რა ხდება "ბადაგონში" - კვირის პალიტრა

რა ხდება "ბადაგონში"

კომპანია "ბადაგონის" ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ უბილავა და ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა "ბადაგონის" ამჟამინდელ მფლობელს, გიორგი სალაყაიას კომპანიის წილების მითვისებაში ადანაშაულებენ. სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე შევიდა კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გამოძიებისთვის საჭირო მასალები ამოიღო. რა ხდება "ბადაგონში" და რას ითხოვს წილზე მოდავე მხარე, "კვირის პალიტრას" კომპანიის ინვესტორის ადვოკატი იმედა დვალიძე ესაუბრა:

"აბსურდული და ალოგიკურია, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას, რომელმაც 20 მილიონი ჩადო საქმეში, კომპანიაში 0%-იანი წილი აქვს, გიორგი სალაყაია კი, რომელსაც არც ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია, 100%-ის მფლობელია"

- "ბადაგონის" ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა ერთმანეთს ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრების პერიოდიდან იცნობენ, წლებია მათი მეგობარია გიორგი სალაყაიაც. 90-იანი წლების ბოლოს თეიმურაზ უბილავამ ღვინის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა, გააშენა ვენახი და დააარსა ღვინის საწარმო "მეღვინეობის რაინდი", რომლის მთავარი პარტნიორი იყო ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი", რაც იმითაც დასტურდება, რომ ჯანჯღავას კომპანიამ ჯამში 20 მილიონი დააბანდა ღვინის საწარმოში. ეს დასტურდება დოკუმენტებითა და ფინანსური გადარიცხვების ოპერაციებით. დროთა განმავლობაში კომპანია "მეღვინეობის რაინდთან" სხვადასხვა შპს-ც გაერთიანდა და გაერთიანებული კომპანია ბაზარზე "ბადაგონის" სახელწოდებით გამოჩნდა. 2006 წელს, როდესაც "ბადაგონმა" სწრაფი განვითარება დაიწყო, ფალსიფიკაციის ბრალდებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიჭრნენ კომპანიაში. ხანგრძლივი დავის შემდეგ გაირკვა, რომ სახელმწიფოს ბრალდება უსაფუძვლო იყო და კომპანიამ მუშაობა განაგრძო. პარალელურად, "გრაკორო" პარტნიორებისგან აქციებს ყიდულობდა და როდესაც ეს პროცესი დასრულდა, "ბადაგონის" 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანია გახდა.

- როდის ჩნდება კომპანიის მართვაში გიორგი სალაყაია?

- 2000-იანი წლების დამდეგს ვლადიმერ ჯანჯღავას ინიციატივით კომპანიის დირექტორად მოიწვიეს გიორგი სალაყაია, რომელიც 2013 წლამდე ყველა დოკუმენტში დირექტორად არის მოხსენიებული, პარტნიორები კი მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავა და თეიმურაზ უბილავა იყვნენ. გარდა საქმიანი ურთიერთობისა, მათ შორის ნათესაური კავშირიც გაჩნდა - გიორგი სალაყაიამ შვილი ვლადიმერ ჯანჯღავას მოანათვლინა. 2013 წელს პარტნიორებმა სწორედ ამ ახლო ურთიერთობისა და კომპანია "ბადაგონის" განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაწყვიტეს გიორგი სალაყაია წაეხალისებინათ და "ბადაგონის" 19%-იანი წილი აჩუქეს. ეს იყო პარტნიორების მხოლოდ კეთილი ნება და არა სალაყაიას მიერ მოზიდული ან კომპანიაში განხორციელებული ფინანსური ინვესტიციის სანაცვლოდ მიღებული წილი.

ქრონოლოგიურად გავყვეთ მოვლენებს: 2006-2007 წლებში ქართულ პროდუქციაზე დაწესებულმა რუსეთის ემბარგომ, ასევე კომპანიაში ხელისუფლების უსაფუძვლო შეჭრამ, ფინანსური პრობლემები შეუქმნა "ბადაგონს". თუმცა ჯანჯღავას იმდენად უყვარდა კომპანია, რომ მაქსიმალურად ცდილობდა მის შესანარჩუნებლად ფინანსური წყაროების მოძიებას. ის იმ დროს რუსეთში მუშაობდა. 2010 წლიდან რუსეთშიც შეექმნა ფინანსური პრობლემები, ამიტომ "ბადაგონის" გადასარჩენად საკუთარი ფულის საქმეში ჩადებას ვეღარ ახერხებდა, მით უმეტეს, რომ 20 მილიონი უკვე ჰქონდა ჩადებული.იმისათვის, რომ საწარმოს მუშაობა გაეგრძელებინა, "ბადაგონის" ქონება იპოთეკით დაიტვირთა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. საბოლოოდ, პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ კომპანიაში არსებული წილებიც ფინანსური ვალდებულებებით დაეტვირთათ. სწორედ ამ დროს შესთავაზა კომპანიის დირექტორმა სალაყაიამ ჯანჯღავასა და უბილავას, "ბადაგონის" 100%-იანი წილი ფორმალურად მის სახელზე გადაეფორმებინათ.

- რა არგუმენტი ჰქონდა სალაყაიას ისეთი, რომ პარტნიორებმა მისთვის 100%-იანი წილის გადაფორმება ყოველგვარი მოსალოდნელი რისკის გათვალისწინების გარეშე გადაწყვიტეს?

- სალაყაიას არგუმენტით, ქართული ბანკები კომპანიის წილების მფლობელებისა და პარტნიორების საქმიანობით დაინტერესდებოდნენ და იმის გამო, რომ ჯანჯღავა რუსეთის მოქალაქე იყო და იქ საქმიანობდა, თან რუსეთში ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა, შესაძლოა ბანკს დაფინანსებაზე უარი ეთქვა. ამიტომ სალაყაიამ პარტნიორებს უთხრა - გამიფორმეთ სრულად წილი მე, საქართველოს მოქალაქეს, თქვენ პარტნიორებად აღარ დაფიქსირდებით, ბანკი კრედიტს მოგვცემს, კომპანიას გადავარჩენთ და როდესაც კომპანიის პრობლემებს მოვაგვარებთ, ჩვენ, მეგობრები, წილების კუთხით კომპანიაში ისევ საწყის პოზიციებს დავუბრუნდებითო. ჯანჯღავა და უბილავა იმდენად ენდობოდნენ თავიანთ მეგობარს, რომ მის წინადადებაში ეჭვი არ შეჰპარვიათ და 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ კომპანიის 100%-იანი წილი გადაუფორმეს სალაყაიას. შესაბამისი დოკუმენტი ჩვენ გამოძიებას უკვე წარვუდგინეთ. აბსოლუტურად ალოგიკურია, რომ პარტნიორმა, რომელმაც 20 მილიონის ინვესტიცია ჩადო "ბადაგონში", დირექტორს 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ 100%-იანი წილი გადაუფორმა, ცხადია, ეს იყო მხოლოდ ფორმალური შეთანხმების ნაწილი. ეს 2015 წელს მოხდა. 2016 წელს, როდესაც კომპანიაში ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, პარტნიორებმა დაიწყეს საუბარი გიორგი სალაყაიასთან წილების აღდგენის თაობაზე, თუმცა, მაშინ სალაყაიას ისევ ჰქონდა არგუმენტი - წილები ჯერ კიდევ ბანკის საკუთრებაშია, შესაბამისად, ახლა არა აქვს აზრი წილების დაბრუნებასო. 2017 წლის ოქტომბერში ისევ შეიკრიბნენ მეგობრები საკითხის გადასაჭრელად, რომლის დროსაც გიორგი სალაყაიამ განაცხადა, რომ 100%-იანი წილი მისი საკუთრებაა და არაფრის დაბრუნებას არ აპირებდა. ამის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში, ჯანჯღავამ და უბილავამ საგამოძიებო სამსახურს წილების მითვისების საქმეზე მიმართეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო მოკვლევა, დაიკითხნენ პირები და მიმდინარე წლის იანვარში მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. სწორედ ამიტომ შევიდა კომპანიაში ფინანსური პოლიცია.

- გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიის ხელში ჩაგდება კონკრეტულ პირებს სურთ და ამას უკავშირდება "ბადაგონში" საგამოძიებო სამსახურის შესვლა...

- გიორგი სალაყაია მსგავსი განცხადებებით ცდილობს პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანოს დავა, თუმცა არ პასუხობს მთავარ შეკითხვას, ვინ განახორციელა 20-მილიონი დოლარის ინვესტიცია "ბადაგონში" და რამდენად ლოგიკურია, რომ 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ მან 100%-იანი წილი მიიღო? ხომ აბსურდული და ალოგიკურია, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას, რომელმაც 20 მილიონი ჩადო საქმეში, კომპანიაში 0%-იანი წილი აქვს, გიორგი სალაყაია კი, რომელსაც არც ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია კომპანიაში, 100%-ის მფლობელია. ახლა სალაყაია, რომელსაც სწორედ ჯანჯღავამ დააწყებინა მუშაობა "ბადაგონში" და რომელსაც შვილი მოანათვლინა, ამბობს, მოიკითხეთ, როგორ იშოვა რუსეთის ფედერაციაში ფულიო. ეს ფული მაშინ არ აწუხებდა, როდესაც როგორც დირექტორი ხელფასად სოლიდურ თანხას იღებდა, ან როდესაც პარტნიორებისგან 19% საჩუქრად მიიღო? სალაყაია ცდილობს ასეთი ინსინუაციებით დრო მოიგოს და თაღლითურად შეინარჩუნოს მეგობრების ნდობით მიღებული წილები. დღეს აღარ არის ის დრო, როდესაც ბიზნესმენებს წილებს ღამღამობით ართმევდნენ და შემდეგ ბიზნესმენები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. თუ სალაყაია მართალია, მას საამისოდ აქვს აბსოლუტურად თავისუფალი სამართლებრივი სიბრტყე და დაგვიმტკიცოს, როგორ გახდა 100%-იანი წილის მფლობელი ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე. ის, რომ სალაყაია პროვოკაციაზე მიდის, იმითაც ჩანს, რომ კომპანიის მუშაობა შეაჩერა, არადა, ამის საფუძველი არ არსებობდა, რადგან ფინანსურმა პოლიციამ დოკუმენტების ასლები გამოიტანა შენობიდან, სხვა მხრივ კომპანიას პრობლემა არ შეჰქმნია. გამოძიებას აქვს მოწმეთა ჩვენებები, შესაბამისი დოკუმენტაცია და მოვუწოდებ, მშვიდად შეხვდეს ყოფილი მეგობრების აბსოლუტურად სამართლიან მოთხოვნას.

"ფინანსურმა პოლიციამ ვანდალური აქტი ჩაიდინა"

"კვირის პალიტრა" გიორგი სალაყაიას ადვოკატს, ზაზა ხატიაშვილს დაუკავშირდა: - ფინანსურმა პოლიციამ ჩაიდინა ვანდალური აქტი, როდესაც მოქალაქე ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე, რომელსაც არა აქვს კავშირი კომპანია "ბადაგონთან", რადგან მისგან წილი სალაყაიამ წლების წინ შეისყიდა, შეიჭრა კომპანიაში და ყველა იმ დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო, რომელსაც ორ პირს შორის დავასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა აქვს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც წილებზე დავას არ განიხილავდეს საქალაქო სასამართლო და პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციით იწყებოდეს გამოძიება. ბუნებრივია, ეს არ მოხდებოდა, კონკრეტული პირების დაკვეთას რომ არ ასრულებდეს ფინანსური პოლიცია.

- გაქვთ მტკიცებულებები, რომ ფინანსური პოლიცია კონკრეტული პირების დაკვეთას ასრულებს?

- როდესაც სასამართლოში შევა სარჩელი, შესაბამის მტკიცებულებებსაც დავდებთ და პასუხსაც გავცემთ ნებისმიერ პირს.

- რაც შეეხება სალაყაიასთვის დასმულ ჯანჯღავას მთავარ შეკითხვას: როგორ მოხდა, რომ ინვესტორი, რომელმაც 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში, არ ფლობს დღეს წილს "ბადაგონში", გიორგი სალაყაია კი 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ გახდა 100%-იანი წილის მფლობელი?

- ჯანჯღავას არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება, ჩვენ კი გვაქვს აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რომელიც წილის შესყიდვის კანონიერებას დაადგენს. ვინმე ვლადიმერ ჯანჯღავა ნასყიდობის ხელშეკრულებებში არ ფიგურირებს. წილების გამყიდველ "გრაკოროს" რაიმე სახის მოთხოვნა გიორგი სალაყაიას მიმართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ დაუფიქსირებია. ასევე, სიცრუეა გიორგი სალაყაიასა და ვლადიმერ ჯანჯღავას ზეპირი შეთანხმება წილის შემდეგში დაბრუნების შესახებ და ჩვენ ამას დავამტკიცებთ.

რას პასუხობს საგამოძიებო სამსახური სალაყაიას ადვოკატს

"მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს "ბადაგონიდან" 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ლ თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, "ბადაგონის"" სათავო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასა და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე)... ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს "ბადაგონში" არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე. რა დროსაც კომპანია "ბადაგონის" წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია. ხსენებულ საგამოძიებო მოქმედებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა შპს "ბადაგონის" საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხებისა და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

რუსუდან შელია