"ეს არის პოლიტიკური საქმე და უდანაშაულო ადამიანს სწირავენ"
"ეს არის პოლიტიკური საქმე და უდანაშაულო ადამიანს სწირავენ"
"მუსტაფა იმედიანადაა განწყობილი, ამბობს, ჩემს გასავლელ გზას გავივლი და სამართალი მაინც აღსრულდებაო"

ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით იძებნება და იგი საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.

საექსტრადიციო პროცედურებთან ერთად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში, მუსტაფა ემრე ჩაბუქის
მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობდა საქმის წარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაზეც მენეჯერს უარი ეთქვა. ამდენად, ექსტრადიციის შემაფერხებელი გარემოება დღეს აღარ არსებობს.

- რა აქვს ხელთ თურქეთის მხარეს ისეთი, რასაც საქართველოს პროკურატურა დაეყრდნო და რაც ამ შუამდგომლობის საფუძველი გახდა, - ამ კითხვით ჩაბუქის მეგობარს,
მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ საფეთ ბაირაქთუთანის მივმართეთ:

- არაფერი. ბატონი მუსტაფა საქართველოში არის დემირელის კოლეჯის დამფუძნებლის ნდობით აღჭურვილი პირი და დაქირავებული ადამიანი. მისმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დემირელის წილების ნაწილი ამერიკული კომპანიისთვის გადაეცათ. ერთი მხარეა ამერიკა, მეორე - გერმანია. გერმანელმა, რომელიც დემირელის კოლეჯის უდიდესი წილის მფლობელია, გადაწყვიტა, თავისი წილი ამერიკული საგანმანათლებლო კომპანიისთვის გადაეცა და ამის მოგვარება დაავალა დაქირავებულ პირს, ანუ ბატონ მუსტაფას. იგი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. მან მიმართა საჯარო რეესტრს და არასაკმარისი დოკუმენტების გამო წილები არც გასხვისებულა.

თურქეთის პროკურატურა წერს, რომ მუსტაფა ტერორისტულ ორგანიზაციებს წილების გასხვისებაში უწყობდა ხელს, კერძოდ, მას ამერიკაში მოქმედი ბიზნესმენის - ფეთჰულაჰ გიულენის მხარდამჭერად და მისი ბრძანების შემსრულებლად მიიჩნევენ. რომელი ბრძანება შეასრულა? მუსტაფას გარდა არავის - არც ამერიკულ კომპანიას, არც გერმანელ პარტნიორებს პრობლემა არ აქვს, ჯოხს ამ ადამიანზე ტეხენ. არაფრით დასტურდება, რომ ეს ორგანიზაციები - მყიდველიც და გამყიდველიც - ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდნენ. საქმეში არც იმის მტკიცებულებაა, რომ მუსტაფა ჩაბუქი ტერორიზმის ხელშემწყობია. ეს არის პოლიტიკური საქმე და უდანაშაულო ადამიანს სწირავენ.

თუბა ჩაბუქი, ბრალდებულის მეუღლე:

- ევროპარლამენტარები ჩამოდიან საქართველოში, მათ მეც შევხვდები. მოგვიანებით მეორე ჯგუფი ჩამოვა, სავარაუდოდ, მუსტაფასაც მოინახულებენ. ჩემს მეუღლეს არნახული მხარდაჭერა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მუსტაფა იმედიანადაა განწყობილი, ამბობს, ჩემს გასავლელ გზას გავივლი და სამართალი მაინც აღსრულდებაო.
ტელევიზიიდან ყველა მცნობს და როცა თბილისში დავდივარ, უცნობი ადამიანები პატივისცემით მექცევიან. ეს გულს სითბოთი მივსებს. მართალია, ლტოლვილთა სამინისტრომ არ მოგვცა თავშესაფარი, მაგრამ ქართველი ხალხისგან თავშესაფარი ჩვენ უკვე გვაქვს.

სოსო ბარათაშვილი, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი:

- 19 თებერვალს დანიშნულია სასამართლო სხდომა, რომელიც განიხილავს პროკურატურის შუამდგომლობას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე. სხდომაზე წარვადგენთ წერილობით პოზიციას, რომელიც იქნება ვრცელი და მტკიცებულებებით სავსე. მათ შორის იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია.
იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ უფლება გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შვიდი დღის განმავლობაში გავასაჩივროთ უზენაეს სასამართლოში. თუ პროკურატურის შუამდგომლობა დასაშვებად იქნება ცნობილი, იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება, მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი განკარგულებას ჩაბუქის ექტრადიციის თაობაზე. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მექანიზმი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ამ ორგანოსთვისაც მომზადებულია შუამდგომლობა. როდესაც საჩივარს უზენაეს სასამართლოში შევიტანთ, გავგზავნით შუამდგომლობას სტრასბურგშიც, რათა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, შეჩერდეს ჩაბუქის ექსტრადიცია. ევროსასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს ამ შუამდგომლობას და გაგვცემს პასუხს.

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუსაბუთებელ და უსამართლო გადაწყვეტილებას და ადამიანის გაგზავნას იმ ქვეყანაში, სადაც მას წამება ემუქრება.

- ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამტკიცებს, თითქოს არსებობს გარანტია, რომ ჩაბუქის უფლებები არ დაირღვევა.

- თურქეთის მხარემ საქართველოს პროკურატურას გამოუგზავნა საგარანტიო წერილი. ისინი ირწმუნებიან, რომ მუსტაფა ჩაბუქს თურქეთში არ მოელის წამება, მაგრამ ამის საპირისპიროდ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ თურქეთში ირღვევა ადამიანის უფლებები და ეს დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ასე რომ, ამგვარი საგარანტიო წერილები სანდო არ არის.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები