"დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა" - კვირის პალიტრა

"დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა"

დოდო გუგეშაშვილის მეგობარ დავით მუხიგულს ეჭვი ეპარება იმ ვერსიის სისწორეში, რომ გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა.

ამის შესახებ დავით მუხიგულმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დავით მუხიგულისთვის უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს.

"დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა. რა მოხდა არ ვიცი, აგონიაში ვარ, არ ვიცი რა მოხდება ხვალ და ზეგ, დოდოს ჯანმრთელობას რა მოუვა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რა ბიზნესი? ფული რომ ჰქონოდა ბინაც ექნებოდა, სახლიც და კარიც“, - განაცხადა დავით მუხიგულმა.

დოდო გუგეშაშვილის მეგობარს არ აქვს ასევე ვერსია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელი.

ამასთან, მუხიგულმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ სავარაუდოდ, ხვალ მეგობრები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, მამა ლევანთან ერთად შეიკრიბებიან და ერთად აცნობებენ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების ფაქტს.

ამასთან, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო.

იხილეთ: "დოდო საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და მას ხვდება პისტოლეტით ადამიანი"- როგორ აღწერა თავდასხმის ეპიზოდი გუგეშაშვილმა?

"ინტერპრესნიუსი"