"დოდო საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და მას ხვდება პისტოლეტით ადამიანი"- როგორ აღწერა თავდასხმის ეპიზოდი გუგეშაშვილმა? - კვირის პალიტრა

"დოდო საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და მას ხვდება პისტოლეტით ადამიანი"- როგორ აღწერა თავდასხმის ეპიზოდი გუგეშაშვილმა?

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა საავადმყოფოში დაკითხვის დროს მასსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდი აღწერა.

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ნიკოლაიშვილმა განუცხადა, დოდო გუგეშაშვილის სახლში თავდამსხმელი პირი ჩვეულებრივად შევიდა, თავდასხმამდე ესაუბრა დოდო გუგეშაშვილს, ამის შემდეგ კი ცოტა ხანში განახორციელა გასროლა. ადვოკატის განმარტებით, თავდამსხმელი არის დაქირავებული ქილერი, რომელსაც დოდო გუგეშაშვილი მანამდეც იცნობდა, თუმცა არა როგორც ქილერს, არამედ როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს.

"დოდო გუგეშაშვილმა აღწერა, რაც მოხდა, ამიტომ მე მხოლოდ ფაქტებს გეტყვით. როდესაც ის მკვლელი მივიდა სახლში, ჩვეულებრივად შევიდა, ასევე ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა, დოდოს შვილს ეძინა, ეს იყო დილის დაახლოებით 10.00 საათი. ამ საუბრის შემდეგ დოდო გადის სამზარეულოს გავლით, საწოლ ოთახში, საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და ამ დროს მას ხვდება შემართული პისტოლეტით ეს ადამიანი, რომელსაც გაკვირვებული დოდო ეუბნება, რას შვრები შე გარეწარო. ამ დროს ის ისვრის და დოდომ სკამის სროლა მოასწრო. როგორც ჩანს ის გადაარჩინა იმან, რომ როგორც გამომძიებლები ამბობენ, სამი ე.წ. ასეჩკა მისცა. ამას ტყვიების ანალიზით ადგენენ. ამ დროს კი დოდო ყვირის - ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია. მას ჰგონია, რომ ნოდარი გარეთ არის გაქცეული და ეს დაჭრილი გამორბის გარეთ", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რა ვითარებაში გაიცნო დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული ქილერი, ადვოკატი განმარტავს, რომ დოდო გუგეშაშვილმა არ იცოდა, რომ თავდამსხმელი ქილერი იყო. "მე რომ თქვენ გიცნობდეთ და ამ დროს ქილერი აღმოვჩნდე, ამ ვითარებაშია გაცნობილი", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკითხვის პროცესს ესწრებოდა კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ნიკოლეიშვილი, ასევე გამომძიებლები. დაკითხვის პროცესს დოდო გუგეშაშვილის მოთხოვნით ესწრებოდა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

იხილეთ: "დოდო გუგეშაშვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, რომელიც მას მიუგზავნეს"

"ინტერპრესნიუსი"