"თუ ხატიას რამეს დაუშავებენ, გეფიცებით, თავს დავიწვავ!"
12-02-2018
"თუ ხატიას რამეს დაუშავებენ, გეფიცებით, თავს დავიწვავ!"
"როგორია­, ანგელოზივით ბავშვი შეიყვანო საავადმყოფოში და ასეთი გაიყვანო?!"

უკვე 5 თვეა, რაც 18 წლის ხატია თვაური ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩატარებული ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაშია. 8 თებერვა­ლს ხატიას ახლობლები კლინიკაში შეიჭრნენ და დირექტორის, გიგა ჯიქიასგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. თვაურების ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს, რათა პაციენტი დროულად­ ცნონ დაზარალებულად და რაც დასჭირდება,­ ყველაფრით უზრუნველყონ. "კვირის პალიტრა" ხატია თვაურის დედას თეონა სიდამონიძეს ესაუბრა.

- ხატია კლინიკაში
სრულიად ჯანმრთელი შევიყვანეთ. ექიმმა ზაქრო ოდიშვი­ლმა, ანესთეზიოლოგმა ანზორ ჩომახიძემ და ექთანმა ლელამ ცხვირის პლასტიკური­ ოპერაცია გაუკეთეს. როდესაც პალატაში ჩამოიყვანეს, 20 წუთის განმავლობაში კონტაქტური იყო. არ შემოჰყოლია­ არც ექიმი,­ არც ექთანი, რომ ეთქვათ, როგორ მიმეხედა ბავშვისთვის... რამდენიმე წუთში შევამჩნიე, რომ ხატია გალურჯდა. ცივი იყო. ნარკოზის ზემოქმედების
შედეგია, ჩვენი შვილებიც ასე იყვნენო, - მითხრეს სხვა პაციენტების მშობლებმა. გარეთ გავედი და დერეფანში მჯდომი ექთანი მოვიხმე. ნუ გეშინიაო, დამამშვიდა, თან ხატიას მხარზე­ შეეხო და ჰკითხა, ხომ არ გცივაო, მაგრამ ხმა რომ არ ამოიღო, მაშინვე ლელა ექთანი მოიხმეს. მან გასინჯა, ჩქარა, პულსი არ უცემსო და ინტენსიურ განყოფილებაში გააქანა.

მოგვიანებით ამიხსნეს, რომ ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ ხდება - ხატიას გული გაუჩერდა, მაგრამ ავუმუშავეთ, ახლა აპარატზეა მიერთებული და ხვალიდან ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდანო.
გავიდა 5 დღე, ბავშვს ტვინის შეშუპება დაეწყო. გვითხრეს, თუ ოპერაციას­ არ გავუკეთებთ, გადარჩენის ალბათობა 3% იქნებაო... ლადო წიქარიშვილმა გაუკეთა ოპერაცია. შემდგომ გვამცნეს, ტვინი დაზიანებულია, 2-3 კვირა უნდა ეძინოს, ზედმეტად რომ არ დაიტვირთოს, 1-2 თვის შემდეგ კი ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდანო. ნოემბერში ხატიამ თვალები გაახილა, აპარატის გარეშეც სუნთქავს, თუმცა ვერ ლაპარაკობს, ხელ-ფეხს გაუაზრებლად ამოძრავებს და ვერავის გვცნობს.
ნევროლოგმა მითხრა, ამაზე მეტს აქ ვერაფერს გავუკეთებთ, ან შინ წაიყვანეთ, ან საზღვარგარეთ უმკურნალეთო. როგორია­, ანგელოზივით ბავშვი შეიყვანო საავადმყოფოში და ასეთი გაიყვანო?! კლინიკისგან­ მოვითხოვე დახმარება. ჯერ უარი მითხრეს, მერე შემომთავაზეს, საავადმყოფოს პერსონალმა - ფონდი გავხსენით ხატიას დასახმარებლად და ამ თანხით ბინას გიყიდით, რომელიც კლინიკასა და თქვენზე გაფორმდება, სამაგიეროდ, ხელი უნდა მოაწეროთ, რომ ბავშვი თქვენი ნებით გაგყავთ და არც კლინიკასა და არც ექიმებს არ ედავებითო.

საქმე იმაშია, რომ 14 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი შევიტანე. დაიწყო მოკვლევა და დეკემბერში დაიდო დასკვნა. დამნაშავედ პალატის ექიმი ხათუნა ჩიტაძე გამოიყვანეს, რომელიც საერთოდ არ მინახავს შემოსული. საავადმყოფოს ვერსიით, თითქოს ოპერაციის შემდეგ ხათუნამ­ ნახა ხატია პალატაში უგონოდ და მანვე გადაიყვანა ინტენსიურში. სინამდვილეში ასე არ ყოფილა, გააყალბეს საბუთები­ და დამნაშავედ პალატის ექიმის გამოყვანა მოინდომეს. ჩიტაძემ გაასაჩივრა და ახლა საქმეს პროკურატურა სწავლობს. ჩვენც გვამცნეს ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, რადგან კლინიკის მიერ გადაცემულ საბუთებში ძალიან ბევრი მონაცემია გაყალბებული.

- თქვენ რას ითხოვთ?

- ვითხოვთ, ბავშვი თავიდან გამოიკ­ვლიონ, თუ აქაურ ექიმებს აღარ ძალუძთ ხატიას მკურნალობა, საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანონ სპეციალისტი. ამავდროულად, ვითხოვ გამოძიებას, რათა ჩემი შვილი დაზარალებულად ცნონ და რაც დასჭირდება, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ სრულ გამოჯანმრთელებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ხატიას ხელოვნურად რამეს დაუშავებენ, რისიც ძალიან მეშინია, ან მოთხოვნებს არ შეასრულებენ, გეფიცებით, მართლა დავიწვავ თავს!

P.შ. "კვირის პალიტრა" შეეცადა და­ჰკავ­შირებოდა ზაქარია ოდიშვილს, პლას­ტიკურ ქირურგს, რომელმაც ხატიას ოპე­რაცია გაუკეთა, თუმცა მან არც ჩვენს ზარებს უპასუხა და არც სატელეფონო შეტყობინებას.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით