"პატიმარი საკანში ყელგამოჭრილი ნახეს" - რა მოხდა გლდანის ციხეში? - კვირის პალიტრა

"პატიმარი საკანში ყელგამოჭრილი ნახეს" - რა მოხდა გლდანის ციხეში?

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ზომას უნდა მიმართოს მის გადასარჩენად.

"როგორც პატიმარის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.

პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად. ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაჭრილი პატიმრის ძმა, თამაზ ჩოფიკაშვილი გამორიცხავს ვერსიას, თითქოს მის ძმას საპატიმროში სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

როგორც მან ღუდუშაურის კლინიკასთან ჟურნალისტებს განუცხადა, იარაღი, რომლითაც მის ძმას ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაპოვნი არ არის. მისივე განმარტებით, მის ძმას ჭრილობები ყელის არეში აღენიშნება. თამაზ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, მისი ძმა ამ დროისთვის კომატოზურ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება მომხდარის მოტივს, პატიმრის ძმა ვერსიებზე ვერ საუბრობს. ოჯახი მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.

"იარაღი ნაპოვნი არ არის, ამიტომ, თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახი გამოვრიცხავთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით ვერსიებს ვერ გეტყვით. არ ვიცი ყველაფერი შეიძლება რომ ვივარაუდოთ. ბოლო კონტაქტი ხუთშაბათს მქონდა და პარასკევს უნდა მენახა. ნახვის თაობაზე პარასკევისთვის განცხადება დავწერე და შაბათს კი ეს ამბავი მოხდა. ამბობენ, რომ შაბათს ღამე მოხდა ეს ამბავი. ასევე მითხრეს, რომ საძილე არტერია აქვს გადაჭრილი, რამდენიმე დღეა კომაშია. გამოძიება ნორმალურად უნდა ჩატარდეს, იმისთვის, რომ სიტუაციაში გავერკვეთ. ასევე მოვითხოვთ სათანადო ყურადღებას, რომ სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს", - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

იხილეთ: "თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით" - რას აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევაზე?

"ინტერპრესნიუსი"