რატომ დატოვა მკვლელმა მთავარი მოწმე?!
12-02-2018
რატომ დატოვა მკვლელმა მთავარი მოწმე?!
მეზობლების აღწერით, მკვლელი 40 წლამდე ასაკის, საშუალო სიმაღლის, მხარბეჭიანი მამაკაცია, წვერგაუპარსავი იყო და ეკეთა მუქი სათვალე, ეცვა ლურჯი ქურთუკი, რომლის კაპიუშონიც თავზე ჰქონდა წამოფარებული. ისიც ითქვა, საქართველო დატოვაო...

"მიშველეთ, შვილი მომიკლეს!" - 7 თებერვალს, 11 საათი ხდებოდა, როცა დიღმის მასივში კორპუსის ბინადრებს ქალის განწირული კივილი მოესმათ. ქალი დაჭრილი იყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. გაოგნებული მეზობლები მის მოსულიერებას ცდილობდნენ, როცა კიბეზე მამაკაცმა ჩამოირბინა. "ეს არის მკვლელი, დაიჭირეთ!" - სწორედ მისკენ გაიშვირა
ხელი თურმე დოდო გუგეშაშვილმა, თუმცა, სანამ მეზობლები რეაგირებას მოახდენდნენ, მამაკაცმა კიბე ჩაირბინა და მიიმალა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლეს, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ითქვა ისიც, რომ მკვლელი დოდო გუგეშ­აშვილმაც დაჭრა და ამას ადასტურებს სადარბაზოდან გამოსული სისხლის კვალი, რომელიც დიღმის ტყე-პარკამდე მიდის. მკვლელს,
სავარაუდოდ, მანქანა ელოდებოდა.

მკვლელობის ზუსტ მოტივზე არავინ საუბრობს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავეს დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მოკვლა სურდა. როგორც ამბობენ, დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაწყებულა გოგონას გამო. ამ საქმის გარჩევა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 8 წლის წინ მომხდარა, მერე თითქოს ბიჭები შეურიგებიათ და ყველას ეგონა, რომ ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ დამნაშავემ ძველი წყენა გაუხსენა ნოდარს და შური იძია. ითქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულა.

ჩვენ შევეცადეთ აღგვედგინა ტრაგედიის რეალური სურათი. როგორც მეზობლების გამოკითხვით ირკვევა, სავარაუდოდ, დამნაშავეს ბინის კარი დოდო გუგეშაშვილმა გაუღო.

ზოია ქაჯაია, მეზობელი:
"დოდო არაადამიანურად ღმუოდა, გარეთ რომ გამოვვარდი, ჩემს სართულზე იდგა და მეზობლის ბიჭმა ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო. მერე სკამი გამოვიტანეთ და დავსვით. მე-11 სართულამდე ფეხშიშველმა ჩამოირბინა კიბე. დახმარებას ვცდილობდი, ჩემს წინდებს ვაცმევდი, როცა უცებ იკივლა, ეს არის მკვლელი, დაიჭირეთო. რომ ავიხედე, მამაკაცის ზურგს მოვკარი თვალი. გარბოდა, ხელში ცელოფანის პარკი ეჭირა, რომელშიც მუყაოს ყუთი იდო. ქვედა სართულის მეზობლებმა მისი სახეც დაინახეს და გარეგნობის აღწერაც შეძლეს. სწორედ მათი აღწერილობის საფუძველზე შექმნეს ფოტორობოტი, მაგრამ, როგორც ვიცი, პოლიციამ ისედაც იცოდა დამნაშავის ვინაობა. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მკვლელი ნახა, მე-14 სართულზე მცხოვრები მეზობელია. ყვირილის ხმაზე გამოვარდნილა და დაუნახავს, როგორ გამოდიოდა დოდოს სახლიდან მამაკაცი, რომლისთვისაც უკითხავს, რა ხდებაო? იმასაც კითხვითვე უპასუხია, რა ხდებაო და კიბეზე ჩაურბენია. ის მეზობელიც ამბობს, რომ მამაკაცს ხელში პარკი ეჭირა, რომელშიც ყუთი იდო. კიბეზე ჩარბენისას მამაკაცი კედელს მინარცხებია და მსხვრევისმაგვარი ხმა გაუგონია მეზობელს, თუმცა უცნობია, რა იდო ყუთში - იარაღი თუ გუგეშაშვილების სახლიდან რაიმე ნივთი მიჰქონდა.

მთელი დღე სადარბაზოს არ გვაკარე­ბდა­ პოლიცია. აქვე ეგდო ის სისხლიანი­ პლედი, რომელიც მეზობელმა დოდოს დაუფინა, ასევე სისხლიანი ნაჭერი, რომლითაც ჭრილობის შეხვევას ცდილობდნენ".
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს მკვლელობის შემდეგ გადაღებული ფირი, რომელიც ერთ-ერთმა მობინადრემ გადაიღო. დაფიქსირებულია ყველა ფაქტი, რასაც მეზობლები აღწერენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანი გუგეშაშვილების ბინაშიც შევიდა და ყველაფერი ფირზე აღბეჭდა, მასალა კი სამართალდამცავებს გადასცა. ჩვენ ვცადეთ მასთან გასაუბრება, მაგრამ გვითხრა, რომ გამოძიებამ გაუთქმელობაზე ხელწერილი ჩამოართვა. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის მისვლამდე კიდევ რამდენიმე მეზობელი შევიდა გუგეშაშვილების ბინაში და მათ დაინახეს საძინებელში მოკლული ნოდარი. ერთ-ერთი მეზობლის ვარაუდით, როდესაც მკვლელი სახლში შევიდა, ნოდარს ეძინა.

"ნოდარი საწოლთან ეგდო საცვლების­ ამარა, ალბათ, სროლის შემდეგ გადმოვარდა. სისხლის გუბეში იწვა და ახლოს მისვლა ვერ გავბედე. დოდო თავდაპირველად ყვიროდა, შვილი მომიკლაო, მაგრამ მერე სულ კითხულობდა, ჩემი ნოდარი როგორ არისო, ეტყობა, არ უნდოდა დაჯერება, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა. ჩვენც დაჭრილი გვეგონა და ოთახში ამიტომ შევიხედეთ. სასტუმრო ოთახში ეყარა მასრები, როგორც ვიცი, საძინებელშიც იყო. ამბობენ, რომ დოდომაც დაჭრა მკვლელი, იმან კი დოდოს ესროლა, მაგრამ ფაქტია, მკვლელს გამოასწრო და კივილით ჩამორბოდა კიბეზე. ზუსტად ამ დროს კორპუსში შუქი გამოირთო და ცხადია, მკვლელი ლიფტით ვერ ისარგებლებდა, ამიტომ კიბის ფეხით ჩარბენამ მოუწია, ამ დროს კი ბევრმა მეზობელმა მოჰკრა თვალი. რატომ არ გაიმეტა სასიკვდილოდ დოდო, პასუხი არა მაქვს, თუმცა, რომ მოენდომებინა, ალბათ, არ გაუჭირდებოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ დოდომ პირველმა ესროლა შვილის მკვლელს და დაჭრილმა მხოლოდ ერთი ტყვიის გასროლა მოახერხა დოდოს მოსაკლავად, ამასობაში კი ქალმა გაქცევა­ შეძლო. ცოტა ხანს შეყოვნდა ბინაში მკვლელი, შესაძლოა თავს იწესრიგებდა,­ რომ ქუჩაში არ შეემჩნიათ დაჭრილი და მერე გამოვიდა... დოდო 2-3 წუთის ჩამოსული იყო მეთერთმეტე სართულამდე, როცა მკვლელმა ჩვენ წინ ჩაირბინა. სასტუმრო ოთახშიც იყო სისხლი და ვფიქრობ, ეს მკვლელისა უნდა ყოფილიყო, რადგან თავდაპირველად დოდოს სხეულზე სისხლი არ შეგვინიშნავს. მკერდზე ხელს იდებდა, დაჭრილი ვარო და მერეღა შევამჩნიეთ. პოლიცია სასწრაფო დახმარების მანქანაზე ადრე მოვიდა, ესაუბრა დოდოს, მაგრამ მკვლელზე ჩვენი თანდასწრებით დოდოს არაფერი უთქვამს. უცებ შუქიც მოვიდა და დოდო საკაცით ჩაიყვანეს... ჩვენი ვარაუდით, დოდო იცნობდა მკვლელს და კარიც მან გაუღო. როცა დაჭრილს მეზობლები დახმარებას უწევდნენ, მახსოვს, გამწარებულმა ისიც თქვა, მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდაო. დოდოს ხალათი ეცვა, სავარაუდოდ, ახალი გაღვიძებული იყო", - ჰყვება მეზობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა ფილტვიც. როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მეზობლებს ხმაური და სროლის ხმა არ გაუგონიათ. სავარაუდოდ, მკვლელს მაყუჩიანი იარაღი­ ჰქონდა, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ ვერ გაიგონეს გუგეშაშვილის საპასუხო გასროლა. მეზობლების თქმით, როცა დაჭრილმა ქალმა კიბეზე ჩამოირბინა, მას ხელში იარაღი არ ჰქონია. არც მის ბინაში შესულ მეზობლებს უნახავთ იარაღი... როგორც ირკვევა, მკვლელმა ნოდარს ორი ტყვია დაახალა - ორივე თავის არეში. ერთი ტყვია კეფაში მოხვდა.
მეგობრების თქმით, ნოდარი უკონფლიქტო ადამიანი იყო. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა. ბოლო დროს ნოდარი უმუშევარი ყოფილა. ადრე ბავშვთა გასართობ ცენტრში ანიმატორი იყო, მანამდე კი ვეტერანთა კავშირში ფოტოგრაფად მუშაობდა.

საზოგადოების ერთმა ნაწილმა მკვლელობა დოდო გუგეშაშვილის წარსულს, "მხედრიონის" ამბებს დაუკავშირა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ­ მის მეგობრებს. ჩვენი წყაროც ადასტურებს, რომ სამიზნე ნოდარი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, სადარბაზოშიც გაეკიდებოდა ქალს და იქ დაახლიდა ტყვიას. თუმცა მაინც ჩნდება კითხვა, რატომ დატოვა მთავარი მოწმე მკვლელმა?
მეზობლების აღწერით, მკვლელი 40 წლამდე, საშუალო სიმაღლის, მხარბეჭიანი მამაკაცია, წვერგაუპარსავი იყო და ეკეთა მუქი სათვალე. ეცვა ლურჯი ქურთუკი, რომლის კაპიუშონიც თავზე ჰქონდა წამოფარებული. ისიც ითქვა, საქართველო დატოვაო.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით