასჭირდათ ამ ბავშვისთვის ამ გაუგონარი პროვოკაციის მოწყობა-მეთქი, მაგრამ ლაზარიაშვილის ჩვენების შემდეგ ბევრი ძალზე საინტერესო რამ გავარკვიე. საქმე ის არის, რომ გურჯაანის რაიონის ამ სოფელში საბჭოთა ხელისუფლების პერიოდიდან სოფლის ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, "მონარქისტული მმართველობა" იყო დაკანონებული. "მონარქები" სწორედ დაზარალებული ოჯახის და გვარის წევრები იყვნენ.

"მოქალაქეთა კავშირისა" და "მხედრიონის" მოსვლის შემდეგ ამ გვარს გაუფუჭდა ურთიერთობა შევარდნაძის ხელისუფლებასთან. ამ დროს სკოლის დირექტორად დაინიშნა "მხედრიონის" კადრი, ამ წრეებში საკმაოდ ცნობილი თინათინ ლაზარიაშვილი. სოფელში სკოლის დირექტორი დაახლოებით პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით სარგებლობდა.

ამ ქალმა ვერ ააწყო ურთიერთობა "ვარდების" ხელისუფლებასთან და დირექტორობისგან გაათავისუფლეს. საკრებულოს თავმჯდომარე ამ დროს ვინმე ნოდარ ონაშვილი იყო. ჩემი ინფორმაციით, ონაშვილს დაზარალებული გვარის წევრები შეუჩნდნენ, რომ სკოლის დირექტორად გადასულიყო, ამით დაზარალებულ გვარს უჩნდებოდა შანსი, რომ სოფელში "მონარქია" აღედგინა. ამისათვის საჭირო იყო ლაზარიაშვილის გათავისუფლება, საამისოდ კი... პატარა სკანდალი სკოლაში, რომელსაც ლაზარიაშვილი შეეწირებოდა. მართლაც ამ ამბის შემდეგ ის გაათავისუფლეს სამსახურიდან და "ნაციონალების" კადრი ონაშვილი დანიშნეს.

ასე დადგა ყველაფერი თავის ადგილზე, მაგრამ ლაზარიაშვილი მიჩვეული იყო სოფლის "პარლამენტის თავმჯდომარეობას" და ცდილობდა თანამდებობაზე დაბრუნებას. ამასობაში პროკურატურასაც პრობლემები შეექმნა, არ დადასტურდა გაუპატიურების ფაქტი, მეორე გაუპატიურების თარიღზეც სკანდალი ატყდა და სწორედ ამ დროს  დაემთხვა პროკურატურისა და ლაზარიაშვილის ინტერესები ერთმანეთს, - პროკურატურა შეჰპირდა, რომ თანამდებობაზე დააბრუნებდა, თუ გიორგის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა და 4 წლის შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებას "გაიხსენებდა"! ამ გარიგებამ "გაუბრწყინა" გონება ლაზარიაშვილს 4 წლის შემდეგ. როცა ვკითხე, თუ ეს იცოდით, სკოლის დირექტორმა რატომ არ განაცხადეთ შესაბამის ორგანოებში-მეთქი, მიპასუხა, აღელვებული ვიყავი და არ მახსოვდა, ახლა დავწყნარდი და გამახსენდაო!

გარიგება პროკურატურასა და ყოფილ დირექტორს შორის შედგა - მე მის საკასაციო სასამართლოში დაკითხვას ვითხოვდი, მაგრამ ლაზარიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. გიორგის განაჩენს კი ძირითად საფუძვლად სწორედ მისი ჩვენება უდევს.

გიორგი მეორედ გაამწესეს ციხეში. როდესაც პატიმარი ციხეში ამ მუხლით შედის, მისი დღეები დათვლილია. იმართება "სასამართლო პროცესი". როგორც კი გიორგი ციხეში შევიდა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა საქმის გასარჩევად დაიბარეს.

განაჩენი და საქმის მასალები შეისწავლეს და მიიღეს გადაწყვეტილება, - გიორგისთვის უბატონოდ ხმა არავის გაეცა. 15 წელი ციხეში შეუსრულდა. ავტორიტეტებს უკითხავთ, რა სურვილი გაქვს, აქედან რომ გახვალო. ტრაქტორი მინდაო, უთქვამს, კახეთში ბევრი დაუმუშავებელი მიწაა და დამჭირდებაო. მაშინ შეჰპირდნენ, აქედან რომ გახვალ, ტრაქტორი დაგხვდებაო. ტრაქტორის რა გითხრათ, მაგრამ ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში ვგზავნი და დარწმუნებული ვარ, იქ ვიპოვით სამართალს.