"ლევანი ამბობს, რომ განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს" - კვირის პალიტრა

"ლევანი ამბობს, რომ განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს"

"პოლიციაში გადაღებული ერთადერთი ვიდეოფირი აქვთ, სადაც ეკითხებიან, ქმოსტელი რატომ მოკლესო და ის პასუხობს, ალბათ, მოსაკლავი იყოო. მხოლოდ ეს ჩანაწერია საქმეში"

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცავებმა გახსნილად გამოაცხადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. დაკავებულების ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ბრალდებულებს მომხდართან კავშირი არა აქვთ.

მკვლელობა 4 თებერვალს, საღამოს 8-ის ნახევარზე მოხდა. იმ დღეს დავით ქმოსტელი მეგობართან სტუმრად იყო და მისი ბინიდან გამოსვლისთანავე ეზოში ჩაცხრილეს... ლევან ყანდორელაშვილსა და მის მეგობარ გიორგი ჭალელიშვილს ბრალი უკვე წაუყენეს და მოტივად შურისძიება დაასახელეს. გამოძიების ვერსიით, ლევანსა და დავითს უთანხმოება ჰქონიათ. ყანდორელაშვილმა იცოდა, რომ ქმოსტელი მეგობართან მიდიოდა და ჭალელიშვილთან ერთად იქ ჩაუსაფრდა. უბანში ამბობენ, რომ მკვლელობა ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირს უკავშირდება. თუმცა ამ ვერსიას მოკლულის ახლობლები უარყოფენ. პროკურორის თქმით, ორივე ბრალდებული ადრე ნარკოდანაშაულის გამო ნასამართლებია, ქმოსტელი კი (მეტსახელად "ძივითა") რუსეთში ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

სულხან კომახიძე, ლევან ყანდორელაშვილის ადვოკატი: - ლევანს ამ დანაშაულთან კავშირი არა აქვს. ძალოვანებმა თქვეს, რომ ის თბილისში დააკავეს, არადა, საქმეში დევს ლევანის გამოკითხვის ოქმი, რომელიც კასპის რაიონშია შედგენილი. როგორ წარმოგიდგენიათ, ის კასპში დაჰკითხეს, გაუშვეს და მერე თბილისში დააკავეს?! მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმეში დევს რამდენიმე პოლიციელის პატაკი. როგორც ამბობენ, ჰქონიათ ინფორმაცია, რომ დანაშაული ყანდორელაშვილის ჩადენილია და ფარულ მოსმენებს ითხოვდნენ. სინამდვილეში ჭალელიშვილი და ყანდორელაშვილი 5 თებერვლის გამთენიისას კასპში, ჭალელიშვილის ბებიის სახლში დააკავეს. ჩანს, დანაშაული ვერ გახსნეს და პოლიციამ კარგი კანდიდატი, ლევანი იპოვა.

- ლევანი იცნობდა მოკლულს?

- უბნელები არიან, მაგრამ მეგობრები არ ყოფილან... ყანდორელაშვილისა და ჭალელიშვილის წინააღმდეგ სხვა საქმე განიხილება, მათ ორი კაცის ცემას ედავებიან. ეს საქმეც პარადოქსია - რეალურად ორივე დაზარალებულია. 2017 წლის ნოემბერში ლევანსა და გიორგის მანქანა დაეჯახა, გიორგის ფეხი ჰქონდა მოტეხილი. დამნაშავის დაკავების ნაცვლად, საქმე დაზარალებულების წინააღმდეგ აღძრეს. ორივე 2000-ლარიანი გირაოთი გაუშვეს. ჩვენი ინფორმაციით, ვინც მათ დაეჯახა, სასჯელაღსრულების ბიუროს თანამშრომელია. ვითხოვეთ, ოფიციალურად დაედასტურებინათ, მართლაც ასეა თუ არა, მაგრამ ბიურომ მოგვწერა, ეს პერსონალური მონაცემებია და პასუხს ვერ გაგცემთო. 31 იანვარს სასამართლო ჩატარდა, ამ საქმეში ვიცავდით ლევანს, რადგან ის სოციალურად დაუცველია. პროცესზე ჩამოთვალა, თუ ვინ დევნიდა, ასახელებს ძალოვანი უწყების თანამშრომელს. მოსამართლეს უთხრა, ვიცი, ნარკოტიკს ჩამიდებენ ან სხვა დანაშაულს დამაბრალებენ და ეს იცოდეთ, რადგან ბოლო დროს მითვალთვალებენო. ამ ჩვენებიდან 5 დღეში, 5 თებერვალს დააკავეს. გორში მცხოვრები მისი მშობლები და ძმები მთელი დღე ჰყავდათ პოლიციაში, ლევანს ეუბნებოდნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებ, შენი ოჯახის წევრებსაც დავიჭერთო...

- რა სამხილი აქვს გამოძიებას?

- არანაირი. ჭალელიშვილს თავიდან იარაღის შენახვისთვის წაუყენეს ბრალი. ბებიამისის სახლიდან ამოღებულია 2 ხელყუმბარა, სავარაუდოდ, დიდი ხნის, მისი ბაბუა იყო ძალოვანი... არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. მეტიც, ლევანი ამბობს, რომ განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს. ერთადერთი ვიდეოფირი აქვთ, სადაც ეკითხებიან, ქმოსტელი რატომ მოკლესო და ლევანი პასუხობს, ალბათ, მოსაკლავი იყოო. ბრალდების თქმით, ლევანი ქმოსტელზე განაწყენებული იყო, გაბოროტდა და ამიტომაც მოკლაო, არადა, მსგავსი რამ მასალებით არ დასტურდება. სახელმწიფო ძალადობს მასზე. ვფიქრობთ, ეს საქმე ნაფიცი მსაჯულების განსახილველი იქნება.

თეა ხურცილავა