"დილით ხილ-ბოსტნეულის შესაძენად მიდიოდა, თავდამსხმელმა ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ, ესროლა" - კვირის პალიტრა

"დილით ხილ-ბოსტნეულის შესაძენად მიდიოდა, თავდამსხმელმა ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ, ესროლა"

თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან 38 წლის ნოდარ ვარძელაშვილი დაჭრეს. მათივე ცნობით, თავდამსხმელი დაჭრილისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც ჯერ ჩხუბი, შემდეგ კი გასროლა მოჰყვა.

"კურიერის" ცნობით, მძიმედ დაჭრილ მამაკაცს ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ნოდარ ვარძელაშვილის ნათესავები ამბობენ, რომ გარემოვაჭრე ვარძელაშვილს, რომელიც დილით ხილ-ბოსტნეულის შესაძენად მიდიოდა, პირი დახვდა, რომელმაც ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ესროლა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეომა მძიმეა. ის გადაყვანილია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.