"ბანდის წევრების მტკიცებით, მათ ქალი შემოაკვდათ" - რისთვის მიუსაჯეს 5 ქართველს საბერძნეთში სამუდამო პატიმრობა?!
"ბანდის წევრების მტკიცებით, მათ ქალი შემოაკვდათ" - რისთვის მიუსაჯეს 5 ქართველს საბერძნეთში სამუდამო პატიმრობა?!
9 თებერვალს საბერძნეთის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქართველთა დანაშაულებრივ ჯგუფს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა. მათ ბრალი ყაჩაღობასა და ჯგუფურად ჩადენილ სასტიკ მკვლელობაში ედებათ. 2012 წლის აპრილში, საბერძნეთის ქალაქ იოანნინაში, საკუთარ ბინაში დაყაჩაღების მიზნით შესულმა ქართველებმა წამებით მოკლეს 68 წლის ქალბატონი ერრიკეტი დუვლისისი.

ეს ამ საქმის სააპელაციო განხილვა გახლდათ, მანამდე პირველი ინსტანციის სასამართლომ ექვსკაციანი დაჯგუფება დამნაშავედ სცნო და ყველა მათგანს (რომელთაგან ერთი გაქცეულია და იძებნება) სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ქართველების დანაშაულებრივი სქემა ასეთი იყო:
თითქოსდა ბინის დაქირავების მოსურნე ორმა ქართველმა მამაკაცმა თარჯიმანი ქალის მეშვეობით შეაღწია მოხუცი ბერძენი ცოლ-ქმრის ბინაში, სადაც მათ ორი სეიფი ეგულებოდათ დიდი ფულადი თანხითა და ძვირფასეულობით.

როგორც ამბობენ, ზოგადად ქართველი კრიმინალები მსგავსი სქემით ხშირად "მუშაობენ", რაც ბერძენი სამართალდამცველებისთვის უკვე გაშიფრულია და კარგად ნაცნობი ხელწერაა.


მოხუცმა ქალბატონმა
დამყაჩაღებლებს წინააღმდეგობა გაუწია, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბრალდებულებს შორის არის ცოლ-ქმარი სიმონ კარანაძე და ხათუნა გოგსაძე, რომელთაც გამოძიება თანამონაწილეობასა და დანაშაულის იდეურ მხარდაჭერას ედავებოდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბრალდების მტკიცებით, დამყაჩაღებლებს მათ "მისცეს საქმე". ისინი მოხუც ცოლ-ქმარს საოჯახო საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდნენ. ბერძენ ადვოკატებთან ერთად საქართველოდან საქმეში ჩაერთო ადვოკატი თემურ გოგსაძე, რომელიც ხათუნა გოგსაძის ინტერესებს იცავდა. მისი მტკიცებით, საქმეში ვარაუდების გარდა, წყვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მათ არც დანაშაულის მონაწილეები ადებდნენ ხელს, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა მხოლოდ ქალის ხათუნა გოგსაძის შემთხვევაში ნაწილობრივ გაითვალისწინეს დაცვის არგუმენტები და ქალს სამუდამო პატიმრობა 21-წლიანი მსჯავრით შეუცვალეს.

თემურ გოგსაძე, ხათუნა გოგსაძის ადვოკატი:

"ევროპელ ექსპერტებთან ერთად საფუძვლიანად შევისწავლე ეს საქმე და დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი ამ ცოლ-ქმრის უდანაშაულობაში, მათ დაცვას ხელს არ მოვკიდებდი. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს ქართველები უცხოეთში ძალიან ცუდად იქცევიან, კრიმინალის ფაქტები გახშირდა და ასეთების ქმედებები სხვებსაც სახელს უტეხავენ, უკვე ძნელია სამართალდამცველების გადარწმუნება, რომ ყველა ქართველი კრიმინალი არ არის, მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი.

ჩვენი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ საქმეში არის ისეთი ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ხათუნა გოგსაძის უდანაშაულობას და არ არსებობს ამ ფაქტების საწინააღმდეგო მყარი მტკიცებულებები.

ბრალდების მტკიცებით, ისინი ათენში წავიდნენ მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად და შეხვდნენ დანაშაულებრივი ბანდის წევრებს, რაც არაფრით დასტურდება. ის ბრალდებულებიც, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ, უარყოფენ ცოლ-ქმრის საქმეში თანამონაწილეობას. მათ ბრალი დანაშაულის იდეურ მხარდაჭერაში ედებათ - თითქოს ერრიკეტი დუვლისისის ძარცვა-მკვლელობის საქმე მათ მისცეს დანარჩენ მონაწილეებს. უარყოფილი იქნა მათი ყველა ალიბი, რომლებიც თითქოსდა, წინასწარ იყო მოფიქრებული...

მხოლოდ აწგარდაცვლილი ქალბატონის ერთ-ერთი ვაჟი გამოთქვამს ვარაუდს, ცოლ-ქმრის დანაშაულში მონაწილეობაზე.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სიმონ კარანაძე და ხათუნა გოგსაძე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საბერძნეთში და მუშაობდნენ აწ გარდაცვლილ ქალბატონთან, რომელსაც ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე ჰყავდა. სიმონი და ხათუნა მათ საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ და მათ შესანიშნავი, თითქმის დედაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ. ქალბატონის ვაჟებიც მეგობრობდნენ ქართველ წყვილთან და ნათელმირონობასაც აპირებდნენ - ერთ-ერთ ვაჟს ხათუნას შვილი უნდა მოენათლა. სასამართლომ განავითარა ვერსია, თითქოს ხათუნა გოგსაძემ გაუკეთა დანაშაულს ორგანიზება, თუმცა ამ ადამიანების ჯგუფის წევრებთან შეხვედრა არაფრით დასტურდება, ყაჩაღობის დღეს კი სიმონი და ხათუნა შვილთან ერთად ათენში იმყოფებოდნენ".

გამოძიების მასალების მიხედვით, მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ერრიკეტ დუვლისისის ვაჟებმა რემონტი გააკეთებინეს სიმონ კარანაძეს და ჯ.გ-ს, რომლებმაც სამუშაოების დროს დაადგინეს, რომ სახლში იყო ორი - დიდი და პატარა სეიფი, რომელთაგან ერთში ინახებოდა სერიოზული ფულადი თანხა (დაახლოებით 30 000 ევრო) და ძვირფასეულობა, ხოლო მეორეში ოჯახისთვის სხვადასხვა საჭირო დოკუმენტები. ჯ.გ დანაშაულს აღიარებს, ხოლო კარანაძე-გოგსაძის დანაშაულში მონაწილეობას სრულიად გამორიცხავს.
ამ ორის გარდა, დანაშაულს არ აღიარებს მეორე ბრალდებული ქალბატონიც - თამარი, რომელიც დამყაჩაღებლებს შემთხვევის ადგილას თარჯიმნად ჰყავდათ წაყვანილი, თუმცა მის შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი სასჯელი არ შეცვლილა. 

სეიფების გასაღებები ვაჟიშვილებმა დედას ადრე გამოართვეს და როგორც ადვოკატი ამბობს, ხათუნა გოგსაძემ იცოდა, რომ გასაღებები სახლში არ ინახებოდა (შესაბამისად, ის თანამემამულეებს საქმეს ვერ მისცემდა).
დამყაჩაღებლებმა სეიფებიდან ფულისა და ძვირფასეულობის გატანა ვერ შეძლეს, ბინიდან მხოლოდ 700 ევრო, 2 ოქროს მონეტა და ქალბატონის კუთვნილი ოქროს სამკაულები წაიღეს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს მოხუც ქალბატონზე, რომელმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და ამასობაში შემოაკვდათ კიდეც. როგორც თავად ბანდის წევრები ამბობენ, მათ მოხუცის მოკვლა არ ჰქონდათ განზრახული და მისგან მხოლოდ სეიფის გასაღებების გამოძალვას ცდილობდნენ. ვინაიდან ქალბატონმა ამაზე უარი თქვა, მას ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით გაუკრეს, შემდეგ კი იმავე "სკოტჩით" აუკრეს პირი და ნაცემი პირქვე დააგდეს. როგორც ირკვევა, ქალბატონმა მომხდურებს დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. დამნაშავეებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა ლოგინად ჩავარდნილი დუვლისისის უმწეო ქმარი და ის უვნებელი გადარჩა, თუმცა ამ ფაქტიდან 55-ე დღეს ისიც გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად,"ნაცემ ქალბატონს გატეხილი ჰქონდა ცხვირი და ენისქვეშა ძვალი, აღენიშნებოდა დალურჯებებიც, მას პირი წებოვანი ლენტით აუკრეს და გულაღმა მდგომარეობაში ასფიქსიითა და მოხრჩობით ძლიერი ზეწოლისგან გარდაიცვალა".

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)

(((((
15 თებერვალი 2018 12:37
აბა ქართველის დაჭერა იქნებოდა? ,,შემოაკვდა,, ძალით ხომ არ უნდოდა? ე.ი. გამოსაშვებები არიან.!!!! სოლიდარობა ქართველ კრიმინალებს!!!!
მზირალი
15 თებერვალი 2018 10:46
ასეა თუ ისეა ყველასთვის ეს იყოს მაგალითი.
nino
15 თებერვალი 2018 03:13
vai vai kuro nu gaigoneb da tvalo nu dainaxav am sashinelebas

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები